სახის ნერვის პერიფერიული პარეზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახის ნერვის პერიფერიული პარეზი (ფაციალისი) — სახის დამბლის, პარეზის, მიზეზი შეიძლება გახდეს VII წყვილი ნერვის დაზიანება ღეროს დონეზე ან სახის ნერვის ტრაექტორიის დონეზე, პონტო-ცერებელურ, კლდოვან ან ყბაყურა ჯირკვლის ზონებში.

სახის ნერვის პარეზის ტოპოგრაფიული სქემა

ამ ტრაექტორიაზე ნერვის დაზიანების მიზეზი შესაძლებელია იყოს:

— ტრავმა, ძირითადად, ქალა-ფუძის კლდოვანი ნაწილის დაზიანება. შესაძლოა სახის მიდამოს დაზიანებამ VII ნერვის ტოტების გაგლეჯა გამოიწვიოს;
— სიმსივნე, რომელიც ძირითადად, ტვინის ღეროს კლდოვან ნაწილსა და ყბაყურა ჯირკვლის ადგილას ვითარდება;
— ოტოგენური;
— ჰერპეს ვირუსით გამოწვეული;
— სარკოიდოზი;
— ბელის ფაციალისი ანუ მიზეზის გარეშე განვითარებული პარეზი.

სახის ნერვის პარეზის ხარისხი შეიძლება მერყეობდეს სახის მცირე ასიმეტრიიდან დაწყებული, სახის ნერვის ტოტალურ პარეზამდე.

სარჩევი

სახის ნერვის პარეზის სიმსივნური ეტიოლოგიის შემთხვევაში

სახის ნერვის პარეზის სიმსივნური ეტიოლოგიის შემთხვევაში, პარეზი, როგორც წესი, პროგრესულად ვითარდება. თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს ამ ეტიოლოგიის პარეზები უეცარი ფაციალისის დროსაც.

სიმსივნოვანი პარეზების შემთხვევაში, აუცილებელია ახალწარმონაქმნის მოძიება – ღეროდან დაწყებული, ყბაყურა ჯირკვლის მიდამოთი დამთავრებული.

როდესაც საქმე ავთვისებიან ტუმორთან გვაქვს, მაშინ მკურნალობა რადიკალურ რეზექციაში გამოიხატება და ესთეტიკურ მხარეზე ფიქრი მეორე პლანზე გადადის.

ოტოგენური პარეზები

ოტოგენური პარეზები, როგორც წესი, ქრონიკული ქოლესტეატომური ან ტუბერკულოზური დაავადების დროს ვლინდება, როდესაც პათოლოგიური ქსოვილი იწვევს ნერვზე ზეწოლას ან მის უზურაციას.

მწვავე ანთებითი ოტიტების დროს, ნერვის კომპრესიის მკურნალობა, როგორც წესი, მედიკამენტოზურია. თუმცა, თუ ამან შედეგი არ გამოიღო, ნაჩვენებია ნერვის დეკომპრესია და მასტოიდექტომია.


NOTA BENE
  • სახის ნერვის პარეზით გართულებული ოტიტი, ქოლესტეატომური თუ ჩირქოვანი, სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს ნერვის დეკომპრესიის მიზნით;
  • თუ ქოლესტეატომა არ არის კომპრესიის მიზეზი, საჭიროა ტუბერკულოზური ეტიოლოგიის მოკვლევა, განსაკუთრებით, თუ ამ პროცესებს თან ახლავს ვერტიგო;
  • გარეთა სასმენი მილის ანთების დროს განვითარებული პარეზი, გარეთა ავთვისებიანი ოტიტის დიფ. დიაგნოსტიკას მოითხოვს;

ვირუსული ეტიოლოგიის პარეზები

ვირუსული ეტიოლოგიის პარეზების დიაგნოსტიკა მარტივია, რადგანაც, როგორც წესი, მას თან სდევს ყურის ნიჟარაზე ჰერპესული ხასიათის გამონაყარი.

ამ ეტიოლოგიაზე ასევე, მიუთითებს ფებრილიტეტი და ვესტიბულარული ნიშნებიც.

როდესაც ვირუსული ეტიოლოგია დადასტურებულია, ძირითადი მკურნალობა ხდება აციკლოვირით თუმცა, შესაძლოა კორტიკოსტეროიდების გამოყენებაც.

იდიოპათიული ანუ Bell-ის ფაციალისი

იდიოპათიული ანუ Bell-ის ფაციალისი უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი პარეზები. მისი კლინიკა მარტივია და ხშირად მოჰყვება გრიპოზულ სინდრომს ან გაციებას. პარეზის განვითარება ერთ-ორ დღეში ხდება. როგორც წესი, 2-3 კვირაში ხდება მისი სპონტანური განკურნება. თუმცა, უპრიანია, კორტიკოიდების და ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება. თუ ერთი თვის თავზე პარეზი არ გადის, კუნთოვანი დისტროფიის შედეგები სახეზე ტოვებს კვალს. თან, პროგნოზიც უარესდება.


NOTA BENE

იდიოპათიური ფაციალისის დროს აუცილებელია:

  1. ოტოგენური ან ტუმორალური ეტიოლოგიის გარკვევა;
  2. კორტიკოთერაპიის დაწყება;
  3. ნევროლოგის მიერ პარეზის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  4. 3-თვიანი პერიოდის გავლის შემდეგ, მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში, ხელახალი კვლევების განხორციელება ტუმორალური ეტიოლოგიის გამოსარიცხად;
  5. უეცარი პარეზის შემთხვევაში, ტომოგრაფიის გაკეთება არაა უპრიანი, რადგანაც ამ დროს შესაძლოა ტუმორის ზომა შეუმჩნეველი იყოს, ნორმალურმა CT სურათმა დაგვაბნიოს და დაგვარწმუნოს სიმსივნის არარსებობაში;

მორეციდივე იდიოპათიური ფაციალისი

მორეციდივე იდიოპათიური ფაციალისი დაახლოებით, შემთხვევათა 5%-ში გვხვდება. მაგალითად, მელკერნსონ-როზენტალის სინდრომის დროს.

მორეციდივო ფაციალისის დროს, აუცილებელია დიაბეტის გამორიცხვა და რასაკვირველია, CT კვლევა სიმსივნოვანი ეტიოლოგიის გამოსარიცხად.

ორმხრივი ფაციალისი

ორმხრივი ფაციალისის შემთხვევები იგივე ეჭვებს ბადებს და შეიძლება შეგვხვდეს გილენ-ბარეს სინდრომის დროს. ასევე, მობიუსის სინდრომის დროსაც.

ახალშობილთა ფაციალი

ახალშობილთა ფაციალისი იშვიათი პათოლოგიაა და მისი ეტიოლოგიის გარკვევა უფრო ძნელია, რაც ასევე, აძნელებს მკურნალობის ტაქტიკის შერჩევას.

უნდა გამოირიცხოს თანდაყოლილი, მალფორმაციული ეტიოლოგია, მობიუსის სინდრომი (ცალმხრივი ან ორმხრივი ფაციალისი და VI ან სხვა ნერვების პარეზი). ამ შემთხვევაში, პარეზი მხოლოდ ტუჩების კუთხეებში იჩენს თავს.

თუ ეს ეტიოლოგია გამოირიცხა, მაშინ გვრჩება ტრავმული ეტიოლოგია. ანუ, თუ მკურნალობის მე-6 კვირას შედეგი არ გვაქვს, შესაძლოა ვიფიქროთ ქირურგიულ დეკომპრესიაზეც.

NOTA BENE

სახის ნერვის პარეზის მკურანლობის ძირითადი პრინციპები:

  • პარეზის ეტიოლოგიის მიუხედავად, აუცილებელია თვალის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, მისი დროებითი დაფარვა სათვალით ან, თუ ხელოვნური დატენიანება არ შველის და თვალი შრება, ბამბით ან ნახვევით;
  • კუნთოვანი ატროფიის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სახის კუნთების მასაჟი და ფიზიოთერაპია;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები