საქართველოს ეროვნული მუზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული მუზეუმი (დღევანდელი სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი) - საქართველოს ეროვნული მუზეუმი კავკასიის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა. მუზეუმის მშენებლობა 1910-1928 წლებში მიმდინარეობდა. 3.VI.1918 კავკასიის მუზეუმის დირექტორად ნოე ყიფიანი დაინიშნა, რომელიც ამავე მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1918 წ. მუშაობდა 19 ადამიანი. 1919 წლის იანვრიდან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მუზეუმის დებულების შემუშავება დაევალა.

1.IX.1919 საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო დეკრეტი „კავკასიის მუზეუმის გაუქმებისა და მის ნაცვლად საქართველოს მუზეუმის დაარსების“ შესახებ. ასევე დაამტკიცა „საქართველოს მუზეუმის“ დებულება. მუზეუმი აგროვებდა, აწესრიგებდა, ინახავდა და მეცნიერულად ამუშავებდა მასალებს, რაც საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს უკავშირდებოდა.

მუზეუმი შედგებოდა ხუთი განყოფილებისაგან: გეოლოგიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ისტორია-არქეოლოგიის. მუზეუმთან არსებობდა წიგნსაცავი. მუზეუმი ექვემდებარებოდა სახალხო განათლების სამინისტროს. მის მმართველობას სამეცნიერო საბჭო განაგებდა, რომელიც მუზეუმის დირექტორის, ხუთივე განყოფილების გამგეებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოსაგან არჩეული ხუთი წევრისაგან შედგებოდა.

1919 საქართველოს მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ დირექტორად ისევ ნ. ყიფიანი აირჩია. 1919 წლის სექტემბრიდან თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტ-მასწავლებლებიდან დაემატა ახალი თანამშრომლები. თანამშრომლებს მძიმე პირობებში უხდებოდათ მუშაობა. საქართველოს ეროვნულ არქივში არაერთი წერილი ინახება, სადაც მუზეუმის თანამშრომლები ექსპონატების მოსავლელი საშუალებების არქონას უჩიოდნენ და მთავრობისაგან დახმარებას ითხოვდნენ. 19.XII.1919 რესპუბლიკის მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი მუზეუმის შენობის დასამთავრებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. გამოიყო 5.500000 მანეთი. 1919-1920 წლებში საჭირო ნივთების შესაძენად, სახალხო განათლების სამინისტროდან 104.800 მანეთი გამოიყო. სამეცნიერო ხარჯებისათვის ყოველთვიურად - 3.333, საგამომცემლო საქმისთვის - 3750 და საოჯახოსათვის - 1250 მანეთი გამოიყო. ამ თანხებით მოხერხდა როგორც ექსპედიციების მოწყობა, ისე უცხოელი სპეციალისტების მოწვევა.

1919 დაისვა გაბნეული სამუზეუმო ნივთების მოძიებისა და შეძენის საკითხი. 1920 წლის აპრილში დაარსდა ფონდი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების შესაძენად. 28.V.1920 გამოქვეყნდა დეკრეტი „კულტურული მემკვიდრეობის“ ქვეყნიდან გატანის აკრძალვასთან დაკავშირებით. დაიწყო მეცნიერული კვლევების გამოქვეყნება მუზეუმის პერიოდულ გამოცემებში, რომლის ხელმძღვანელობა ჯერ გ. ჩუბინაშვილს დაევალა, შემდეგ კი - გ. ჩიტაიას.

1920 წლიდან დაიწყო ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლების შეკეთება-მოვლაზე ზრუნვა. შეიქმნა საბჭო, გ. ჩუბინაშვილისა და ინჟინრების ნ. სევეროვისა და ა. კალგინის შემადგენლობით. საქართველოს მთავრობის ჩარევით, მუზეუმთან დაკავშირებული ორი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა, ყოფილი კავკასიის მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ბ. ტერ-ავეტისიანი ძვირფასი ექსპონანტების მიყიდვას აპირებდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებისათვის. ასევე, კავკასიის მუზეუმის საკუთრების, ბითლისის მონასტრის კარის გადაცემა სურდა ეჩმიაძინის ეკლესიის მუზეუმისათვის ამერ-იმერეთის სომხური გრიგორიანული ეკლესიის ეპარქიის ეპისკოპოსს. საბედნიეროდ, ექსპონატების გატანა ვერ მოხერხდა.

5.IV.1920, განათლების მინისტრის ინიციატივით, მუზეუმის შენობის გვერდით არსებული ქალთა გიმნაზიისა და სტამბის შენობები უნდა შეერთებოდა მუზეუმს და, ამავდროულად, უნდა დაეწყოთ შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მთავრობისა და მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს ერთობლივი მუშაობით უამრავი ნივთი შეემატა მუზეუმს, მოეწყო არაერთი ექსპედიცია და, ამავე დროს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებებთან კონტაქტი დამყარდა.

საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდანვე დიდი საფრთხე დაემუქრა სამუზეუმო განძეულობას. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ექსპონატები - ქუთაისში, შემდეგ - ბათუმში, ბოლოს კი საფრანგეთში გაეტანათ. განძის გატანას ექვთიმე თაყაიშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე იოსებ ელიგულაშვილი ხელმძღვანელობდნენ. განძეულობის 39 ყუთი 23 წლის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა.

1947 მუზეუმს აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელი ეწოდა.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • გ. ჩხაიძე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, თბ., 2003;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, თბ., 1990.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები