სინდრომი ასპერგერის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინდრომი ასპერგერის - (F84.5), (Asperger syndrome), დაუდგენელი ნოზოლოგიური ბუნების აშლილობა, რომელიც ბავშვობაში ვლინდება და ხასიათდება აუტიზმისათვის ტიპური სოციალური ურთიერთობების ხარისხობრივი დარღვევებით და შერწყმულია ინტერესებისა და საქმიანობის შეზღუდულ, სტერეოტიპულ და განმეორებად რეპერტუართან. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ეს მდგომარეობა პირველად აღწერა ასპერგერმა 1944 წელს. მისი ორიგინალური ნაშრომი გერმანულ ენაზე იყო. და შემდეგ ინგლისურად თარგნა ფრიტმა (Frith) 1991 წელს. ამ მდგომარეობაში მოიაზრებოდა აუტისტური ფსიქოპათიაც. ეს აშლილობა უფრო ხშირად გვხვდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. პირველი სამი წლის განმავლობაში ბავშვები ნორმალურად ვითარდებიან, ხოლო შემდეგ ურთიერთობები თანდათანობით ცივდება. ვითარდება სოციალური ქცევის ისეთივე დარღვევები, როგორიც აუტიზმის დროს. შეიძლება ადგილი ჰქონდეს სტერეოტიპულ და განმეორებად მოძრაობა-მოქმედებებს, რომლებსაც მოტორულ მანერიზმზე მეტად, რაღაცით ინტენსიურად დაინტერესების ფორმა აქვთ. აუტიზმისგან განსხვავებით, ასპერგერის სინდრომის დროს არ ვითარდება კოგნიტური ფუნქციებისა და მეტყველების გამოხატული დარღვევები, თუმცა, ავადმყოფს შეიძლება ახასიათებდეს მაღალფარდოვანი მეტყველება უჩვეულო ინტონაციით.

ასეთი პაციენტების საუბარი უფრო განმეორებად მონოლოგს ჰგავს, ვიდრე სოციალურ ურთიერთობას. ისინი ექსცენტრული, მარტოსული ადამიანები არიან და შეუძლიათ დიდი დრო საკუთარ ვიწრო ინტერესებს დაუთმონ. ბავშვების უმეტესობა ტლანქი და მოუქნელია. აუტისტი ბავშვებისგან განსხვავებით, მეტად იჩენენ სხვებთან ურთიერთობის სურვილს, მაგრამ მათი ურთიერთობები სიამოვნებასა და ინტერესს მოკლებულია. არ ჰყავთ მეგობრები.

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

გავრცელების სიხშირე დაუზუსტებელია და მონაცემები კვლევებში გამოყენებულ აშლილობის დეფინიციაზეა დამოკიდებული. ICD-10 გადასინჯვის კრიტერიუმებით ჩატარებული კვლევის თანახმად (Ehlers and Gillberg, 1993) გავრცელების სიხშირე 10.000 სულ მოსახლეზე 39 პაციენტია, თუმცა, მოცემულ კვლევაში მხოლოდ ოთხი შემთხვევაა აღწერილი. ამ კვლევის სარწმუნოების მაჩვენელი 10.000 სულ მოსახლეზე 0.6-დან 59 პაციენტამდე მერყეობს. როგორიც არ უნდა იყოს გავრცელების სიხშირე, ასპერგერის სინდრომი განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და, ამდენად, ამ აშლილობის მქონე ბავშვები საჭიროებენ შესაბამის დახმარებასა და სპეციალურ განათლებას.

ეტიოლოგია

ასპერგერის სინდრომის განვითარების მიზეზი უცნობია. ბოლომდე არაა გარკვეული, იგი ბავშვთა აუტიზმის უფრო მსუბუქ ფორმას წარმოადგენს, თუ სრულიად დამოუკიდებელი მდგომარეობაა.

პროგნოზი

ჩვეულებრივ, აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მოზრდილობაშიც რჩება. პაციენტთა უმრავლესობა ახერხებს მუშაობას, თუმცა, ძალიან მცირე ნაწილი ქმნის ოჯახს და ამყარებს წარმატებულ ურთიერ-თობებს (Volkmar and Klin, 2000)


სინონიმი

  • აუტისტური ფსიქოპათია (autistic psychopathy)
  • ბავშვთა ასაკის შიზოიდური აშლილობა (schizoid disorder of childhood)




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები