ფსიქოპათოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოპათოლოგია ფსიქიკის ანომალიურ მდგომარეობას შეისწავლის და საკითხის მიმართ ორ განსხვავებულ მიდგომას მოიცავს: აღწერითს და ექსპერიმენტულს.

აღწერითი ფსიქოპათოლოგია

აღწერითი ფსიქოპათოლოგია ფსიქიკის ანომალიური მდგომარეობის ობიექტური აღწერაა. ფსიქოპათოლოგია ცდილობს, შეძლებისდაგვარად გათავისუფლდეს მიკერძოებული იდეებისა და თეორიებისაგან და შემოიფარგლოს იმ ცნობიერი გამოცდილებისა და თვალსაჩინო ქცევების აღწერით, რომლებზე დაკვირვებაც შესაძლებელია. მას ზოგჯერ ფენომენოლოგიას ან ფენომენოლოგიურ ფსიქოპათოლოგიას უწოდებენ, თუმცა, სინამდვილეში, ეს ტერმინები არ წარმოდგენს სინონიმებს და ტერმინს „ფენომენოლოგია“ სხვა მნიშვნელობებიც გააჩნია (Berrios, 1992).

აღწერითი ფსიქოპათოლოგიის მიზანია, ნათელი მოჰფინოს ავადმყოფური ფსიქიკური გამოცდილების არსებით თავისებურებებს და გაიგოს, თუ რა სახით განიცდება „საკუთარი“ დაავადება თითოეული პაციენტის მიერ. ეს მოითხოვს ფსიქიკური აშლილობის სიმპტომების გამოვლენის, იდენტიფიკაციისა და ინტერპრეტაციის უნარს, რაც კლინიკური პრაქტიკის ძირითად ელემენტს წარმოადგენს და, რასაკვირველია, „ფსიქიატრის ფუნდამენტურ პროფესიულ უნარ-ჩვევად“ არის მიჩნეული (Sims, 2003).

აღწერითი ფსიქოპათოლოგიის ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენელია გერმანელი ფსიქიატრი და ფილოსოფოსი კარლ იასპერსი. მისი კლასიკური ნაშრომი Allgemeine Psychopathologie (ზოგადი ფსიქოპათოლოგია), რომელიც პირველად 1913 წელს გამოქვეყნდა, დღესაც ამ სფეროს ყველაზე უფრო სრულყოფილ აღწერას წარმოადგენს.

ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგია

ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგია ცდილობს, არა მარტო აღწეროს, არამედ ახსნას კიდეც ანომალიური ფსიქიკური ფენომენები. ასეთი მცდელობის ერთ-ერთი პირველი მაგალითია ფსიქოდინამიკური ფსიქოპათოლოგია, რომელიც სათავეს იღებს ფროიდის ფსიქოანალიტიკური კვლევებიდან. ფროიდი ანომალიური ფსიქიკური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს პაციენტისთვის უცნობი („არაცნობიერი“) ფსიქიკური პროცესების ტერმინებით ხსნიდა. მაგ., ის დევნის ბოდვით იდეებს განმარტავდა, როგორც არაცნობიერ ფსიქიკაში მიმდინარე აქტივობის (რეპრესიისა და პროექციის მექანიზმების მუშაობის ჩათვლით) ცნობიერ გამოხატულებას.


ამგვარად, ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგია ფოკუსირებულია ცნობიერ ფსიქიკურ პროცესებზე, რომელთა ემპირიული გაზომვა და შემოწმება სავსებით შესაძლებელია. იგი იყენებს ისეთ ექსპერიმენტულ მეთოდებს, როგორებიცაა კოგნიტური და ბიჰევიორული ფსიქოლოგიისა და ფუნქციური ნეიროვიზუალიზაციის მეთოდები. მაგ., არსებობს კოგნიტური თეორიები ბოდვითი იდეების, პანიკის შეტევისა და დეპრესიის წარმოშობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგია დაინტერესებულია სიმპტომების გამომწვევი მიზეზებით, კვლევა, ჩვეულებრივ, ტარდება იმ სინდრომების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ეს სიმპტომები იჩენს თავს.




წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები