სუიციდი ბავშვთა ასაკში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუიციდი ბავშვთა ასაკში - სუიციდი იშვიათია ბავშვებში. 1989 წელს, სუიციდის სიხშირე 5-14 წლის ასაკის ბავშვებში შეადგენდა 0.7/100000 აშშ-ში და 0.8/100000 - ბრიტანეთში. ძალიან ცოტაა ცნობილი იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც იწვევს სუიციდს ბავშვობის ასაკში, გარდა იმ ფაქტორებისა, რომლებიც მძიმე პიროვნულ და სოციალურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. სუიციდის შედეგად გარდაცვლილ ბავშვებს, ჩვეულებრივ, აღენიშნებათ ანტისოციალური ქცევა, ხოლო სუიციდური ქცევა და დეპრესიული აშლილობა ბავშვის მშობლებთან და და-ძმასთან ფიქსირდება (Shaffer, 1974). შაფერი (Shaffer) ასხვავებდა ბავშვების ორ ჯგუფს: პირველ ჯგუფში შედიოდა განსაკუთრებით მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვები, რომლებიც, როგორც ჩანს, იზოლირებულნი იყვნენ თავიანთი, ნაკლებად განათლებული, მშობლებისგან. ასეთი ბავშვების დედებს ხშირად აღენიშნებოდათ ფსიქიკური დაავადება. გარდაცვალებამდე, ბავშვები დეპრესიული და საკუთარ თავში ჩაკეტილები იყვნენ და ზოგიერთმა შეწყვიტა სკოლაში სიარული. მეორე ჯგუფში შედიოდა იმპულსური ბავშვები, რომლებიც ძალადობისაკენ იყვნენ მიდრეკილნი და ზედმეტად მგრძნობიარენი იყვნენ კრიტიკის მიმართ (Pfeffer, 2000; Shaffer et al., 2000).

სკოლის გაცდენა არ არის ფსიქიკური აშლილობა, არამედ ქცევის პატერნია, რომელიც მრავალი მიზეზითაა განპირობებული. მიზანშეწონილია ამ პრობლემის განხილვა, რადგანაც არსებობს ასოციაცია სკოლის გაცდენასა და დეპრესიულ, შფოთვით აშლილობებს შორის. სკოლაში არგამოცხადების ძირითადი მიზეზია სკოლაში სიარულზე უარის თქმა. ყველაზე ხშირად ეს ფიზიკური ავადმყოფობითაა გამოწვეული. ასევე, ბავშვების მცირე ნაწილი თავისი სურვილით თანხმდება მშობლებს დარჩეს სახლში, რათა დაეხმაროს მათ, ან რაიმე სხვა მიზნის გამო. ზოგი სკოლას განზრახ აცდენს; მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია სკოლაში სიარული, გაცდენას არჩევს, რაც, შესაძლოა, პროტესტს გამოხატავდეს. სკოლაში სიარულზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება იყოს სკოლასთან დაკავშირებული შფოთვა ან არასრულფასოვნების განცდა. ერთერთი კვლევის დროს შეადარეს 50 სკოლის გამცდენი და 50 ტრუანტი, ანუ სკოლის განზრახ გამცდენი ბავშვი. ყველა ცდის პირი შეირჩა ბავშვთა ფსიქიატრიულ სერვისებში (Hersov, 1960). ტრუანტებისგან განსხვავებით, სკოლის გამცდენები, უმეტესად ნევროტული ოჯახებიდან იყვნენ. მათი უმეტესობისთვის დამახასიათებელი იყო დეპრესიული მდგომარეობა, პასიურობა, მშობლების მხრიდან ჰიპერპროტექცია. მათ ჰქონდათ უკეთესი ქცევა და აკადემიური მოსწრება.

ძალიან ხშირია სკოლის პერიოდული გაცდენები, თუმცა, სკოლაში სიარულზე უარის თქმის შემთხვევების სიხშირე არ არის დაზუსტებული.

უაიტის კუნძულზე სკოლის გაცდენის სიხშირე ფსიქიკური აშლილობის მქონე 10-11 წლის ბავშვებში 3%-ზე ნაკლები იყო (Rutter et al., 1970a). სკოლის გაცდენები უფრო ხშირია შემდეგ პერიოდებში: 5-დან 7 წლამდე, 11 წლის ასაკში, სკოლის შეცვლის შემთხვევაში და 14 წლის შემდეგ.

სარჩევი

კლინიკური სურათი

პირველი ნიშანი, რომელიც მშობელს პრობლემის არსებობაზე მიანიშნებს, ბავშვის მიერ სკოლაში სიარულზე კატეგორიული უარის თქმაა. სკოლაში წასვლის წინ მატულობს სკოლის გაცდენის სურვილი და ბავშვს შფოთვისა და უბედურების განცდის ნიშნები აღენიშნება. შფოთვა ხშირად თავისა და მუცლის ტკივილით, ფაღარათით, ზოგადი სისუსტით ან ცუდად ყოფნის ჩივილებით ვლინდება. ეს სიმპტომები მხოლოდ სკოლაში წასვლის წინ იჩენს თავს. ზოგი ბავშვი სიტყვიერად გამოთქვამს სკოლაში წასვლის სურვილს, მაგრამ დროის მოახლოებასთან ერთად, დისტრესი უმწვავდება. სკოლაში სიარულის სრული უარყოფა შეიძლება სხვადასხვაგვარად დაიწყოს. ამას შესაძლოა წინ უძღოდეს ზემოთ აღწერილი სირთულეები ან სხვა მიზეზი, მაგ., სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებები. ეს ყველაფერი შეიძლება მოჰყვეს სკოლაში მომხდარ ცვლილებებს, მაგ., სკოლის ან კლასის გამოცვლა; ოჯახურ მდგომარეობას, როგორიცაა ბებია-ბაბუის ავადმყოფობა, რომლებთანაც ბავშვი მიჯაჭვულია. ნებისმიერი მიზეზის შემთხვევაში, ბავშვი ძალიან რეზისტენტულია და უჭირს სკოლაში დაბრუნება. ის მწვავე დისტრესი, რომელიც თან ახლავს სკოლაში წასვლის მცდელობას, ურთულებს მშობელს ბავშვისთვის სკოლაში სიარულის დაძალებას.

ეტიოლოგია

გასათვალისწინებელია რამდენიმე მიზეზი. განშორების შფოთვით აშლილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უმცროსკლასელთა შემთხვევაში. მოზარდებში ყველაზე მწვავედ მიმდინარე მდგომარეობები, ძირითადად, ზედა კლასებში იწყება. ძალიან მწირე მონაცემები გვაქვს სკოლის გაცდენის გრძელვადიან კვლევებთან დაკავშირებით. არსებული მონაცემებით, სკოლის გამცდენი პირების თითქმის ნახევარს მომდევნო 10 წლის მანძილზე ემოციური პრობლემები აღენიშნება (Berg and Jackson, 1985; Flakierska et al., 1988). ნაკლებად მწვავე შემთხვევების პროგნოზი უფრო კეთილსაიმედოა.

მკურნალობა

გარდა ძალიან მწვავე შემთხვევებისა, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული, რომ ბავშვი დროულად დაბრუნდეს სკოლაში. აუცილებელია პედაგოგთან ურთიერთობის დამყარება, სკოლაში არსებული პრობლემების მასთან განხილვა და იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს გაცდენილი სასწავლო მასალის აღდგენა. ასევე, უნდა დაიგეგმოს, თუ რა ზომებია გასატარებელი, რომ თავიდან ავიცილოთ სკოლაში დაბრუნებასთან დაკავშირებული სირთულეები. უმჯობესია, პირველად, სკოლაში მისვლისას, ბავშვს ახლდეს არა მშობელი, არამედ სხვა პირი. ზოგჯერ თავად მშობელსაც სჭირდება დახმარება. მწვავე შემთხვევებში საფეხურეობრივი ქცევითი პროგრამა უნდა შემუშავდეს. შესაძლებელია, შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ საჭირო გახდეს პირის სტაციონირება. ზოგჯერ, სკოლის გამოცვლა დადებით შედეგს იძლევა.

აუცილებელია თანმხლები დეპრესიის მკურნალობა, რაც, ძირითადად, ფსიქო-სოციალურ ინტერვენციას გულისხმობს. ყველა შემთხვევაში, თერაპიის დროს ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება, რომ თავის პრობლემებზე ისაუბროს. ასევე, თანადგომა უნდა გაეწიოს მშობლებს (სკოლის გაცდენასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები