სურამის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სურამის ციხე – მტრის შემოსევის მოლოდინში სოფელი ციხეს აშენებდა. კედლები ვერა და ვერ აიყვანეს ბოლომდე: მთელი დღის ნაგები კედლები დილით ჩამოქცეული ხვდებოდათ. რა ღონე არ იხმარეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ბოლოს, მკითხავთან გაგზავნეს კაცი მიზეზის გასაგებად. მკითხავმა ურჩია, ვინმე დედისერთა ყმაწვილი ჩაეტანებინათ კედელში და აღარ ჩამოიქცეოდა. პირობა ასეთი იყო: ყმაწვილი საკუთარი ნებით უნდა შეწირულიყო მსხვერპლად. გაიკითხ-გამოიკითხეს, მოძებნეს დედისერთები, მაგრამ ვისთანაც არ მივიდნენ, არავის სურდა თავისი ნებით ჩატანებულიყო კედელში, ძალდატანებით საქმე არ გამოვიდოდა. ბოლოს, მიაგნეს ერთ დედისერთას, თოთხმეტი წლის ზურაბს. წაყვა ზურაბი წარგზავნილებს, გაყვა დამწუხრებული დედაც, მოთქმით და ვაებით. რამდენი არ ემუდარა, შვილო, ნუ გამაუბედურებ, ვისთვისღა ვიცოცხლო, რა ეღირება უშენოდ ჩემი ცხოვრებაო. მაგრამ ვერა და ვერ გადაათქმევინა ზურაბს გადაწყვეტილება. დააყენეს საძირკველზე ზურაბი და დაიწყეს ორმაგი კედლის შემოშენება: ყმაწვილი ორ კედელს შორის უნდა ჩატანებულიყო. კედლები მაღლდებოდა და ზურაბი თანდათან იფარებოდა. გამწარებული დედა უკანასკნელად ავლებდა თვალს თავის პირმშოს და შესძახოდა: „შვილო ზურაბ, სადამდიო?“ და ესმოდა შვილის ხმა: „ვაიმე, დედა, მუხლამდიო.“ დაარტყამდნენ წრეს კალატოზები და კიდევ შესძახებდა დედა: „შვილო ზურაბ, სადამდიო?“ და „ვაიმე, დედა, წელამდიო“, პასუხობდა შვილი. და კიდევ დაარტყამდნენ წრეს კალატოზები და დედაც: „შვილო ზურაბ, სადამდი?“ და მიუგებდა ზურაბი: „ვაიმე დედავ, მკერდამდიო“. და კიდევ დედა: „შვილო ზურაბ, სადამდი?“ ზურაბი: „ვაიმე, დედავ, ყელამდიო“. და ბოლოს, როცა კიდევ ერთხელ შემოუარეს კედლებს კალატოზებმა, „შვილო ზურაბ, სადამდიო?“ – შესძახა დედამ და მოესმა უკანასკნელად კედლებს შუიდან ყრუდ ამომავალი ხმა: „ვაიმე, დედავ, გავთავდიო.“ და აიყვანეს მშენებლებმა კედლები მაღლა და მაღლა, და მოასრულეს ციხის შენება შუაღამისას. გათენდა დილა და ნახა მთელმა სოფელმა ამაყად აღმართული ციხე.

ასე ააშენეს სურამის ციხე და დიდხანს იდგა იგი შეუმუსვრელად, ვერა მტერი ვერ ერეოდა. თავგანწირული ჭაბუკი შიგნიდან იცავდა მას. სოფელი გადარჩა, მაგრამ გაუბედურებული დედა ყოველ დილით მივიდოდა ციხესთან და ასე მიატირებდა:

„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო...“


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები