სწავლის მოტივაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სწავლის მოტივაცია - ყველა აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლად. მოტივაცია არის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი. რაც უფრო მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად არიან მოტივირებულნი - შესაბამისად, სწავლის ხარისხიც იკლებს.

არსებობს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. მოსწავლის სასწავლო აქტივობები შეიძლება განპირობებული იყოს მისი შინაგანი ან გარეგანი მოტივაციით. საინტერესო აქტივობები ეფუძნება მოსწავლის შინაგან მოტივაციას. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისათვის უფრო მნიშვნელოვანია თავად აქტივობა, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო.

გარეგან მოტივაციას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა მოსწავლე შესრულებული სასწავლო აქტივობისათვის მოელის წახალისებას, ჯილდოს (კარგი ქულა, შექება, კლასში გარკვეული სტატუსის მოპოვება და ა. შ). ამ დროს განხორციელებული სასწავლო აქტივობა შესაძლებელია მოსწავლისათვის არ იყოს საინტერესო.

ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან მას აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი. მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება, სტიმული და თანადგომა. ამრიგად, მოსწავლის სასწავლო აქტივობას განაპირობებს როგორც გარეგანი, ისე მისი შინაგანი მოტივაცია. ამიტომ პედაგოგმა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის მოტივაცია, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებებს.

წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები