ტონზილექტომია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტონზილექტომია — ნებისმიერი ოპერაციული ჩარევა, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული რისკების მატარებელია. არ არსებობს პატარა და დიდი ოპერაცია. ყველა ოპერაცია უნდა დაიგეგმოს მხოლოდ აუცილებელი ჩვენების დროს.

ასაკი არ ახდენს გავლენას ოპერაციულ ჩვენებაზე.

თუმცა, ზოგადი მდგომარეობა და კლინიკური ნიშნები ყოველთვის გასათვალისწინებელია. ოპერაციის რისკები არ უნდა აღემატებოდეს იმ რისკებს, რაც ოპერაციის გარეშე არის შესაძლებელი. მაგალითად, ცუდი სუნის არსებობა მძიმე პაციენტში, როდესაც მას აქვს სისხლის შედედების სერიოზული პრობლემები, ვერ იქნება ოპერაციული ჩვენების საფუძველი და პირიქით, პატარა ასაკი (1-2 წელი) ვერ იქნება ოპერაციის უკუჩვენება, თუ პაციენტს აქვს სერიოზული აპნოეს დიაგნოზი.

ძირითადი ჩვენებები, როდესაც ოპერაციული ჩარევა აუცილებელი და რეკომენდებულია:

ხშირი ანგინები:

— 4-5 მძიმე ინტოქსიკაციის ეპიზოდი წელიწადში;
— ინტოქსიკაციის რაიმე ნიშანი საყრდენ-მამოძრავებელი, რენალური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან;
— ფლეგმონის ერთი ან მეტი შემთხვევა;
— სუნთქვის მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც ჩვილებში ზოგჯერ ლეტალურად შეიძლება დამთავრდეს;

ასევე, არის პირობითი ჩვენებები: პაციენტის მოთხოვნა დისკომფორტის მოცილების მიზნით (სუნი, ტკივილი).

უკუჩვენებები

როგორც მოგახსენეთ, აუცილებელია ოპერაციის და მისი შემდგომი რისკების შედარება არსებული მდგომარეობის რისკებთან.

ჰემორაგიის რისკები კარდიოლოგიურ პაციენტებში, როდესაც მათ აქვთ დანიშნული ანტიაგრეგანტული მკურნალობა, აქვთ თანდაყოლილი დაავადებები, მაგალითად ჰემოფილია, არის ტონზილების ამოღების პირდაპირი უკუჩვენება.

შედარებით სუსტი არგუმენტებია:

ალერგიული ფონი, ღვიძლის უკმარისობა, ოპერაციის შემდეგ, ზოგ შემთხვევაში, შეინიშნება ტემბრის შეცვლა. ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინონ მომღერლებმა.

როდესაც ოპერაციული ჩარევის პირდაპირი ჩვენებები არ არის აშკარა, ან როდესაც ოპერაციული ჩარევის რისკები დიდია და პაციენტს არ სურს ოპერაციული ჩარევა, შესაძლებელია მას შევთავაზოთ ალტერნატიული მედიკამენტოზური პალიატიური მკურნალობა, რომელიც ხშირად კარგად მოქმედებს და რემისიას იძლევა. ეს არის პრეპარატი Tonsilotren. ჰომეოპათიური და ლაზერული თერაპიის რამდენიმე კურსის ჩატარება (სასურველია ლაზეროთერაპიასთან ერთად), კარგ შედეგებს გვაძლევს ასეთ პაციენტებში.

ნებისმიერ შემთხვევაში არ მოერიდოთ კოლეგის აზრის გაგებას ამ თუ იმ თანმხლები დაავადების შესახებ.

ქირურგიული ჩარევა

ტონზილექტომიის შემდგომი პერიოდი 1-ლი დღიდან მე-14 დღემდე

დღესდღეობით, ამ ოპერაციულ ჩარევას ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ვახორციელებთ. თუმცა, ზოგი ექიმი ადგილობრივი ანესთეზიითაც სარგებლობს. ჩვენი რეკომენდაციაა ნარკოზის გამოყენება. ეს ამცირებს ოპერაციის დროს და რისკებს. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ადენოტონზილექტომიას ეხება და ადენოიდის გადაცდენა ტრაქეაში არც თუ ისე იშვიათი შემთხვევა გახლავთ. რომ აღარაფერი ვთქვათ ემოციურ სტრესზე.

აღსანიშნავია რამდენიმე ქირურგიული მეთოდის არსებობა:

— ლაზერული;
— ბიპოლარული;
— კობლაციური;
— მონოპოლარული;
— გილიოტინას – სლოდერის;

ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ლაზერულ ტონზილექტომიას, მისი ნაკლებად ტრავმული, დამზოგველი ხასიათის და პოსტოპერაციული გართულებების და ჩივილების სიმცირის გამო.

სეზონურობა უკვე არ წარმოადგენს არანაირ არგუმენტს კონდიცირების და გათბობის ეპოქაში. თუმცა, როდესაც რეგიონში რაიმე ეპიდემიაა, მიზანშეწონილია თავი შევიკავოთ ქირურგიული ჩარევისგან. პოსტოპერაციული გართულებები პირველ დღეს არის ძალიან იშვიათი და შემოიფარგლება სისხლდენით და გრიზელის სინდრომით (კისრის კუნთების ტრიზმით, რაც ბავშვებში შეიძლება მალების ლუქსაციოთი გართულდეს).

შემდგომი ორი კვირის მანძილზე, სისხლდენის საშიშროება უფრო იმატებს ფუფხების-ნადების მოცილების დროს და სტატისტიკურად, დაახლოებით 5-8%-ს შეადგენს.

ჩვილი ბავშვების პოსტოპერაციული პერიოდი განსაკუთრებით საფრთხილოა. პაციენტის მშობლები უნდა გავაფრთხილოთ, რომ მათ ელოდებათ 14-15 უძილო ღამე, რადგანაც ბავშვს მათთან უნდა ეძინოს. გამაყუჩებლების ფონზე (ევროპაში კოდეინი და ტრამადოლი, ჩვენთან პარაცეტამოლი და იბუპროფენი), ტკივილი ან მცირეა ან საკმარისად ძლიერი. თუმცა, ქვეყნის კანონმდებლობით კოდეინის და ტრამადოლის პოსტოპერაციულად დანიშვნის აკრძალვის გამო, საქართველოში პაციენტები უფრო წვალობენ.

NOTA BENE
  • ტონზილექტომიის უარყოფა არ არის გამართლებული. თუმცა, წლების წინ მოდად ქცეული ეს ოპერაცია, დღეს უფრო დასაბუთებულად უნდა განხორციელდეს;
  • თუ ჯანსაღი გლანდი ორგანიზმისთვის იმუნური სისტემის სასარგებლო ელემენტია, დაავადებული და ინფიცირებული გლანდი, შესაძლოა ორგანიზმის ძალიან სერიოზული ინტოქსიკაციის წყარო გახდეს;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები