ტრაქეის ანთებითი სტენოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრაქეის სტენოზის სქემატური და ტრაქეის სტენოზების ენდოსკოპიური სურათები

ტრაქეის ანთებითი სტენოზი — ზოგ შემთხვევაში, ტრაქეის ანთებითი სტენოზები სპეციფიკური დაავადების (სიფილისი, ტუბერკულოზი, სკლერომა) მიზეზით ყალიბდება. თუმცა, ხშირად მისი გამომწვევი ცუდად შეხორცებული ნაწიბურია, რომელიც ტრაქეოტომიის ან ინტუბაციის შემდგომი დაზიანება გახლავთ.

ასეთი სტენოზების სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და ადგილმდებარეობაზე. პოსტინტუბაციური სტენოზები, როგორც წესი, ყიისქვეშა (სუბგლოტური) ლოკალიზაციის არის, რაც აიხსნება საინტუბაციო მილის ბალონის (მანჟეტის) მდებარეობით. პოსტტრაქეოსტომიული სტენოზები, როგორც წესი, ორ ადგილას ვითარდება – ტრაქეოტომიიის მიმდებარე ზონაში ან ტრაქეოტომიული მილის ქვედა ბოლოს, საპროექციო ადგილას. როგორც ადრე ვთქვით, კლინიკურად, ეს სტენოზები (როგორც ინსპირაციული ასევე ექსპირაციული) დისპნოეთი ვლინდება. ინსპირაციული დისპნოე კისრის მიდამოს სტენოზზე მიუთითებს, ხოლო ექსპირაციული – თორაკალური ნაწილის შევიწროებაზე.

როგორც წესი, დისპნოეს ნიშანი ჯერ დატვირთვის დროს ვლინდება, ხოლო შემდეგ, უკვე მოსვენებულზეც შეინიშნება. ტრაქეოტომიული მილის გამო ჩამოყალიბებული სტენოზი კი, რეანიმაციაში, პაციენტის დეკანულაციის შემდეგ ჩამოყალიბებული დისპნოეთი ვლინდება. დიაგნოსტიკა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძირითადად, კომპიუტერული ტომოგრაფიით და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით ხდება.

მკურნალობის საწყის სტადიაზე შესაძლოა გამოვიყენოთ კორტიკოსტეროიდები, მილის თანდათან დავიწროებით.

უშედეგობის შემთხვევაში, მივმართავთ ქირურგიულ ჩარევას. სტენოზის ოპერაცია, მდებარეობის და მისი გავრცელების მიხედვით, შეიძლება იყოს როგორც ლაზერული ასევე, ენდოსკოპიური. ოპერაციის უშედეგობის შემთხვევაში, შესაძლებელია გაკეთდეს

რეზექცია-ანასტომოზის ოპერაციის სქემატური აღწერილობა.

რეზექცია-ანასტომოზის ოპერაცია ტრაქეაზე. ეს ძალიან მასშტაბური და რისკის შემცველი ოპერაციაა. ამ ოპერაციის დროს, ხდება 1-დან 4 სმ-მდე ტრაქეალური ხრტილოვანი რგოლის ამოკვეთა და შემდეგ ტრაქეის რეკონსტრუქცია.

T-tube, Montgomerry-ის მილი.

4-ზე მეტი რგოლის ამოკვეთის შემთხვევაში, ბრონქული სისტემის დაჭიმვის გამო, შესაძლოა მისი სისხლმომარაგების მოშლა, რაც საბოლოო ჯამში, ბრონქული სხეულის ნეკროზით და პაციენტის სიკვდილით დამთავრდება. ამიტომ რეზექცია-ანასტომოზის ოპერაციის უკუჩვენება არის სტენოზი ოთხ ტრაქეალურ რგოლზე მეტი სიგრძის შემთხვევაში.

ასევე აღსანიშნავია, პრაქტიკაში დღესაც არსებული T-მილი, ბუჟირება (დროებითი გაფართოება ნარკოზის ქვეშ) და იმპლანტირებადი ბადე-დილატატორები.

ტრაქეის გასაფართოებელი სანთლები ბუჟირებისთვის

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

T-მილი – ევროპაში Montgomery-ს სახელით ცნობილი სილიკონის მილი. ძალიან ეფექტური, მაგრამ უხერხული სახმარი როგორც ესთეტიკურად, ასევე წმენდის თვალსაზრისით.

ბუჟირება – ტერმინი ბუჟირება მოდის ფრანგული სიტყვისგან bougie, რაც სანთელს ნიშნავს.

სპეციალური, გრძელი, სხვადასხვა დიამეტრის პლასტმასის სანთლები, რომელთა დიამეტრის ეტაპობრივად გაზრდით, ხდება ტრაქეის სანათურის გაფართოება. თუმცა, როგორც წესი, რესტენოზი 1-დან 4 თვეში ისევ უქმნის პაციენტს სუნთქვის პრობლემებს.

იმპლანტირებადი პოლიმერული და მეტალის ბადეები

იმპლანტირებადი ბადე დილატატორები – ამ იმპლანტირებადი ბადეების გამოყენება და ინსტალაცია ხდება ენდოსკოპიურად. სტენოზირებულ ნაწილში ვათავსებთ ამ ბადეს დაჭიმულ-დაპატარავებულ მდგომარეობაში. შემდეგ, მიკროსკოპით და ენდოსკოპიური ინსტრუმენტებით, ხდება ამ ბადის სპეციალური ზამბარის გამოქაჩვა. ბადე იშლება და ხსნის სტენოზს. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ხშირი გართულება. ხდება ბადის რბილ ქსოვილებში შეზრდა და ანთებითი პროცესის განახლება, რომელიც, როგორც წესი, უფრო დიდი სტენოზით მთავრდება ასეთი ბადის 3-4-ჯერ ამოღების შემდეგ, რაც ძალიან ძნელი და სახიფათო მანიპულაციაა. მერწმუნეთ, ამის შემდეგ არ გაგიჩნდებათ სურვილი კიდევ მიმართოთ ამ მეთოდს.

პოსტინტუბაციური სტენოზი არის ძალიან სერიოზული გართულება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი, დიდხნიანი ინტუბაციის დროს, დაიგეგმოს ტრაქეოტომია. აუცილებელია ამ მანიპულაციის კარგად ჩატარება და შემდგომ, ტრაქეოტომიის კარგი მოვლა, რათა თავიდან ავიცილოთ ტრაქეალური სტენოზი. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრაქეის პოსტინტუბაციურ სტენოზს ხშირად შეიძლება ახლდეს ხორხის სტენოზიც.

NOTA BENE
  • ნებისმიერი დისპნოეს დროს, როდესაც ანამნეზში პაციენტს აქვს ინტუბაცია ან ტრაქეოტომია, პაციენტის სტაციონარში მოთავსება აუცილებელი პროტოკოლით არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში, ასთმის დიაგნოზი სამედიცინო შეცდომის ტოლფასია და პაციენტის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას;
  • ასეთი დისპნოეს დეკომპენსირება შესაძლოა უეცრად მოხდეს ისე, რომ წინა პერიოდში პაციენტს არც ჰქონდეს მწვავე უკმარისობა;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები