უფლისციხის ერდოიანი სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლისციხის ერდოიანი სახლი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს უფლისციხის შუა უბნის აღმოსავლეთით, ფერდობზე, აგურით ნაგებ ეკლესიასთან. თარიღდება ფეოდალური ხანით. ნაგებობა დაზიანებულია – დანგრეულია დერეფნის კედლის (0,5 მ) მნიშვნელოვანი ნაწილი, აკლია ამაღლებული საფეხურის სამხრეთ მონაკვეთი.

აღწერილობა

კლდეში ამოკვეთილი ერდოიანი სახლის გეგმა არაწესიერი ფორმისაა. შედგება მცირე ზომის მოგრძო ოთახისა (3,9X3,2 მ) და მცირე დერეფნისაგან (მთლიანი ზომები 6,8X4 მ). კლდის კედლები უხეშად არის დამუშავებული. ოთახს შესასვლელი დერეფნიდან აქვს. შესასვლელის წინ (0,67 მ.-ზე) გულდასმით დამუშავებული მსხლის მოყვანილობის ჩაღრმავებული ადგილია. იატაკში გაჭრილია ვიწრო ღარი, რომელიც აღმოსავლეთ კედელში ამოკვეთილი მრგვალ ხვრელამდის გრძელდება. დერეფანი ოთახს აღმოსავლეთით გაჭრილი კარით უკავშირდება. კარების ჩრდილოეთით, კედელში, გაჭრილია მრგვალი საკვამური. კედლებში ამოკვეთილია მცირე თახჩებიც, იატაკში – გვიანდელი ფეოდალური ხანის სასულთანო თონე და სხვადასხვა დანიშნულების მცირე ორმოები, ოთახის დასავლეთ მონაკვეთში გადაკეთებულია რთული კონტურის კარგად დამუშავებული ბაქანი, რომელიც იატაკიდან 0,2 მ.-ითაა ამაღლებული. ბაქანზე რამდენიმე მცირე ორმოა ამოჭრილი. ერდოიანი სახლი გადახურულია არაწესიერი ფორმის კამარით, რომელიც იატაკიდანვე იწყება. გადახურვის ცენტრში ამოკვეთილია გულდასმით დამუშავებული ერდო, რომელიც შიგნიდან წრიულია, ბანის მხარეს – სამყურა ფორმის.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები