უფლისციხის მიუვალი ნაგებობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიუვალი ნაგებობა - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს უფლისციხის შიდა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მიუვალ ქარაფზე (ქარაფის ძირიდან 52 მ-ზე) კომპლექსში მოხვედრა მხოლოდ ალპინისტური ჩაშვების წესით შეიძლება. ნაგებობა თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. მართალია, მიუვალი ნაგებობა იზოლირებულია შიდა ქალაქისაგან, მაგრამ საერთო არქიტექტურული ფორმების და მხატვრული პრინციპის მიხედვით იგი შიდა ქალაქის არქიტექტურული ანსამბლის ერთ-ერთი ტიპური ნაგებობაა.

აღწერილობა

მიუვალი ნაგებობის კოძპლექსი დამხრობილა სამხრეთისკენ. შედგება ფასადის მხრიდან თაღით გახსნილი, კამაროვანი დარბაზის (3X3,6 მ), მის წინ არსებული ეზოსა და დარბაზის უკან მოთავსებული უფრო დაბალი სწორკუთხა ბრტყელჭერიანი ოთახისაგან (3,7X2,9მ; სიმ 2,5 მ). კომპლექსი კლდეშია ამოკვეთილი, დაზიანებულია: გამოფიტულია ნაგებობის კლდის ზედაპირი, აკლია ეზოს დიდი მონაკვეთი და ღია დარბაზის ეზოს მხრის ნაწილი, დანგრეულია ოთახის წინა კედლის შუა ნაწილი, ჩამოცვენილია ოთახის ჭერის დეკორის უმეტესი ნაწილი, მთლიანად ჩამონგრეულია ნაგებობასთან მისასვლელი გზა. უგზოობამ კომპლექსს პირვანდელი სახე შეუნარჩუნა.

მიუვალი ნაგებობის სათავსებიდან საყურადღებოა უკანა ოთახი, რომელსაც შესასვლელი ღია დარბაზიდან აქვს. კარი გაჭრილია ნაგებობის გრძივ ღერძზე (შემორჩენილია ჩრდილოეთი წირთხლის ნაწილი). ოთახის იატაკი ღია დარბაზის იატაკის დონესთან შედარებით 0,15 მ-ით მაღალია. ჭერზე ამოკვეთილია ხის კოჭებით გადახურვის იმიტაცია განივი ღერძის მიმართულებით ამოყვანილი „მზიდავი კოჭი“ ორად ყოფს გადახურვის მალს. კოჭზე და კედლებზე, გრძივი ღერძის მიმართულებით, „გადებულია“ მცირე კვეთის „კოჭები“. ოთახის ჩრდდილოეთ კედელში ამოჭრილია ორი თახჩა. ნაგებობოს თავისებურებას წარმოადგენს შესასვლელის პირდაპირ, ოთახის უკანა კედელთან. თითქმის მთელ სიგანეზე, კედელში ამოკვეთილი ორსაფეხურიანი, განიერი სავარძლის მსგავსი გაურკვეველი დანიშნულების „ტახტი“ (სიმ, 0,6 მ) „ტახტის“ ზედა საფეხურზე მცირე ღრმულია ამოკვეთილი. კომპლექსის კონტური და სიბრტყეები გეოემეტრიულად ზუსტია. კლდის ზედაპირიც გლუვად არის დამუშავებული. ცხადია, რომ მიუვალი ნაგებობა თავდაპირველი ანსამბლის განაშენიანებაში იყო ჩართული, ამიტომ სავარაუდოა, რომ შიდა ქალაქი, ჩადაბლებული ტერასებით და ქუჩებით, დასავლეთისკენ ვრცელდებოდა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები