უჯანგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უჯანგარი

Artemisia annua L.უჯანგარი,
მეგრულად – ცეროცი.

ერთწლოვანი ბალახოვანი 30-100 სმ¬მდე სიმაღლის მცენარეა, მწვანე, შიშველი ან გაფანტულად წვრილი ბეწვებით შემოსილი. ფოთლები მორიგეობითია, ქვედა – ყუნწიანი, ზედა – მჯდომარე, ფოთლის ფირფიტა ორმაგ ფრთისებრაა განკვეთილი, სეგმენტები წაგრძელებულია, ღრმად ფრთისებრ დაყოფილი პატარა ზომის, ლანცეტა ფორმის ნაკვთულებად. კალათები პატარა ზომისაა, 2-3 მმ დოიამეტრის, სფერული, მოკლე წვრილყუნწიანი, მჭიდროდაა განწყობილი გვერდით ტოტებზე და ქმნის გაფარჩხულ-საგველასებრ ყვავილედს; კალათის განაპირა ყვავილები მდედრობითია, ძაფისებრ-მილისებრი, შუათანა ყვავილები მილისებრ-ზარისებრია, ორსქესიანი, ყველა ყვავილი სანაყოფეა, ყვითელი ფერის. ნაყოფი წვრილი თესლურაა. ყვ. VII-IX; ნაყ. VIII-X.

იზრდება ზღვისპირეთის ზოლში, მდინარეთა ნაპირებზე, მთის შუა სარტყელში, როგორც სარეველა გზისპირებზე, საცხოვრებელ სახლებთან, ბაღ-¬ბოსტნებში.

მცენარის მიწისზედა ნაწილი გამოიყენება არომატული სანელებლის სახით კულინარიულ ნაწარმში.

ბალახი შეიცავს სასიამოვნო სურნელის ეთერზეთებს (რომლის შემადგენლობაშია – ცინეოლი, პინენი, ბორნეოლი, კამფენი, კადინენი, კარიოფილენი, ქაფური, სპირტები, ძმრისა და ზეთოვანი მჟავები), მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, ალკალოიდებს კვალის სახით.

ეთერზეთებს იყენებენ პარფიუმერიასა და საპნის წარმოებაში. ექსპერიმენტალურად დამტკიცებულია მცენარის ფიტონციდების დამთრგუნველი მოქმედება ციმბირის წყლულის განვითარებაზე.

ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში. ნედლი ფოთლებით მკურნალობენ კანის დაავადებებს – მუნს, წყლულებს, მღიერს. მშრალი ფოთლებიდან ამზადებენ მალამოს ეგზემის საწინააღმდეგოდ. ბალახის ნახარშს იყენებენ მადის გასაძლიერებლად, ნაყენს ღებულობენ რევმატიზმის დროს.

მეცნიერული გამოკვლევებით გამოვლინდა მისი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, სედატური, ანტიბაქტერიალური, ვირუსების საწინააღმდეგო, ჰიპოლიპიდემური, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები.

მრავალი ქვეყანის ოფიცინალურ მედიცინაში წარმოადგენს მალარიის და დიზენტერისს საწინააღმდეგო საშუალებას. პერსპექტიულია მისი იმუნოსუპრესული, რევმატიზმის საწინააღმდეგო, კონტრაცეპტული, ანტიქოლინესტერაზული თვისებები.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები