ფუენტე ოვეხუნა (ლოპე დე ვეგა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუენტე ოვეხუნა, („ცხვრის წყარო“) – (ესპ. Fuenteovejuna), ესპანელი დრამატურგის ლოპე დე ვეგას პიესა, დაწერილია დაახლოებით 1612—1614 წლებში, პირველად გამოქვეყნდა 1619 წელს.

ლოპე დე ვეგას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დრამაა, სადაც ასახულია გაბატონებული ფეოდალების და უუფლებო გლეხების ურთიერთობა. ფეოდალური წნეხის წინააღმდეგ გამოდის მთელი სოფელი. დრამაში სახალხო მოძრაობა იბადება პირადი კონფლიქტიდან − გლეხის ქალიშვილის, ლაურენსიას ღირსების შეურაცხმყოფელ კომანდორსა და ლაურენსიას სატრფოს − ახალგაზრდა გლეხ ფრონდოზოს შორის. პირადი კონფლიქტი გადაიზრდება სახალხო აჯანყებაში.

მოკლე შინაარსი ასეთია: მოქმედება ესპანეთის სოფელ − ცხვრის წყაროში ხდება. ორდენის კომანდორი ჩადის მაგისტრთან იმ მოტივით, რომ დააშოშმინოს აჯანყებულები. მაგისტრი ყმაწვილი კაცი აღმოჩნდება, რომელმაც ტიტული სულ ახლახანს მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. კომანდორი ფერდინანდ გუზმანი მაგისტრ როდრიგო ხირონს საკუთარ ჯარს სთავაზობს მოვლენების განსამუხტად, ისიც იღებს დახმარებას. ცხვრის წყაროს მაცხოვრებლები მოუთმენლად ელიან კომანდორის გამგზავრებას, რადგან მათთვის კარგადაა ცნობილი დონ ფერნანდის ცუდი, უღირსი მიდრეკილება სხვისი ქალების სიყვარულისადმი. თანაც იციან, რომ ძლევამოსილ კომანდორს ვერავინ შეეწინააღმდეგება. მან სოფლის ალკალდის ქალიშვილს − ლაურენსიას − დაადგა თვალი. გოგონა კი უბრალო ბიჭზეა შეყვარებული.

მაგისტრი და კომანდორი იმარჯვებენ. სოფლის მოსახლეობა მათ ძღვენით ხვდება, მაგრამ კომანდორს ლაურენსიას გარდა სხვა არავინ და არაფერი სურს. მისთვის სოფლის დაპყრობა არაფერია, სანამ ლაურენსიას არ დაეპატრონება. გადის დრო და ლაურენსია წყაროსთან გუზმანს ხვდება, ის თავხედურად დაეტაკება გოგონას და თავისი ვნების დაკმაყოფილებას გადაწყვეტს. ამ დროს გამოჩნდება ჩასაფრებული შეყვარებული. საკუთარი და ლაურენსიას ღირსების დაცვის მიზნით, ფრონდოზო იარაღით ემუქრება კომანდორს, რის შემდეგაც მიიმალება. შეურაცხყოფილი კომანდორის მუქარა დაუნდობელია. ის მიდის გოგონას მამასთან და მოითხოვს ლაურენსიას გაგზავნას თავის სასახლეში. მაგრამ ალკალდი განუმარტავს თავხედ გუზმანს, რომ გლეხებსაც აქვთ ღირსება, რომლის დაცვაც მათთვის უმთავრესია.

ამ დროს მეფე ვითარებაში გასარკვევად მაგისტრს და კომანდორს დაიბარებს. ეს ფაქტი ლაურენსიას და მის საყვარელ ადამიანებს შურისძიებისგან იხსნის. ტირანის გამგზავრებით ისარგებლებენ ლაურენსია და ფრონდოზო − ისინი დაქორწინდებიან. მალე განრისხებული და შეურაცხყოფილი კომანდორი ბრუნდება. მისი ბრძანებით ფრონდოზოს აპატიმრებენ. ცოტა ხანში ლაურენსიასაც შეიპყრობენ დაუმორჩილებლობის ბრალდებით. სოფლის მოსახლეობა აღშფოთებულია. თუმცა მათი აზრი ორად იყოფა: ზოგს ეშინია, ზოგი კი ანთებულია სამართლიანობის აღდგენის გარდაუვალობით. შეკრებისას თმაგაწეწილი ლაურენსია შემოვარდება და ხალხს მოუყვება − როგორ აწამეს და რომ მალე მის ქმარსაც მოკლავენ. ლაურენსიას მონათხრობი ბოლო წვეთი აღმოჩნდება ხალხისთვის: კომანდორს მიუვარდებიან და ლინჩის წესით გაასამართლებენ.

ესმის რა მოსახლეობას, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, გადაწყვეტენ, რომ მოსამართლეს ყველამ ერთი პასუხი გასცეს – კომანდორი ცხვრის წყარომ მოკლა! მოსამართლე თითოეულს მკაცრ დაკითხვას უწყობს, მაგრამ ხალხი ურყევია საკუთარ გადაწყვეტილებაში − ისინი არ ტყდებიან. მაშინ მოსამართლე მათ დილეგში ჩაყრის, ქალებს და ბავშვებსაც კი არ ინდობს. თუმცა გლეხები გამოსავალს პოულობენ − მეფეს კომანდორის არაადამიანურ საქციელსა და დაუნდობლობაზე მისწერენ და თან ხაზს გაუსვამენ დაუშრეტელ სურვილს − ემსახურონ საყვარელ მეფეს! რადგანაც დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს, კასტილიის მეფე შეიწყნარებს დასახლების მცხოვრებთ და ცხვრის წყაროს საკუთარ სამეფო კარს დაუმორჩილებს.

დრამა „ცხვრის წყარო” რეალურ ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება, რომელთაც ესპანეთში 1476 წელს ჰქონდა ადგილი. ლოპე დე ვეგას შენარჩუნებული აქვს ყველა დეტალი − ადგილის დასახელება, გმირების სახელები. აჯანყება მართლაც მოხდა ცხვრის წყაროს დასახლებაში და გლეხებიც მართლა გაუსწორდნენ კალატრავის ორდენის კომანდორ ფერნარ გომეზ დე გუზმანს. თუმცა ისტორია ამ ამბავს განიხილავდა, როგორც უმადური მოსახლეობის ბუნტს დიდსულოვანი მბრძანებლის წინააღმდეგ. მწერალი კი ყველაფერს ისე გვაჩვენებს, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა: ეს იყო შურისძიება ღირსების შელახვისათვის.

მარიკა მამაცაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები