ქალების ნადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალების ნადი − შრომის ორგანიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმა საქართველოში.

ნადური შრომითი გაერთიანება სქესობრივი დაყოფის მიხედვით შესასრულებელი სამუშაოს სიძნელესა და მეურნეობრივ თავისებურებებსაც ითვალისწინებდა, რასაც ისტორიულად ტრადიციული წარმოებითი გამოცდილება ედო საფუძვლად. ქართულ-კავკასიურ მთურ მიწათმოქმედებაში ქალის შრომა საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა. მოსახლეობის ემპირიულ ცოდნა-გამოცდილებაზე დაფუძნებული კოლექტიური შრომის ორგანიზაციული სტრუქტურა და შრომის საზოგადოებრივი სქესობრივ-ასაკობრივი დაყოფა თუ ერთობლივი დასაქმება მეურნეს მძიმე შრომას საგრძნობლად უმსუბუქებდა, უმაღლებდა შრომით აქტივობასა და მას გაცილებით ნაყოფიერსაც ხდიდა. ამდენად, შესასრულებელი სამეურნეო სამუშაო შემსრულებლის ფიზიკურ, სქესობრივ და ასაკობრივ შესაძლებლობებსაც წინასწარ ითვალისწინებდა. ცხადია, ქალისა და ბავშვის დატვირვა მამაკაცის რთულსა და შრომატევად მძიმე სამუშაოს ვერ გაუთანაბრდებოდა, თუმცა საქართველოშ ქალების შრომასა და მასთან დაკავშირებულ შრომის კოლექტიურ ორგანიზაციას საკმაოდ ფართო გავრცელება ჰქონდა. გავრცელებული იყო ნადი მატყლის საჩეჩავში, კერძოდ, მატყლის დიდი რაოდენობით ჩეჩვისას და რთვისას მიღებული იყო კოლექტიური შრომა, რასაც საცეჩავი ნადი ეწოდებოდა.

აჭარაში ნადის შემადგენლობაში თხუთმეტი ანდა ოცი ქალი შედიოდა. ასეთი სახის ნადს, უმეტესად, შემოდგომა-ზამთარში იწვევდნენ, მასში მონაწილეობის მისაღებად კი კარგი „ხელაქნარით” გამორჩეულ ქალებს ითვალისწინებდნენ. დიასახლისი მოწვეული ნადის წევრებს საგულდაგულოდ მომზადებული, გამორჩეული კერძებით უმასპინძლდებოდა. მამაკაცებით მრავალრიცხოვანი დიდი სახლეული, რომელიც, ბუნებრივია, სამოსისათვის შედარებით დიდი რაოდენობის მატყლის რთვა-ქსოვას მოითხოვდა, ნადს გაცილებით ხშირად მიმართავდა. დანარჩენ შემთხხვევაში ჩეჩვას ოჯახის ქალებიც ადვილად აუდიოდნენ. დიდი სახლობის მანდილოსნები მატყლს ჩეჩდნენ არა უშუალოდ თავიანთი პირადი ოჯახის წევრთათვის − ქმრებისათვის ანდა ვაჟებისათვის, არამედ ისინი საერთო საოჯახო ნართს ამზადებდნენ. ამის შემდეგ თითოეული უშუალოდ თავისი ქმრისათვის თუ შვილებისათვის ზრუნავდა და ქსოვდა, შესაბამისად, სამოსსაც ამის მიხედვით ამზადებდა, თუმცა ეს არ გამორიცხავდა ქალების მიერ ნაქსოვის დამზადებას მაზლებისათვის, მაზლიშვილებისათვის თუ მამამთლისათვის. წარსულში სახლეულის ყველა წევრის შემოსვისათვის მატერიალური საშუალება და შრომაც თანაბრად ნაწილდებოდა.

აჭარის მთიანეთში ქალების ნადი ადრე ვახშმობიდან მამლის პირველ ყივილამდე, საშუალოდ ხუთ-ექვს საათს მუშაობდა. იმის მიხედვით, თუ რომელ ნადზე იყო დაპატიჟებული ქალი, მას თან უნდა ჰქონოდა საჩეჩელი ანდა ხერტალი (ხელტარი). ქალების ნადის მოწვევა მატყლის რთვა-ქსოვის შრომატევადი სამუშაოთი იყო განპირობებული. ასეთ შრომით გაერთიანებას აჭარის სხვადასხვა ხეობაში, მათ შორის, მაჭახლის ხეობაში ხერტილის ნადი ეწოდებოდა.

აჭარაში ძირითადად ქალების ორგვარი ნადი გამოიყოფოდა:

1. ნადი, რომელსაც მოძალებული სამუშაოს დროს დგებოდა და 2. ნადი, რომელსაც შრომით გაერთიანებაში საკუთარი სამუშაოს შესრულების, გართობისა და, ამდენად, შრომის შემსუბუქებისა თუ გაადვილების მიზნით იწვევდნენ. დამოწმებულია ასევე რთვაში ურთიერთდახმარების მეტად საინტერესო ფორმის არსებობა, რაც ნათესავებსა და მეზობლებზე წინასწარ − ნადზე მისვლამდის „თითო ხერტალი მატყლის” ჩამორიგებაში გამოიხატებოდა.

საქორწინო ურთიერთობის პერიოდში საპატარძლოს ბავშვობიდანვე შეთვისებლი საუკეთესო შრომითი ჩვევები, ხელსაქმისა და ხელგარჯილობის (ჭრაკერვა, ქსოვა-ქარგვა...) საფუძვლიანი ცოდნა უნდა გამოევლინა. ეს მას ქმრის ნათესაურ ჯგუფში − ნოგროში, როგორც მომავალ კარგ და გამრჯე დიასახლისს, ავტორიტეტს უმაღლებდა. თუ ქმრის ოჯახში იგი სურსათის მომჭირნედ ხარჯვის, კარგი სადილ-ვახშმის, ბავშვების აღზრდის და სხვა დადებით თვისებებს გამოავლენდა, მაშინ სახლეულის წევრთა საერთო სიყვარულს იხვეჭდა და ნოგროს მანდილოსნებს შორის საპატიო ადგილს იმკვიდრებდა. გოგონა გასათხოვად მომწიფების ასაკიდანვე ცდილობდა სანიმუშო ნაქსოვ-ნაქარგები მოემზადებინა და რაც შეიძლება მეტი რაოდენობით დაეგროვებინა. სასურველი იყო საპატარძლოს თავისი შრომისმოყვარეობის დასაბუთების მიზნით საქმროსა და მისი ნოგროს წევრთათვის საჩუქრად ასამდე წინდა მოექსოვა. ბუნებრივია, ასეთი რაოდენობით წინდის მოქსოვა საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო, რისთვისაც პატარძალი მის დაძლევას უახლესი ნათესავების დახმარებით ცდილობდა. იგი დართული მატყლის ძაფს ანდა უშუალოდ მატყლს განაყოფი ოჯახების ახალგაზრდა ქალებს ურიგებდა, რომელსაც ნართის თუ ნაქსოვის სახით რამდენიმე დღეში იბრუნებდა. საქმროსათვის, მაზლისათვის ანდა მამამთილისათვის გადასაცემ ნაქარგ-ნაქსოვს საპატარძლო თავისივე ხელით ამზადებდა. იგი მამისეულ ოჯახში ნადს საქორწინო ნაქარგ-ნაქსოვის დროულად მომზადების მიზნით იწვევდა. პატარძლისადმი ნათესავ-მოყვარე ქალების ასეთ მხარდაჭერასა და შრომით დახმარებას აჭარაში საკმაოდ ფართო გავრცელება ჰქონდა. შრომითი ურთიერთდახმარების სხვადასხვა ფორმებთან დაკავშირებული ნადური გაერთიანება საქართველოსა და კავკასიის არაერთ კუთხეშია დადასტურებული, სადაც ნადი ასევე სქესობრივი დიფერენციაციის პრინციპებსაც ეფუძნებოდა.


ლიტერატურა

  • მგელაძე, 1989:46-48, 50-51;
  • აბუსერისძე... 1941:15, 57, 60;
  • ჩიქოვანი, 1960:95-1-2;
  • ჩხეიძე, 1961:13;
  • შამილაძე, 1962;
  • მსხალაძე, 1962:45-53;
  • ჩიჯავაძე, 1969:43;
  • ბექაია, 1974:30;
  • კახიძე, 1974:40; 1990;
  • სამსონია, 2005;
  • მიქელაძე, 1978:43;
  • გელაძე, 1980:46.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები