ქვეტექსტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვეტექსტი — ფარული, გაუმხელელი აზრი, რომელიც არ არის შესაბამისობაში ტექსტის პირდაპირ მნიშვნელობასთან. ქვეტექსტი დამოკიდებულია გამონათქვამის საერთო კონტექსტზე, ნათქვამის მიზანსა და ექსპრესიაზე, მთლიანად სიტუაციაზე, რომელშიც წარმოთქმულია ეს სიტყვები. საუბრის დროს ქვეტექსტი წარმოიშვება როგორც საკუთარი აზრის, ფარული ფიქრის მიჩქმალვის საშუალება, ზოგჯერ კი როგორც ირონია ან თვითირონია.

ქვეტექსტის საკითხებს დიდი ყურადღება დაუთმო მ. მეტერლინკმა („მეორე დიალოგი“ წიგნში „მორჩილთა განძეული“). ქვეტექსტის მნიშვნელობა და არაჩვეულებრივი მედიტაციური ღირსებები საუკეთესოდ წარმოაჩინა მოსკოვის სამხატვრო თეატრმა ა. ჩეხოვის პიესებზე დაყრდნობით.

ქვეტექსტი მსახიობთა მიერ გამოისახება როგორც სიტყვების ინტონირებით, ისე პლასტიკით, მიმიკით, ჟესტით, მზერით, პაუზებით. ქვეტექსტის აღმოჩენა როლზე მუშაობის უმთავრესი პირობაა და ხელს უწყობს მსახიობს ჩასწვდეს გმირის სულიერ ცხოვრებას, გაითავისოს იგი. ამასთანავე, სწორედ ქვეტექსტის შემწეობით მსახიობი უკავშირდება საკუთარ ქვეცნობიერებას, მასში განთავსებულ ირაციონალურ მხატვრულ მუხტებს.

ქვეტექსტის წარმოშობა პირდაპირ არის დაკავშირებული პარტნიორის სიტყვების მოსმენასთან, მისი ქცევის შეფასებასთან. სტანისლავსკის ქვეტექსტი მიაჩნდა როლის თვალსაჩინო, შინაგანად ნაგრძნობ ცხოვრებად, „რომელიც მუდმივად მიედინება სიტყვების ქვეშ, მუდამ ამართლებს და აცოცხლებს მათ“. ქვეტექსტი ხშირად მოიხსენიება როგორც „შესრულების მეორე პლანი“ (ნემიროვიჩ-დანჩენკო). სცენაზე მსახიობის ორგანული მოქმედება თავისთავად გულისხმობს ქვეტექსტების არსებობას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები