ქიზიყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქიზიყი - ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებს ტერიტორიებს.

სარჩევი

დასახელება

კახეთში ერთგვარად გამოირჩეოდა ქიზიყის მხარე, რომლის ადრინდელი სახელწოდება კამბეჩოვანი იყო, რასაც მესაქონლეობის ისეთი დარგის ფართოდ გავრცელებას უკავშირებენ, როგორიცაა მეკამეჩეობა: „ამას ეწოდა პირველ კამბეჩოვანი, კამბეჩთა სიმრავლისათვის”. სტრაბონი კამბეჩოვანს კამბისენეს ფორმით მოიხსენიებს. საისტორიო წყაროებითა და სამეცნიერო გამოკვლევებით აშკარაა, რომ კამბეჩოვანი (ქიზიყი), რომელიც დღეს თანამედროვე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებს მოიცავს, ძველი ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო და ის შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. თუ დღევანდელი ქიზიყი მდინარეების ალაზნისა და იორის ქვემო წელს შორისაა მოქცეული, ადრე ის (კამბეჩოვანი) სამხრეთითაც გრძელდებოდა და ალაზნისა და მტკვარს შორის არსებულ ტერიტორიას მოიცავდა. კამბეჩოვანი თავდაპირველად ცალკე ეთნოგრაფიული ერთეული იყო და შემდეგ, გვიან შუა საუკუნეებში, შეერწყა კახეთს. მხარის სახელწოდება – კამბეჩოვანი ქიზიყით XIV საუკუნის მეორე ნახევარსა და XV საუკუნის პირველ ნახევარში შეიცვალა, რაც დაკავშირებული იყო ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონის ისტორიაში მომხდარ ცვლილებასთან.

კამბეჩოვანი სამეურნეო თვალსაზრისით ორ ნაწილად იყოფოდა: სამხრეთ-აღმოსავლეთში საძოვრების სიმრავლის გამო მეცხოველეობა იყო განვითარებული, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში – ინტენსიური მიწათმოქმედება. ამ ორი სამეურნეო ერთეულის შესაყართან, დღევანდელი დედოფლისწყაროს საიხლოვეს იყო ძველი კამბეჩოვანის ცენტრი ხორნაბუჯი, რომლის დიდი ციხეკომპლექსი აქ დღესაც დგას. კამბეჩოვანის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი XIII საუკუნის ბოლოს მტერთა ხშირი თავდასხმების შედეგად მოოხრდა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დემოგრაფიული თვალსაზრისითაც. კამბეჩოვანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც ზამთრის საძოვრები არ იყო, მოსახლეობა კვლავ აგრძელებდა ცხოვრებას. აღნიშნულის გამო, მხარის ცენტრმა თავისი ფუნქცია დაკარგა და მან ხორნაბუჯიდან დაბა ქიზიყში (დღევანდელი სიღნაღი) გადაინაცვლა. ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულის ცენტრის სახელწოდება გვიან შუა საუკუნეებში მთელ მხარეზე გავრცელდა . ასე დაერქვა კამბეჩოვანს ქიზიყი.

ისტორია

კამბეჩოვანი (ქიზიყი) საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მხარე იყო. აქ საქართველოს ალბანური (შემდეგ – აზერბაიჯანული) და სომხური პროვინციები ესაზღვრებოდა. ამდენად, ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მხარე იყო. მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ქვეყნის დაცვა იყო მაჰმადიანური გარემოცვისაგან. სწორედ ამაში იყო მისი გამორჩეულობა.

ქიზიყში გლეხები თავისუფალნი იყვნენ. ქიზიყელებს ფაქტობრივად ბატონი არ ჰყოლიათ. ბევრი ქიზიყელი გლეხი სახელმწიფო გადასახადებისაგანაც კი სრულიად თავისუფალი იყო ბრძოლებში გამორჩეული განსაკუთრებული გმირობისათვის. კამბეჩოვანის (ქიზიყის) ამ ერთგვარად თავისუფალი რეგიონის სტატუსს საფუძველი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს (V საუკუნე) ჩაჰყრია, რომელმაც ის საუფლისწულო მამულად აქცია.

ქიზიყში ზამთრობით აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა საქონელი გამოიზამთრებდა. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობდა კამბეჩოვანში (ქიზიყში) მთიელთა მიგრაციასაც. ეს ტენდენცია საქართველოს თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე შეიმჩნევა. ქართველ მთიელთა უკანასკნელი დიდი მიგრაცია აქ XX საუკუნის დასაწყისიდან განხორციელდა. ქიზიყის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განვითარებული იყო ინტენსიური მიწათმოქმედება, რასაც აქ არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი საირიგაციო არხების ნაშთებიც მოწმობს.

ეთნოგრაფია

ქიზიყის შესანიშნავი ეთნოგრაფიული დახასიათება მოცემული აქვს სტეფანე მენთეშაშვილს: ქიზიყში პატარ-პატარა ეზოები აქვთ, რადგან მოსახლეობა ერთ ადგილასაა შეჯგუფული, „ბურთივით შეკრული”, რის მიზეზიც სრულიად სამართლიანად ხშირი მტრიანობის გამო თავდაცვაზე ზრუნვაა მიჩნეული. იშვიათ შემთხვევაში მოზრდილი ეზოებიც ჰქონიათ, დღიურის ან ნახევარ დღიურის ოდენა. ეს კი იმით იყო გაპირობებული, რომ ესა თუ ის კომლი ამოწყვეტილი ბიძაშვილის წილს დაეპატრონა. სტეფანე მენთეშაშვილის დახასიათებით ქიზიყელთა მეურნეობა დაქსაქსული, სპეციალიზებული იყო. გლეხი მეცხვარეობას ერთ ადგილას აწარმოებდა თავისი წესრიგით (მომთაბარეობა), მეძროხეობას მეორე ადგილას სხვა ყაიდაზე, მემინდვრეობას „სხვაგან სხვა ჯურად”, მევენახეობას კიდევ სხვაგან და სხვა ყაიდაზე და მებოსტნეობასაც სხვა პირობებში. სოფელი კი, როგორც აღინიშნა, სრულიად ცალკეა. ზემოთ ჩამოთვლილი მეურნეობის დარგები მარტო თავიანთი ხასიათით კი არა, არამედ ტერიტორიულადაც ერთმანეთს, რომ იტყვიან, დღისავალს არის დაცილებული. ამა თუ იმ მეურნეობის სფეროზე გამოყოფილი ოჯახის წევრი სწორედ მის საქმიანობაშია დასპეციალებული. მეცხვარეს მევენახეობის, მემინდვრეობისა და ხვნა-თესვისა არაფერი გაეგებოდა. იგივე შეიძლება ითქვას მესაქონლეობასა და დანარჩენი „პროფესიების” ურთიერთმიმართების შესახებ. ეს გარემოება – შრომის დანაწილება – აიძულებდა ქიზიყელ გლეხს უპირატესობა მიენიჭებინა დიდ ოჯახად, გაუყრელად ცხოვრებისათვის. აღნიშნული სიმდიდრისა და დოვლათის დაგროვებასაც უწყობდა ხელს. ერთი ოჯახი ზემოთ ჩამოთვლილი მეურნეობის ყველა დარგს აწარმოებდა და თითოეული საქმისათვის ცალკე ოჯახის წევრი ჰყავდა მიჩენილი, ზოგჯერ რამდენიმეც და არცთუ იშვიათი იყო მწყემს-მოჯამაგირის დაქირავება.

ქიზიყში უწინ ძირითადად ბანიანი სახლები ჰქონიათ (ეძახდნენ მიწურ სახლსაც), რომლის შინაგანი მოწყობილობა შემდეგნაირი იყო: ძველებურ სახლებს კედლებში დატანებული ჰქონდა ქვეშაგების შესანახი წალოები, ბარგის შესანახი საბარგეები, სასკივრეები – სკივრის დასადგმელად, კიდობნები, ჭურჭლის დასაწყობი განჯინები, წარა-მარა სახმარი ნივთების შესანახი თახჩები. ძველად წალოებს ფარდაც ჰქონდა ჩამოფარებული, მხოლოდ გვიან დაიწყეს მისთვის კარებების გაკეთება. ერდოს აქ სათვალეს, ზოგიერთი ცნობით, დოლაბსაც უწოდებდნენ. მართალია, ჩვენამდე ვერ მოაღწია, მაგრამ XX საუკუნის 30-იან წლებში ჩაწერილი მონაცემებით, გვირგინიანი სახლებიც ყოფილა, რომელიც თექვსმეტი წყობისაგან შედგებოდა. დავიწროვებული გვირგვინი “სათვალეში” ადიოდა. შუაში ძალიან დაჭრელებული დედაბოძიც ჰქონია. ქიზიყში “წნური სახლებიც” ჰქონიათ, რომელიც მხოლოდ კალოებსა და ვენახებში სდგმიათ. კალოს პირშივე ჰქონდათ საბძელი.

ნაირგვარი იყო ისტორიულად ქართველი ხალხის კვებითი კულტურა, მათ შორის ქიზიყშიც, სადაც ფხლის შეჭამანდისათვის იხმარებოდა შემდეგი მცენარეები: ხაჭიჭორა მხალი, შავჩოხა, ყაყაჩო მხალი, წოწნარა მხალი, ჭინჭარი, ჭინჭრისდედა, ნაცარქათამა, ბოლოკა მხალი, ღოლო, ბალბა, დანდური, ქათმის კუჭეჭა. კახეთში ძველად ისეთი კერძებით იკვებებოდნენ, როგორიცაა “შვინდის შეჭამანდი”, “ხირხიტო”, “ზღმარტლის შეჭამანდი”, ღვინის “თხლის შეჭამანდი”, “პურის ხაშის მახუხი”...

ქიზიყი იმ მხრივაცაა საყურადღებო, რომ აქ, ბოდბეში განისვენებს ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. ბოდბე ბოდბელი ეპისკოპოსის საჯდომიც იყო. იქვეა V-VI საუკუნეებით დათარიღებული ხირსის მონასტერიც.

წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები