ქოლესტეატომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქოლესტეატომა — ამ ტერმინს ოტოლოგები და ჰისტოლოგები სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ქირურგებისთვის, ქოლესტეატომა ნიშნავს შუა ყურში და ტემპორალურ ძვალში არსებულ კერატიზინებულ ეპიდერმას დესქვამაციის ნიშნებით, ხოლო ჰისტოლოგებისათვის – ქოლესტერინის უჯრედებს.

ამ დაავადების სიმძიმე და სერიოზულობა განპირობებულია ეპიდერმის პერმანენტული დესქვამაციით ექტოპიურ მიდამოში, კერძოდ, ძვალში. როგორც Portman-ი აღნიშნავდა, „... ქოლესტეატომა ცუდ ადგილას მოხვედრილი კანია, რომელიც წარმოდგენილია ან ოვალური ფორმის სიმსივნით, რომლის ცენტრიც ხშირად ინფიცირებულია ან დაფის აპკის ინვაგინირებულ მიდამოში დაგროვილი დესქვამაციური ქსოვილით, რომელიც ჩაღრმავების გამო გროვდება“.

ამ სიმსივნის ეროზიული თვისების გამო, შესაძლოა დაზიანდეს მნიშვნელოვანი ახლომდებარე სტრუქტურები, მაგ. ლაბირინთი, სახის ნერვი, სასმენი ძვლები, მენინგეალური გარსი, ლატერალური სინუსი.

თითოეული ამ სტუქტურის დაზიანებას ახასიათებს თავისებური გამოვლინება: სახის ნერვის პარეზი, რომელიც იწვევს მიმიკური კუნთების მოძრაობის შეზღუდვას, ლაბირინთის დაზიანება – ვერტიგოს, სასმენი ძვლების დაზიანება – კონდუქიციურ-ტრანსმისიული სმენის დაზიანებას, მენინგეალური გარსის ინფიცირება – მენინგიტს. ინფიცირებული ქოლესტეატომა, ლატერალური სინუსის სიახლოვის გამო, შესაძლოა სინუს-თრომბოზის მიზეზი გახდეს.

ინტრაკრანიალური ინფექციის გავრცელება, შესალოა, მოხდეს tegmen tympani-ის გზით და ცერებრალური აბსცესის მიზეზი გახდეს.

კლინიკური ნიშნები

ქოლესტეატომა – სქემატური და ოტოსკოპიური სურათი

არაინფიცირებული ქოლესტეატომის შემთხვევაში, პაციენტს აქვს:

— სმენის უმნიშვნელო დაქვეითება, რომელიც შეუმჩნევლად მიმდინარეობს და უმეტესწილად, ბავშვებში აღინიშნება;
— მცირე რაოდენობით სუნიანი ოტორეა, რაც ქოლესტეატომის აშკარა ნიშანია;

ასეთი ტიპის ქოლესტეატომური დაავადება დუნედ და შეუმჩნევლად მიმდინარეობს. პაციენტი მას ამჩნევს უკვე გართულების შემთხვევაში: ვერტიგოს, ფაციალისის, მენინგიტის ან ინტრაკრანიალური აბსცედირების დროს.

ამიტომ, გართულებული ოტიტის დროს, საჭიროა განხორციელდეს სრული ოტოლოგიური გამოკვლევა რათა არ გამოგვეპაროს ქოლესტეატომური დაავადება.

ხშირ შემთხვევაში, ოტოსკოპიური გამოკვლევა ქოლესტეატომის არსებობას ადასტურებს. არის ქოლესტეატომის ფორმები, როდესაც ოტოსკოპიით დაფის აპკის ვიზუალიზაციის დროს მათი იდენტიფიკაცია კარგად ვერ ხეხრხდება და ფუფხის ან, თუნდაც, მთლიანი დაფის აპკის უკან, ქოლესტეატომა ნელ-ნელა იზრდება და ვრცელდება შიგნით.

ასეთ შემთხვევაში, კარგ დიაგნოსტიკურ ინფორმაციას იძლევა კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება. შესაძლოა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის მოთხოვნაც. თუმცა, ამ შემთხვევაში, სასურველია რადიოლოგი ოტოლოგიაში იყოს გამოცდილი ან ჯობია ისევ ქირურგმა იცოდეს რადიოლოგიური კლიშეების წაკითხვა.

არ არის იშვიათი ქოლესტეატომის აღმოჩენა, როდესაც საქმე ქრონიკული ოტიტის შემთხვევასთან გვაქვს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქოლესტეატომა კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნია, რომლის ანომალური მდებარეობა ქმნის პრო-ბლემებს.

მისი ჩამოყალიბების მექანიზმთან დაკავშირებით მრავალი აზრი არსებობს, თუმცა საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ქოლესტეატომის განვითარებას შესაძლებელია იწვევდეს მარგინალური პერფორაცია, რეტრაქციული ჯიბე და ასევე, პოსტოპერაციული გართულებები ტიმპანოპლასტიკის, შუნტირების, ან ტრავმის შემდგეგ.

სურათზე აღბეჭდილია რეტრაქციული ჯიბის ინვაგინაციის და ქოლესტეატომად გადაქცევის პროცესი.

არსებობს თანდაყოლილი ქოლესტეატომის შემთხვევებიც, როდესაც ეს ახალწარმონაქმნი შესაძლოა გამოვლინდეს:

— ქოლესტეატომური „მარგალიტის“ სახით;
— მასტოიდის ტოტალური დესტრუქციის შედეგად განვითარებული დაზიანებებით: სახის ნერვის პარეზი, მენინგიტი, ვერტიგო ან ტვინის აბსცესი;

ნებისმიერი ქოლესტეატომური პათოლოგია მოითხოვს სისტემატურ კონტროლს. შემთხვევათა დიდი ნაწილი ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. გეგმიურ ოპერაციას ვაკეთებთ, როდესაც საქმე გვაქვს ლატენტურ ფორმებთან, ხოლო როდესაც სახეზეა სერიოზული გართულებები, საჭირო ხდება სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. ხშირ შემთხვევაში, პაციენტი ვერ ხვდება სასწრაფო ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას, რადგან შეიძლება მისი მდგომარეობა ზოგადად კარგი იყოს. არ ჰქონდეს ოტორეა, ვერტიგო, სმენა იყოს ნორმალური. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ გართულებებს, როგორიცაა მაგ. სმენის დაქვეითება. რეციდივის შემთხვევაში, ოპერაციის განმეორებითი ჩატარება აუცილებლობაა. ექიმი ვალდებულია ეს ყველაფერი აუხსნას პაციენტს.

ყოველივე ეს ამ ვერაგი დაავადების მკურნალობის ფასია და არა ქირურგის შეცდომა. ჩვენი შეცდომა იქნება ის ფაქტი, თუ პაციენტს არ მივაწოდებთ ზუსტ ინფორმაციას ამ ყოველივეს შესახებ.

ოპერაციული ჩარევა სხვადასხვა მასშტაბის და ტიპის შეიძლება იყოს. ეს დამოკიდებულია შემდეგ მაჩვენებლებზე:

— ქოლესტეატომის გავრცელების მასშტაბი;
— პაციენტის გადაწყვეტილება ოპერაციის ტიპთან დაკავშირებით;
— მისი ასაკი და სოციალური მდგომარეობა;
— მეორე ყურის მდგომარეობა;

არსებობს ორი ძირითადი ტიპის ოპერაცია:

  1. დახურული ანტრომასტოიდექტომია რეკონსტრუქციით;
  2. ღია (რადიკალური) ანტრომასტოიდექტომია;

პირველი ტიპის ოპერაცია გულისხმობს ანტრომასტოიდექტომიის შემდეგ, გარეთა სასმენი მილის უკანა კედლის შენარჩუნებას ან რეკონსტრუქციას.

მეორე ოპერაცია – ანტრომასტოიდექტომიის და გარეთა სასმენი მილის გაერთიანებას.

ორივე ოპერაციას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფით მხარეები.

</big>დახურული ტექნიკა:

დადებითი მახასიათებლები:
— ყურის ფიზიოლოგიის აღდგენა;
— ოპერაციის შემდეგ წყალთან კონტაქტის შესაძლებლობა;
— სმენის უკეთესი ხარისხი;
უარყოფითი მახასიათებლები:
— ოპერაციიდან ერთ წელიწადში რევიზიის საჭიროება;
— ოპერაციის ჩატარება ქირურგის უფრო მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს;


ღია ტექნიკა:

დადებითი მახასიათებლები:
— ოპერაციის შემდეგ, დაავადების რეციდივის შემთხვევაში, უმეტესწილად, მკურნალობა მედიკამენტურია ანუ არ საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას;
— ოპერაციის ტექნიკა უფრო მარტივია;
უარყოფითი მახასიათებლები:
— სმენის დაქვეითება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახუ- რული ტექნიკის შემდეგ;
— აკრძალულია ყურში წყლის მოხვედრა;
— საჭიროა მუდმივი პოსტოპერაციული კონტროლი (წელიწადში 2-ჯერ), მთელი ცხოვრების მანძილზე;

აღსანიშნავია, რომ დღეს ღია ტექნიკას ბევრი აღარ მიმართავს. სმენის დაქვეითებას, ამ შემთხვევაში, უკვე ე. წ. ძვლოვანი სასმენი აპარატების მეშვეობით ვაკორექტირებთ, როგორიც არის, Bonebridge, B.A.H.A.

ამიტომ უკვე შესაძლებელი ხდება ღია ტექნიკის უარყოფითი ფაქტორებიდან ამოვიღოთ სმენის დაქვეითება.

კიდევ, არსებობს ანტრომასტოიდექტომიის ღრუს რეკონსტრუქციის საშუალება ამა თუ იმ მასალით, იქნება ეს საკუთარი ძვლოვანი ფხვნილი თუ ხელოვნური ცემენტი.

ამ მეთოდს აქვს ერთი უარყოფითი მხარე – ძირითადი დაავადების (ქოლესტეატომის) რეციდივის შემთხვევაში, კლინიკა შეუმჩნეველი რჩება დიდი ხნის მანძილზე, რამაც, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს ინტრაკრანიალური გართულებების და პირამიდული მორჩის დაშლის სახით.

არჩეული ტექნიკის მიუხედავად, ქოლესტეატომური დაავადება არ უნდა ჩაითვალოს განკურნებულად, სანამ არ გაივლის მრავალი წელიწადი. პაციენტი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ.

რეციდივის ან ოტორეის შემთხვევაში, ვნიშნავთ ადგილობრივ ანტიბიოტიკს, ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია გიგროსკოპიული პრეპარატის – ბორის მჟავას დანიშვნა, რომელიც აშრობს ყურს.

როგორც წესი, რადიკალური ოპერაციის შემდეგ, ყურის მდგომარეობა აღარ ითხოვს რეოპერაციას. მისი საჭიროება მხოლოდ სტენოზირებული გართულებების დროს დგება.

NOTA BENE


  • ქოლესტეატომას ახასიათებს უეცარი კლინიკური განვითარება;
  • ქოლესტეატომის არაქირურგიული მკურნალობის დროს, გარდაუვალია მძიმე გართულებები;
  • ოპერაციის მეთოდის არჩევა უნდა მოხდეს პაციენტის სოციალურ-მატერიალური და ემოციური ფონის გათვალისწინებით;
  • ქირურგიული მკურნალობის ტექნიკის მიუხედავად, აუცილებელია ხანგრძლივი მეთვალყურეობა;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები