ღორის ტრიქინელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრიქინელას ლარვა ტრიქინელები

ღორის ტრიქინელოზი - ტრიქინელოზი ქრონიკული ფორმით მიმდინარე დაავადებაა, რომლის აღმძვრელია ჰელმინთი - Trichinella spiralis. ტრიქინელოზით ავადდებიან შინაური და გარეული ღორები, ძაღლი, კატა, თაგვი, ვირთხა, გარეული ხორცისმჭამელების მრავალი სახეობა, აგრეთვე, ადამიანი.

ტრიქინელები სქესგაყოფილი, მცირე ზომის ჰელმინთებია. მდედრი ინდივიდის სხეულის სიგრძე 3-4 მმ-ია. მამრის - 1,4-1,6 მმ. ზრდასრული ტრიქინელები პარაზიტობენ ცხოველებისა და ადამიანის წვრილ ნაწლავებში, მათი ლარვული ფორმები - იმავე ორგანიზმის კუნთებში.

ტრიქინელას ლარვებით დაინვაზიებული ხორცი

ტრიქინელას ლარვები დიდ გამძლეობას იჩენენ გარემო ფაქტორების მიმართ. ლპობად ხორცში ისინი ინვაზიურ თვისებებს ინარჩუნებენ ოთხი თვის განმავლობაში, ხანგრძილვად ძლებენ -10° ტემპერატურის პირობებში, ხოლო -30° ტემპერატურაზე ღორის ნაკლავში 52-64 საათის შემდეგ იხოცებიან. სუსტად დამარილებულ და გამხმარ ხორცში, აგრეთვე შაშხში ისინი სიცოცხლის უნარს წლობით ინარჩუნებენ. იმის გამო, რომ ადამიანი ტრიქინელოზის მძიმე ფორმით ავადდება, რაც შესაძლებელია ლეტალურად დამთავრდეს, დაინვაზიების ხარისხის მიუხედავად ტრიქინელოზიანი ხორცი უნდა განადგურდეს.

ტრიქინელოზით ღორი ავადდება ტრიქინელების ლარვებით დაინვაზიებული ხორცის ან მცირე მღრღნელების ლეშების შეჭმით. მის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში კუნთოვანი ქსოვილი მოინელება, ხოლო გამოთავისუფლებული ლარვები 45 საათის შემდეგ სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ. მდედრი ინდივიდები, რომლებიც ცოცხლადმშობებია, განაყოფიერების შემდეგ შეიჭრებიან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში და ლარვებს შობენ. ლარვები ხვდებიან სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სისხლის გზით კუნთებში მიიტანებიან, სადაც ბოჭკოებს შორის სპირალურად ჩაიბუდებენ და დაახლოებით 20 დღის შემდეგ ინვაზიურ სტადიას აღწევენ. 1,5-2,5 თვის შემდეგ მათ ირგვლივ კაფსულა ყალიბდება.

სპონტანურად დაინვაზიებულ ღორებში ტრიქინელოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტრიქინელას ლარვების გამოვლენა შესაძლებელია ღორის დაკვლის შემდეგ, ნაკლავის ვეტერინარიულ-სანიტარიული გამოკვლევისას, რომელსაც სპეციალისტი ატარებს.

ტრიქინელოზის მკურნალობა შემუშავებული არ არის. დაავადების პროფილაქტიკის მიზნით სასურველია ღორის შენახვის სტაციონარული სისტემის დანერგვა. დაუშვებელია ღორის ყოლა სასაკლაოების ტერიტორიაზე, მისი უკონტროლო გადაადგილება დასახლებულ პუნქტებში ან ნაგავსაყრელებზე სუქება.




წყარო

ღორის მოშენება და დაავადებათა პროფილაქტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები