ღორის წითლი ქარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღორის წითლი ქარი

ღორის წითელი ქარი - მწვავე ან ქრონიკული ფორმით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლის აღმძვრელია ბაქტერია - Erysipelotrix insidiosa. ინფექციის გავრცელების წყაროა დასნებოვნებული ან კლინიკურად ჯანმრთელი, მაგრამ აღმძვრელის მატარებელი ღორი, აგრეთვე - მღრღნელები.

ინფექციის გადაცემის ფაქტორებია საკვები, სასმელი წყალი, მოვლის საგნები, ავადმყოფი ცხოველის გამონაყოფებით დაინფიცირებული ნიადაგი. წითელ ქარს ახასიათებს სეზონურობა (გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომა). უპირატესად ავადდება 3-12 თვის ასაკის ღორები. მის გავრცელებას ხელს უწყობს გარემოს მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა, ღორების მჭიდროდ შენახვა დახუთულ, ცუდად ვენტილირებად შენობებში.

ორგანიზმში ალიმენტარული ან კანის გზით შეჭრილი ბაქტერიები, შესაბამისად, ნაწლავის ნუშისებრ და დაზიანებული უბნის ლიმფურ კვანძებში ხვდებიან. შემდეგ ისინი სისხლსა და პარენქიმულ ორგანოებში გადაინაცვლებენ, სადაც ინტენსიურად მრავლდებიან. მათი ცხოველმყოფელობის ტოქსიკური პროდუქტების ზემოქმედების შედეგად სეფსისური პროცესი ვითარდება, რომლისთვის დამახასიათებელია დისტროფიული ცვლილებები ორგანოებსა და ქსოვილებში, რეტიკულო-ენდოთელიარული სისტემის ბლოკადა, ანტისხეულების სინთეზისა და ფაგოციტური დაცვის დათრგუნვა. სისხლძარღვების ენდოთელიუმის დისტროფიულ ცვლილებებს თან სდევს თრომბების წარმოქმნა, შეშუპებები, შეგუბებები პარენქიმულ ორგანოებსა და კანზე, რაც ქსოვილოვანი ცვლის დარღვევას და ნეკროზულ დაზიანებებს იწვევს. შემდეგ გულის უკმარისობა და ფილტვების შეშუპება ვითარდება, რაც ლეტალური შედეგის მიზეზი ხდება.

ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა ერთიდან რვა დღემდე მერყეობს. დაავადების მწვავე ფორმით მიმდინარეობას ახასიათებს სხეულის ტემპერატურის უეცარი მატება 42°-მდე ან უფრო მეტად. ცხოველი არ იღებს საკვებს და სუსტდება. დამახასიათებელია ციებ-ცხელება, გულის მუშაობის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ატონია და ყაბზობა. ზოგჯერ აღინიშნება პირღებინება. ღორს გადაადგილება უჭირს. პულსი აჩქარებულია (100 დარტყმა წუთში), ხოლო სუნთქვა - გართულებული, ფილტვების შეშუპების გამო. ყბათაშორის, კისრის და მუცლის მიდამოში კანის ზედაპირი ციანოზურია. ზოგჯერ თავის, კისრის ზედა, ზურგისა და გვერდების კანის ზედაპირზე სხვადასხვა ზომის ღია ვარდისფერი ლაქები ჩნდება, რომლებიც შემდეგ მუქ წითელ ფერს იძენენ. დაავადება 2-4 დღე გრძელდება და მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ცხოველი კვდება. უკეთეს შემთხვევაში მწვავე ფორმა ქვემწვავე, შემდეგ ქრონიკულ მიმდინარეობას იძენს.

დაავადების ქრონიკული ფორმა ენდოკარდიტით, ართრიტით და კანის ნეკროზით ვლინდება. ენდოკარდიტი თანდათანობით ვითარდება, რასაც ახლავს გულის მუშაობის დარღვევა, პროგრესირებადი სისუსტე, შეგუბებითი მოვლენები კანზე, სიგამხდრე და ანემია. გულის უკმარისობის მოვლენების ფონზე შესაძლოა ღორი უეცრად დაიღუპოს.

დიაგნოზი დგინდება ეპიზოოტოლოგიური მონაცემებისა და კლინიკური ნიშნების საფუძველზე, აგრეთვე ლაბორატორიული გამოკვლევით. ამ მიზნით მიკროსკოპით იკვლევენ გრამის წესით შეღებილ, პარენქიმული ორგანოებიდან მომზადებულ ნაცხებს.

მკურნალობისათვის იყენებენ წითელი ქარის საწინააღმდეგო შრატს და ანტიბიოტიკებს. მკურნალობის ეფექტი გაცილებით მაღალია თუ ანტიბიოტიკს შრატში ანზავებენ. შრატი შეჰყავთ კუნთებში, დოზით 1-1,5 მლ/კგ ცოცხალ მასაზე. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება, 8-12 საათის შემდეგ მკურნალობის კურსს იმეორებენ.

დაავადების პროფილაქტიკისათვის მიმართავენ ვაქცინაციას, რომელსაც უტარებენ 2-4 თვის ასაკის გოჭებს.



წყარო

ღორის მოშენება და დაავადებათა პროფილაქტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები