ღორის ჭირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღორის ჭირი

ღორის ჭირი - ინფექციური დაავადებაა. მისი აღმძვრელია ვირუსი, რომელიც გამოირჩევა დასნებოვნების მაღალი უნარით, აგრეთვე მდგრადობით გარემო ფაქტორების მიმართ. კერძოდ, გაცივებულ ხორცში იგი სიცოცხლის უნარს 2-4 თვის განმავლობაში ინარჩუნებს, გაყინულში - რამდენიმე წელს, შაშხში - 1-2 თვეს, დამარილებულში - 315-320 დღეს. ოთახის ტემპერატურაზე მყოფ სისხლსა და შრატში ვირუსი ცოცხალი რჩება სამი თვის განმავლობაში, ხოლო ნიადაგის ზედაპირზე, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების შედეგად, 3-5 დღის შემდეგ იღუპება. მასზე დამღუპველად მოქმედებს 2-3%-იანი მწვავე ტუტის ხსნარი, ახალჩამქრალი ან ქლორიანი კირისაგან მომზადებული 15-20%-იანი კირის რძე.

ჭირის ამთვისებელია ყველა ჯიშისა და ასაკის შინაური, აგრეთვე ყველა სახეობის გარეული ღორი. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ცხოველი, აგრეთვე - დაავადებამოხდილი, რომელიც ვირუსმატარებელია. დაავადებული ცხოველის ორგანიზმიდან ვირუსი შარდთან და ცხვირის გამონადენთან ერთად გამოიყოფა. ინფექციის გადაცემის ფაქტორებია იძულებით დაკლული ღორის ნაკლავი, სუბპროდუქტები, ლეშები, ხორცკომბინატისა და სამზარეულოს გაუვნებელი ანარჩენები, ავადყოფი ან ვირუსმატარებელი ცხოველების გამონაყოფებით დაინფიცირებული საკვები, სარწყულებლები, საძოვრები, მოვლის საგნები, მომვლელი პერსონალის ტანსაცმელი და სხვ.

ჯანმრთელი ღორი ავადდება ავადმყოფ ცხოველთან უშუალო კონტაქტით ან ალიმენტარული გზით. დასნებოვნება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ უპირატესად - შემოდგომაზე, როდესაც ხდება ღორის სახორცედ ჩაბარება და ამ მიზნით მისი გადაადგილება.

ორგანიზმში მოხვედრილი ჭირის ვირუსი სისხლის გზით მთელ ორგანიზმში ვრცელდება, მაგრამ ძირითადად ლიმფურ კვანძებში, ძვლის ტვინში, ნაწლავის ლორწოვან გარსში და სისხლძარღვების ენდოთელიუმში კონცენტრირდება. მისი გამრავლების შედეგად ვითარდება ლორწოვანი გარსების სეროზულჰემორაგიული ანთება, ზიანდება სისხლძარღვები, რის შედეგად ჩნდება მრავლობითი სისხლჩაქცევები, წარმოიქმნება ნეკროზული კერები ლიმფურ კვანძებში, ნაწლავებსა და კანზე, აგრეთვე ინფილტრატი თავისა და ზურგის ტვინში. დავადების მწვავე ფორმით მიმდინარეობის დროს სიკვდილი განპირობებულია ყველა, განსაკუთრებით სისხლის მიმოქცევისა და სისხლწარმოქმნის სისტემებში განვითარებული მძიმე მორფოლოგიური ცვლილებებით. გარდა ამისა, ჭირის დროს ხდება ნივთირებათა ცვლის ძლიერი მოშლა, რასაც ახლავს ცილების, ნუკლეინის მჟავებისა და სხვა აზოტშემცველი ნაერთების ინტენსიური დაშლა. შედეგად, დიდი ოდენობით წარმოიქმნება ციანიდების ტიპის მომწამლავი ნივთიერებები, რაც ტოქსიკოზს და ცხოველის სიკვდილს იწვევს.

ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა 1-9 დღეა. დაავადება მიმდინარეობს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმით, მეძუძურ გოჭებში - ელვისებრი ფორმით.

მწვავე ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა 40,5-41°-მდე მატულობს. ციებ-ცხელებას მუდმივი ხასიათი აქვს. მადა დაქვეითებულია. აღინიშნება პირღებინება, ყაბზობა, ფაღარათი. კონიუნქტივა ჰიპერემიულია, ქუთუთოები - შეშუპებული და შეწებებული ლორწოვან-ჩირქოვანი ექსუდატით. ღორი ტაატით მოძრაობს, გრილ ადგილს ეძებს და უპირატესად ქვეშსაფენშია ჩაფლული. შარდვის პროცესი გართულებულია. ზოგჯერ შარდი მუქი ყავისფერ შეფერილობას იძენს. დაავადების მეხუთე-მეექვსე დღეს კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები ჩნდება, რომლებიც შემდეგ მუქი მეწამული ფერის მქონე ლაქებად ფართოვდება. გულის მუშაობა შესუსტებულია, სუნთქვა - გახშირებული და გართულებული. ყურები, დრუნჩი, მუცელი და კუდი გალურჯებულია. ზოგჯერ აღინიშნება ცხვირიდან სისხლდენა, კრუნჩხვები, უკანა კიდურების პარეზი ან დამბლა. მეშვიდე-მეათე დღეს ღორი იღუპება. ლეტალობა 80-100%-ს აღწევს. Eლვისებრი ფორმისათვის დამახასიათებელია ციებ-ცხელება, დაძაბუნება, პირღებინების შეტევები. დაავადების გამოვლენიდან ორ დღეში გოჭი კვდება.

ქვემწვავე და ქრონიკული მიმდინარეობები ვირუსის ვირულენტობის შემცირების შედეგია. ამ დროს სხეულის ტემპერატურა პერიოდულად მატულობს. აღინიშნება ყაბზობა, რომელიც ფაღარათით იცვლება. ცხოველი გამხდარია. კანზე წარმოიქმნება ეგზემატოზური დაზიანებები. სეკუნდარული ინფექციის შედეგად დაავადება პნევმონიით რთულდება. ღორი ახველებს, სუნთქვა გართულებულია, ჩნდება გამონადენი ცხვირიდან. იგი განლეულია, უპირატესად წევს, კანი დაფარულია ეგზემატოზური ქერქებით. ქვემწვავე ფორმის დროს დაავადების ხარგრძლივობა 2-3 კვრაა, ქრონიკულის დროს - 4-6 კვირა. ლეტალობის მაჩვენებელი, შესაბამისად, 60 და 30%-ს შეადგენს.

ღორის ჭირზე დიაგნოზი დგინდება ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების, აგრეთვე ლაბორატორიული სადიაგნოსტიკო გამოკვლევისა და გაკვეთის შედეგების საფუძველზე, რომელსაც ვეტერინარი სპეციალისტი ატარებს. ჭირით დაავადებული ღორის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. ხელოვნური იმუნიტეტის შექმნისათვის მიმართავენ ვაქცინაციას.


წყარო

ღორის მოშენება და დაავადებათა პროფილაქტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები