ყანჩელი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ყანჩელი

ყანჩელი ალექსანდრე – (1875 – 1948), იურისტი, პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა გორში. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1900 წლიდან მუშაობდა თბილისში, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ და ამ გაზეთში აქვეყნებდა ლექსებს, თარგმანებს და ფელეტონებს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ძირითადად თარგმნიდა ქართულ პოეზიას რუსულად. იგი ახლოს იყოს ცისფერყანწელების ჯგუფთან. მას ეკუთვნის ცნობილი ლექსი „თბილისს“, რომელიც 1927 წელს „ქართულ მწერლობაში“ დაიბეჭდა და თბილისის ძირძველი უბნის კოლორიტს ასახავს.


თბილისი
ჩემს ძველ თბილისსა, ფეროვანსა, კვლავ ვუბრუნდები...
მიყვარს მტკვრის პირი, დახლართული ვიწრო ქუჩები,
ხშირად სიმღერა გამომითქვამს შაითან-ბაზარზე,
შევჩერებულვარ გაოცებით ნანგრევის კარზე.
ორი თბილისი... ერთი არის ღია წერილი;
მღერის ოპერა, ათამაშებს ბავშვებს პერინი,
მთაწმინდის გულსა ჰჭრის რელსებით ფუნიკულიორი,
და მოსკოვის ხმას ჩუმათ ისმენს რადიო-ყური.
„სასიკვდილოა!“ ავჭალიდან ღმუის „ზაჰესი“,
წითელი ჯოხით დაცულია ქუჩების წესი,
შოთას პროსპექტზე წინ და უკან გარბის პორტფელი,
ქალებს ატყუებს ძველი ძონძით ამერიკელი.
აფთიაქივით გაწმენდილნი დგანან ბაღები
ზარით და ზურნით იყიდება რძე და ნაღები,
რკინა-ბეტონით იმოსება „ცის დამფხაჭვნელი“,
გოლანდიელად იხედება ყველა რაჭველი...
ძველი თბილისი... ოქრომჭედლის ბნელი დუქანი,
ყურანის სიტყვით კურთხეული ძველი ხანჯალი,
და მარგალიტი, საოცნებო ხილის მარცვალი...
ყაზახის ნოხზე ყალიონს სწევს ბრძენი სპარსელი,
ფერმკრთალ ხელებში იგინება ჩიბუხის გველი...
მისთვის ერთია: რიზა-შაჰი, თუ კომისარი,
დიდი სპარსეთი, თუ თბილისის შაითან-ბაზარი.
სადღაც სარდაფში ქეიფია ყარაჩოღული, —
ხელადით ღვინო, ბატკნის მწვადი... და კარგი გული...
თამადა ბრძანებს: „გაუმარჯოს ლამაზ ჩიტუნას,
რომელიც რომა შეიყვარებს ჩვენ ძმა ჩიტუნას“...
საღამო არის... ანჩისხატში ზარებს რეკავენ,
და დაქანცულნი ხელოსნები დუქნებს ჰკეტავენ...
აგერ ფანჯრიდან გამოშუქდა მკრთალი ლამპარი
და ძველ თბილისსა მოეფინა ძველი ზღაპარი...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები