ყურის კლინიკური გამოკვლევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყურის კლინიკური გამოკვლევა

  1. ყურის ნიჟარის დათვალიერება აუცილებელია რომელიმე თანდაყოლილი პათოლოგიის აღმოსაჩენად რაც, შესაძლოა, გამტარებლობითი სმენის დაქვეითების მიზეზი იყოს. ასევე, უნდა დავაკვირდეთ ხომ არ არსებობს განაკვეთის შედეგად წარმოქმნილი იარა.
  2. გარეთა სასმენი მილის და დაფის აპკის დათვალიერება – ოტოსკოპია. ამისათვის საჭიროა გამადიდებელი ხელსაწყოები: ოტოსკოპი ან მიკროსკოპი. ზოგიერთ შემთხვევაში, ოტოსკოპია შესაძლოა განხორციელდეს ენდოსკოპიური ინსტრუმენტებითაც, 00 ან 300-იანი ენდოსკოპით.

როგორც წესი, პედიატრები ან თერაპევტები იყენებენ პორტატულ ოტოსკოპებს, რაც საშუალებას იძლევა სახლის პირობებში ადეკვატურად შეფასდეს პაციენტის ყური.

აღსანიშნავია, რომ სახლის პირობებში, ზოგიერთ შემთხვევაში, გარეთა სასმენი მილის გოგირდოვანი მასებით დაცობისას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან პატარა ზომის ყურის სარკე – სპეკულომი, რომლის ვიწრო პირიც გზას გაიკვლევს გოგირდოვან მასაში და მოგვცემს საშუალებას შევაფასოთ დაფის აპკის მდგომარეობა.

ნორმალური დაფის აპკის ოტოსკოპიური სურათი სქემატურად

გარეთა სასმენი მილის გოგირდოვანი საცობის ამოღება ხორციელდება წყლის ჭავლით ან, მიკროსკოპის კონტროლის ქვეშ, პნევმატური საწოვით.

თუმცა, ეს უკანასკნელი მეთოდი უფრო სრულყოფილია და დაფის აპკის პერფორაციის შემთხვევაშიც უსაფრთხოა, რასაც ვერ ვიტყვით წყლის ჭავლზე.

დაფის აპკის პერფორაციის შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულება, შუა ყურში ინფექციის შეტანის სახით.

ნებისმიერი დელიკატური მანიპულაციის შესრულებისას, უმჯობესია პაციენტი დაწოლილ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. ამ დროს, მისი თავის ფიქსაციის საშუალება უფრო დიდია.

დაფის აპკის უკეთესი ვიზუალიზაციისთვის, ზოგ შემთხვევაში, ყურის ნიჟარის სხვადასხვა მიმართულებით გაწევა გვიხდება.

გარეთა სასმენი მილის დიამეტრის მიხედვით, ვარჩევთ ყურის სარკეს (სპეკულომს). ოტოსკოპს ვიჭერთ ჰომოლატერალური ხელით. (მაგალითად, თუ მარცხენა ყურის გასინჯვა გვსურს, მარცხენა ხელით), მეორე ხელით ყურის ნიჟარას ვწევთ ცოტათი ზემოთ და სარკის პატარა ბოლოს გარეთა სასმენ მილში ვდგამთ.

ყურის სარკის მდებარეობა დაფის აპკის დათვალიერებისას

გარეთა სასმენი მილის დათვალიერებისას, ყურადღებას ვაქცევთ მის ზომას, კანის მდგომარეობას, შესაძლო პათოლოგიური პროცესების არსებობას: ოსტეომას, შეშუპებას.

გარეთა სასმენი მილის დიამეტრი და ფორმა ინდივიდუალურია. ზოგიერთ შემთხვევაში, დაფის აპკის ვიზუალიზაცია სარკის ჩადგმისთანავე არის შესაძლებელი, ზოგჯერ კი გარეთა სასმენი მილი ისეთი ვიწრო და დაკლაკნილია, რომ დაფის აპკის დანახვა მხოლოდ ძალიან ვიწრო სარკით არის შესაძლებელი. დაფის აპკის დათვალიერებისას, ყურადღება უნდა მივაქციოთ მის სავარაუდო პერფორაციას, მის ფერს და დაჭიმულობის ხარისხს, რაც ამა თუ იმ პათოლოგიზე მიუთითებს. რუხი ფერის თანაბრად დაჭიმული დაფის აპკი ნორმალური, ჯანმრთელი ყურის მაჩვენებელია. მღვრიე, ჩაზნექილი ან გამობერილი კი, შესაბამისად, ექსუდატურ, ადჰეზიურ ან ჩირქოვან პათოლოგიაზე გვაფიქრებინებს. იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა დაფის აპკის სისქეში შევნიშნოთ თეთრი ფერის ლაქები, რაც სუბმუკოზური ჰიალინის დაგროვების შედეგია. ჩვენ მათ ტიმპანოსკლეროზს ვუწოდებთ. ისინი ნაწიბუროვანი პროცესის შედეგს წარმოადგენენ და არ ახდენენ დიდ გავლენას სმენის ფუნქციაზე.

პატარა ბავშვის ოტოსკოპიაც უმჯობესია დაწოლილ მდგომარეობაში განხორციელდეს, რათა ყურის ფიქსაცია უფრო ადვილი იყოს.

NOTA BENE

დაფის აპკზე არსებული ფუფხის ქვეშ, შესაძლოა იმალებოდეს ქოლესტეატომური პროცესი; არ აგვერიოს გარეთა სასმენ მილში არსებული სისხლის ფუფხი შუა ყურის ოტიტში; გარეთა სასმენი მილის გასუფთავება ჩვილ ბავშვებში ითხოვს დიდ სიფრთხილეს, რადგანაც მათი კანი ძალიან ნაზია;

გარეთა სასმენი მილის და დაფის აპკის კუთხის განსხვავება ახალშობილსა და ზრდასრულ პაციენტში.

ახალდაბადებული ბავშვის ოტოსკოპიური კვლევისას, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ჩვილებში გარეთა სასმენი მილის და დაფის აპკის მიერ შექმნილი კუთხე 20-25 გრადუსს შეადგენს. მოზრდილებში ეს კუთხე უფრო დიდია – 50 გრადუსამდე ადის. ამიტომ შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ჩვილის დაფის აპკი უფრო პატარაა, თუმცა ეს ასე არ არის.






წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები