ყურის ტრავმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყურის ტრავმები — თავის ქალას და ბაროტრავმების გარდა, ხშირად გვხვდება თავად ყურის ტრავმებიც. ეს გარემოება აუცილებელს ხდის ამ ტრავმების მართვის ცოდნას, რათა მას არ მოჰყვეს შემდგომი სერიოზული გართულებები.

სარჩევი

დაფის აპკის ტრავმები

„სილის გარტყმის“ ეფექტი

მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა არ იყოს ხელის გარტყმა პირდაპირი გაგებით, ეს სახელი მაინც კარგად გამოხატავს ამ ტრავმის ხასიათს და მექანიზმს.

„წყალში ჩავარდნა“ ანუ, ჰაერის ნაკადით მიღებული ტრავმა, ხშირად დაფის აპკის მთლიანობის დარღვევას იწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, ხევს მას. დაზიანების ზომები შეიძლება იყოს მცირე და ტოტალური.

ამ დაზიანების უმრავლესობა თვითგანკურნებით მთავრდება. მთავარია პაციენტი დავიცვათ ინფექციისგან. ზოგი საერთოდ არ ნიშნავს ყურის წვეთებს, ზოგი ნიშნავს ადგილობრივ ანტიბიოტიკებს, ზოგი – სისტემურს. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, პაციენტი 10-20 დღეში გამთლიანებული დაფის აპკით გესტუმრებათ კონტროლზე. იმ შემთხვევაში, როდესაც პერფორაციას თან ახლავს ვესტიბულარული ნიშნები (ვერტიგო, ნისტაგმი), პერილიმფატიკური ფისტულის გამოსარიცხად საჭირო ხდება ქირურგიული რევიზია – ოპერაცია.

NOTA BENE
  • დაფის აპკის პერფორაციის დროს, უნდა გვახსოვდეს – პაციენტს არ უნდა დავუნიშნოთ შუა ყურისათვის აგრესიული ყურის წვეთები, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ გარეთა ყურისთვის არის ნებადართული;
  • ტრავმის შემდეგ, სასწრაფოდ არის საჭირო ოტოლოგის კონსულტაცია;
  • ვესტიბულარული დარღვევის ნიშნების შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული რევიზია – ოპერაცია პერილიმფატიკური ფისტულის გამოსარიცხად ან დასახურად;


დაფის აპკის მჩხვლეტავი დაზიანება

უმეტესწილად, ეს ყურის ჩხირების, ასანთის ღერის, გასაღების ან სხვა რაიმე ტიპის უცხო სხეულის გამოყენებით მიყენებული დაზიანებაა. ყურის გამოწმენდის ან ფხანის დროს, უცაბედი მოძრაობა იწვევს დაფის აპკის დაზიანებას. შესაძლოა როგორც მხოლოდ დაფის აპკის დაზიანება, ასევე, სასმენი ძვლების ჯაჭვის დაზიანებაც. თუ ეჭვი გვაქვს ლაბირინთის დაზიანებაზე, რაზედაც კლინიკური ნიშნები მიუთითებს (თავბრუსხვევა, ნისტაგმი), მაშინ აუცილებელია დავაყენოთ ქირურგიული რევიზიის საკითხი პირველივე საათებში, რაც მიმართული იქნება პერილიმფატიკური ფისტულის ძებნა-დახურვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შიდა ყურის ფუნქციის მოშლა.

უცხო სხეულის ამოღების მცდელობით მიყენებული დაზიანებები

ნებისმიერი უცხო სხეული აუცილებლად უნდა იყოს ამოღებული სპეციალისტის მიერ, რადგანაც, ამოღების არასწორი მცდელობით მიყენებული დაზიანება, შესაძლოა, სერიოზული ოპერაციის მიზეზი გახდეს.

NOTA BENE
  • ყურის ნებისმიერი დაზიანება საჭიროებს პაციენტის სპეციალისტთან კონსულტაციას; ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ სერიოზულ გართულებებს, რის შედეგადაც პაციენტმა შესაძლოა დაკარგოს სმენა და წონასწორობის აპარატიც დაიზიანოს;


ბაროტრავმები

მოქმედებები, რომლებიც იწვევს წნევის ცვალებადობას (ყვინთვა, პარაშუტით ხტომა, უეცარი დაფრენა), შესაძლოა გახდეს ყურის სხვადასხვა ნაწილის დაზიანების მიზეზი.

შუა ყურის დაზიანება: დაფის აპკში სითხის დაგროვება, დაფის აპკის ჰიპერემია და, უკიდურეს შემთხვევაში, დაფის აპკის სტრუქტურის დარღვევა.

შიდა ყურის დაზიანება: ტინიტუსი, ვერტიგო ან კოფოზი, ზოგ შემთხვევაში, რაღაც პერიოდის შემდეგ, თავისით გადის.

ნებისმიერი ბაროტრავმა სასწრაფოდ საჭიროებს ოტოლოგის კონსულტაციას.

სამკურნალო ღონისძიებები მოიცავს აუდიოლოგიურ კვლევებს, ვაზოდილატატორების დანიშვნას, (როგორც უეცარი სიყრუის დროს).

ყველაზე კარგი მკურნალობა არის პრევენცია.

რეკომენდაციები მყვინთავების და წყალში მხტომელებისთვის

ყვინთვისას, სიღრმის ყოველ 10 მ-ზე, დაფის აპკზე ზეწოლა საგრძნობლად იზრდება. ამიტომ ნებისმიერი მყვინთავი უნდა ფლობდეს დეკომპრესიის მეთოდს – ვალსალვას მანევრს. ზედაპირზე ამოსვლისას დაფის აპკი ნაკლებად იტვირთება, რადგანაც ევსტაქის მილი უფრო კარგად ატარებს ჰაერს უკუმიმართულებით.

ყვინთვის აკრძალვა ხდება შემდეგ შემთხვევებში:

— ცხვირის ნებისმიერი ობსტრუქციის დროს;
— ევსტაქის მილის დისფუნქციის დროს;
ოტოსკლეროზის ოპერაციის შემდეგ (მხოლოდ სტაპედექტომიის შემთხვევაში, სტაპედოტომიის მეთოდით გაკეთებული ოტოსკლეროზის ოპერაცია 10 მ-ზე ყვინთვას არ უშლის ხელს);

ეს აკრძალვები არ ეხებათ პაციენტებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ტიმპანოპლასტიკის და მასტოიდექტომიის+ტიმპანოლასტიკის ოპერაცია.

ავიაფრენები არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რადგანაც ამ დროს წნევის ცვალებადობა და დაფის აპკის დატვირთვა არ არის მუდმივი და ძლიერი (წნევის ცვალებადობა ხდება 0-2000 მ.-დან 2000-0 მ. ინტერვალში).

ყურზე ოპერაციები, როგორიცაა: ტიმპანოპლასტიკა, ოტოსკლეროზი, ოსიკულოპლასტიკა, ერთი თვის მანძილზე კრძალავს თვითმფრინავით სარგებლობას. ეს არ ეხება რადიკალურ ოპერაციას.

სინუსიტიან პაციენტებს ვურჩევთ დაფრენის დროს იხმარონ ცხვირის სხვადასხვა ვაზოკონსტრიქტორი, მაგ. Xylasol.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები