ნუცუბიძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შალვა ნუცუბიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ნუცუბიძე

ნუცუბიძე ვარლამ (შალვა) ისაკის ძე - (14.XII.1888, სოფ. ფარცხანაყანევი - 1969) ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1910 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. 1911-1914 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაიფციგში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება - ალეთოლოგია. 1915 წელს მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1916-1918 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. 1918 იყო თსუ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1918-1953 და 1960-1969 წლებში ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. ამ პარტიაში 1915 წლიდან გაწევრიანდა. ამ დრომდე კი, როგორც თავად წერს 1918 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში, იყო სოციალ-დემოკრატი. შედიოდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში, რომელიც გამოეყო ძირითად პარტიას და 1921-1923 წლებში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, თუმცა მკაცრად აკრიტიკებდა მათ ეროვნულ პოლიტიკას.

1925-1926 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 1927 წელს მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ოცდაათიანი წლების II ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ „აღმოსავლური რენესანსის“ საკითხებს. დიდი წვლილი შეიტანა ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში. ეს ჰიპოთეზა წამოაყენა 1942 წელს. მისგან დამოუკიდებლად ამავე დასკვნამდე მივიდა ბელგიელი მეცნიერი და ბიზანტიოლოგი ერნესტ ჰონიგმანი 1952 წელს, რის შემდეგაც აღნიშნულ თეორიას ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ეწოდა. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ავტორის ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, განსაზღვრა რუსთაველის ადგილი რენესანსში. ნუცუბიძის აზრით, ვეფხისტყაოსანი მოწინავე აღმოსავლეთის ქვეყნების საერთო კულტურული ცხოვრების პოეტური გამოსახვა და ქართული რენესანსის მწვერვალია. მისი დასაბუთებით, ვეფხისტყაოსნის ფილოსოფიური წყარო ქართული ნეოპლატონიზმია, რომლის ძირითადი იდეა - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება - პოემაში მხატვრულად არის განსახიერებული. მან რუსულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, „აბდულმესიანი“, „თამარიანი“, ხალხური „ამირანიანი“. ცნობილია აგრეთვე ნუცუბიძის გამოკვლევები ესთეტიკის, ქართული კულტურის ისტორიის სხვადასხვა საკითხზე, ბერძნული „ბალავარიანის“ ქართული წარმომავლობის შესახებ და სხვ.

1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა რეჟიმის მხრიდან: დაპატიმრებული იყო 1921 და 1938-1940 წლებში, 1953-1960 წლებში გაძევებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობა. თბილისის უნივერსიტეტში ნუცუბიძის მიერ 20-იან წლებში დაარსებული სემინარები იქცა ფილოსოფიური აზროვნების კერად, სადაც აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი მოაზროვნეები. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში.

თხზულებები

  • შ. ნუცუბიძე, კითხვები ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაზე, ტომი I-II, სანკტ-პეტერბურგი, 1913 (რუსულად);
  • ხელოვნების თეორია, მონისტური ესთეტიკის საფუძვლები, თბ., 1920;
  • ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა (მონოგრაფია), ბერლინი-ლაიფციგი, 1926 (გერმანულად);
  • ფილოსოფია და სიბრძნე (მონოგრაფია), ბერლინი, 1931 (გერმანულად);
  • რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი (მონოგრაფია), თბ,. 1947, 1967 (რუსულად);
  • ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტომი I, თბ., 1956; ტომი II, თბ., 1958 (ქართულად).
დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

  • შ. ხიდაშელი, შალვა ნუცუბიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1969 (ახლავს ნუცუბიძის ბიბლიოგრაფია);
  • Ш. И. Нуцубидзе, (К 90-летию со дня рождения), Сборник, Тб., 1980;
  • სცსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 1378.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები