შენგელაია ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ შენგელაია

შენგელაია ნიკოლოზ − (1901 − 1943), პოეტი, კინორეჟისორი. დაიბადა სოფელ ობუჯში (წალენჯიხა). 1919 წელს დაიწყო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე. 1922 წლიდან წერდა ლექსებს; 1923-1924 წლებში მუშაობდა საბჭოთა სავაჭრო ფლოტში; 1924 წელს კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია იგი რეჟისორის ასისტენტად ფილმზე „ქარიშხლის წინ”; 1926-1927 წლებში სერგო კლდიაშვილთან ერთად დაწერა სცენარი ფილმებისთვის „სამანიშვილის დედინაცვალი” და „გაფლანგვა”; 1927 წლიდან დაიწყო რეჟისორობა. პირველი ფილმი „გიული” მან ლეო პუშთან ერთად გადაიღო იმავე წელს. მის შემოქმედებაში მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეული ფილმი იყო ალ. ყაზბეგის ნაწარმოების მოტივებზე გადაღებული „ელისო”, რომელიც მან 1928 წელს გადაიღო. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: «двадцать шесть коммисаров» (1933), „ნარინჯის ველი” (1937), „სამშობლო” (1939), „შავ მთებში” (1941), „ის კიდევ დაბრუნდება” (1943). თარგმნილი აქვს ვლადიმირ მაიაკოვსკის ლექსები.


გზა სვანური სოფლისკენ
ზაფხული ხე-ტყით იყო მორთული,
კლდე გაპობილი.
მთების ლანდები დააწვა ღელეს...
მივიწყებული ხევში სოფელი
მოგზაურს ასე დაუსახელეს:
− „გზას გადაუხვევ, ვიწრო ბილიკზე
დაფანტულია საღამო ჩრდილში.
თოვლზე დაღლილი წვება რბილი მზე;
მაღლობზე ნაძვებს ღრუბლები მისდევს;
იქ ერთხელ დათვი ხანჯალით მოკლეს;
ოქროსფერ სათიბს მინდორი აწევს;
მარჯვნივ იქნება დაღმართი მოკლე.
ქვეშ წყალვარდნილი ოქროს კენჭებით.
და ჩაცვენილი ნალები გზიდან.
ღამე.
მარხილი ბზით დატვირთული
ოსურმა ხარმა აღმა ვერ ზიდა.
რქა ჰქონდა დიდი, ფერი ნაცარი;
იქიდან კლდეზე რომ გადახვიდეთ,
უნდა მოიბათ წელზე ბაწარი;
რომ გასცილდებით,
ორი მთა არი −
ხევში ღრუბელი
დაკიდულია როგორც წინდები;
იქ წაიხმარეთ მუჯუროს ტარი −
დაბლა ვაკეზე ჩამოდინდებით,
და დაინახავთ...
დიდი ყანაა წინაპრებიდან გაუყოფელი,
შავი კოშკები სდგას დევებივით.
იქ არი ჩემი თბილი სოფელი”.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები