შონბერგის კამერული სიმფონია №1

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შონბერგის კამერული სიმფონია №1 – (op. 9, №1 E-dur, 1906 წ. 15 სოლო საკრავისთვის), შონბერგის კამერული სიმფონია №1 XX საუკუნის დასაწყისის საერთო ესთეტიკური და სააზროვნო კატეგორიებიდან გამომდინარეობს და სიმფონიური მუსიკის განვითარების ისტორიის თვისობრივად ახალი ეტაპის დაწყებაზე მიგვითითებს. ამ ნაწარმოებში კომპოზიტორი, ერთი მხრივ, სონატურ-სიმფონიური ციკლის აგების ტრადიციულ ლოგიკას ემყარება, ხოლო მეორე მხრივ, იგი მუსიკალური ენის, მხატვრული შინაარსის და ზოგადმუსიკალური კანონზომიერების თვალსაზრისით, აბსოლუტურად ახალ მოვლენას წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება სიმფონიის მასშტაბების უკიდურესი შემჭიდროვება, ორკესტრის ნაცვლად სოლისტთა ანსამბლის გამოყენება, მუსიკალური ქსოვილის უკიდურესი პოლიფონიზაცია და ტონალური სისტემის დაშლის ტენდენცია.

ერთნაწილიანი კამერული სიმფონიის სტრუქტურა სონატური ფორმის და სონატურ-სიმფონიური ციკლის პრინციპების შერწყმის საფუძველზე ყალიბდება. ნაწარმოები მკაფიოდ იყოფა ხუთ ეპიზოდად – ექსპოზიცია, სკერცოზული ეპიზოდი დამუშავების წინ, საკუთრივ დამუშავება, ნელი ეპიზოდი (Adagio) რეპრიზის წინ და სარკისებური რეპრიზა კოდით. აღსანიშნავია, რომ ამ ერთნაწილიანი კომპოზიციის ეპიზოდები ერთმანეთისგან კვარტული თემითაა გამიჯნული, რომელიც ყველაზე მკაფიოდ ცხადყოფს ტონალური და ატონალური საწყისების ურთიერთქმედებას. საკუთრივ ტონალურ მიზიდულობას მოკლებული კვარტული თანხმოვანებების გარდა, სიმფონიის სხვა ეპიზოდებშიც ატონალობის თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ტონალური გაურკვევლობის ეფექტი იქმნება. ნაწარმოების რთული ქრომატიზებული ლინეარულ-პოლიფონიური ფაქტურა ტრადიციული ფუნქციური ლოგიკის ნიველირებას უწყობს ხელს.


წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები