წერეთელი გიორგი (აღმოსავლეთმცოდნე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი – (დ. 8 (21) ოქტომბერი 1904. დაბა თიანეთი, – გ. 9 სექტემბერი 1973, თბილისი), ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე; ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის ფუძემდებელი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1942). პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961), პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი (1966), დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი (1964).

დაამთავრა თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ლინგვისტური განყოფილება (1927); 1928 ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტად ლენინგრადში, სადაც დასპეციალდა ორიენტალისტიკის სხვადასხვა დარგში. ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში მიიწვიეს არაბული ენის დოცენტად (1932). 1913 დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში; ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი), (1963).

წერეთლის ინიციატივით დაარსდა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა (1945) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1960). 1957-67 ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებას. 1967-70 იყო ამავე მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.

წერეთლის სამეცნიერო კვლევის სფერო იყო არაბული ენათმეცნიერება და ფოლკლორი, ებრაისტიკა და არამეისტიკა, ახლო აღმოსავლეთის ძველი ენები და დამწერლობათა ისტორია, ქართველური ენათმეცნიერება, ქართული და შედარებითი ლექსთწყობის საკითხები, თეორიული ლინგვისტიკის პრობლემები.

წერეთლის შტუდიებმა არაბისტიკის დარგში ახალი პერსპექტივები გადაუშალა ამ მეცნიერებას. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები შუა აზიის მანამდე უცნობი დიალექტების შესახებ (შუა აზიის არაბული დიალექტები. I. ბუხარული დიალექტი, თბ., 1956. რუს. ენაზე). მსოფლიო სემიტოლოგიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება წერეთლის მიერ წამოწყებული სამუშაო არმაზში აღმოჩენილი წარწერების ამოკითხვისა და კვლევის საქმეში. ამ დარგს მიუძღვნა მან გამოკვლევები „არმაზის ბილინგვა“ (თბ., 1941) და „არმაზული წარწერა მითრიდატე იბერიელის ხანისა“ (მ., 1962). ეს გამოკვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სემიტური დამწერლობის ისტორიისათვის; დადგინდა არამეული დამწერლობის ახალი სახეობა, რომელიც მეცნიერებაში „არმაზის არამეულის“ სახელწოდებით დამკვიდრდა. წერეთლის მიერ შესწავლილ არმაზის არამეულ წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც აღმოსავლურ-არამეული დამწერლობისა და მის განშტოებათა ისტორიული შესწავლის, ისე იბერიის კულტურულ-ისტორიულ პრობლემათა და ქართული ანბანის წარმოშობის კვლევისათვის. ქართული კულტურის ისტორიისათვის ფასეულია წერეთლის მონოგრაფია „უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან“ (თბ., 1960), აგრეთვე გამოკვლევა „მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა“ (თბ. 1958).

წერეთელს წვლილი მიუძღვის ძველი აღმოსავლური ენების შესწავლაში („საქართველოს მუზეუმის ურარტული ძეგლები“, თბ., 1939). თეორიული ლინგვისტიკის დარგში აღსანიშნავია მისი გამოკვლევა „ენობრივი ნათესაობისა და ენობრივ კავშირთა შესახებ” (1968), რომელშიც განვითარებულია თვალსაზრისი ენათა „შენათესავების” თაობაზე, რასაც მან ენათა „ალოგენეტური ურთიერთობა“ უწოდა.

დიდია წერეთლის ღვაწლი „ვეფხისტყაოსნის” კრიტიკული ტექსტის დადგენაში. ამ დარგში გამოქვეყნებულ შრომათაგან აღსანიშნავია მონოგრაფია „მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში“ (1973) გ. წერეთელს მიღებული ჰქონდა სახელისუფლო ჯილდოები.

თ. გამყრელიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები