ჭიშკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭიშკარი

ჭიშკარი - ტრადიციული ქართული საცხოვრებელი ეზო - კარის შესასვლელი, სხვადასხვა ტიპის და მასალისგან აგებული ნაგებობა. არსებობდა ტიპური ჭიშკრების მარტივი და რთული ფორმები.

მარტივი ჭიშკარი პატარაა, რთული ჭიშკრები დიდია და ხუროთმოძღვრულ ყაიდაზე შესრულებული. ჭიშკრებში მთავარი ფუნქცია ეკისრება ცენტრალურ, წინა ეზოს შესასვლელ ჭიშკარს და ვხვდებით როგორც გადახურულ, ასევე გადაუხურავს. გადახურული ჭიშკრების უმეტესობა ორქანობიანია და დახურულია კრამიტით ან ყავრით. ზოგჯერ ჭიშკრების სახურავქვეშ აწყობდნენ სხვადასხვა სამეურნეო სათავსს. ჭიშკრის მასალად გამოყენებული იყო ხე, ქვა, რკინა. განსაკუთრებით საინტერესოა ხის ჭიშკრები, თავიანთი ხარატული სამშვენისებითა და ანთროპომორფული და ზოომორფული მოტივებით. დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული ქვის სვეტებიანი ჭიშკრები. ერთ ჭიშკარში განთავსებული იყო სამი სვეტი, რომლებიც ქმნიდნენ ორ გასასვლელს, ერთს - პატარას - ადამიანთათვის და მეორეს დიდს - ტრანსპორტისათვის. ქვის სვეტების შემკულობაში დიდი ადგილი უჭირავს სხვადასხვა ტიპის ორნამენტებს, სიცოცხლის ხეს, ვაზს, ირმისა და ლომის გამოსახულებებს, წარწერებს და ა.შ. ქვის სვეტებიანი ჭიშკრები ოჯახის შეძლებაზე მიანიშნებდა. ასეთი მიდგომა აპირობებდა ხელოსნური დონის ამაღლებას და მაღლა სწევდა მის ფასს.


ლიტერატურა

ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები