ხატიაშვილი თეო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეო ხატიაშვილი ხელოვნებათმცოდნე

თეო ხატიაშვილი - კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 1990 წ. დაამთავრა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობა. 1997 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყარო“.

1998-2014 წწ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, 2014-2019 წწ. კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იყო. 2019 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორია. სხვადასხვა წლებში ასწავლიდა კინოს ისტორიას სასწავლო-სატელევიზიო ცენტრში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, თსუ-ს ხელოვნების თეორიისა და ისტორიის კათედრაზე.

1990 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა ბეჭდვით მედიაში. 2006-2010 წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის I რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემა საღამო მშვიდობისა, ბაბილონ. 2007-2014 წწ. იყო გადაცემა წითელი ზონის რედაქტორი (რადიო „თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი). 2020 წელს ჟურნალ კინ-O-ს მთავარი რედაქტორია.

დაინტერესებულია კინოში გენდერული ასპექტების კვლევით. 1999-2001 წწ. ხელმძღვანელობდა RSS-ის ჯგუფურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს „ქალი და მამაკაცი კინოში: გენდერული სტერეოტიპები და მათი ტრანსფორმაცია“. 2002-2004 წწ. იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ქალთა პროგრამის ბორდის, ხოლო 2004-2006 წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სასცენარო კომისიის წევრი.

1998 წ.-დან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

გამოცემული აქვს წიგნები „ახალი ტალღები“ 50-60-იანი წლების დასავლურ კინოში“ და „ფარაჯანოვი“ (ილიაუნის გზამკვლევის სერიით).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები