ხვარამზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ხვარამზე მინდოდაური-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხვარამზე – ხვარამზე სამუკას ასული მინდოდაური, XIX საუკუნის ქართველი სახალხო მთქმელი, ფშაველი მელექსე ქალი. ჩვენამდე მოღწეულია მინდოდაურის რამდენიმე სატრფიალო ლექსი, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ლექსმა „სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა“, რომელიც შეყვარებული ქალ-ვაჟის დიალოგს წარმოადგენს. ლექსი პირველად ჩაწერა პეტრე უმიკაშვილმა (1886). ტექსტი ჩაუწერიათ აგრეთვე ილია ჭავჭავაძეს, დავით ხიზანიშვილს, თედო რაზიკაშვილს. პირველად გამოქვეყნდა 1934 წელს. პირველი ცნობები ვაჟიკასა და მელექსე ქალის ვინაობაზე ეკუთვნის თ. რაზიკაშვილს; მინდოდაურის სატრფოსთვის – ვაჟიკასთვის სხვა ქალი შეურთავთ. მინდოდაური ვაჟა-ფშაველას დედის – გულქანის თანატოლი და მეგობარი ყოფილა.


* * *
ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი, შაგერგებოდი.
ანა მქნა ვერცხლის სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი;
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი;
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი!
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდი;
ანა მქნა ვარდი ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი;
ანა მქნა მოის პერანგი,
რო გულზე დაგადნებოდი!
ან შენი ძმა მქნა მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი;
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი!
ძალიან დაწუხებული
გზაზედამც შაგეყრებოდი!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები