ხის ორიენტირებული ფილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Xis orientirebuli fila.jpg

ხის ორიენტირებული ფილა (OSB) (ინგლ. Oriented Strand Board) – ხის ფილა გრძელი ბურბუშელასაგან (ხის ნაჭრებისაგან) სისქით 0,6 მმ-მდე და სიგრძით 140 მმ-მდე. მზადდება მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ დაწნეხის მეთოდით. შესაწებებლად გამოიყენება წყალმედეგი წებოები (იზოციანური, შარდოვანამელამინურფენოლფორმალდეჰიდური). ხის ნაჭრები ხალიჩის მაგვარად ეწყობა სამ ფენად. გარე ფენებს ქმნის ნაჭრები, რომლებიც ორიენტირებულია მზა ფილის გრძივი ღერძის გასწვრივ, ხოლო შუა ფენის ნაჭრები განლაგებულია მათ მართობულად. ასეთი სტრუქტურის შექმნით ვიღებთ ანიზოტროპიულ მასალას – ამაღლებული სიმტკიცით ღუნვაზე და ამაღლებული დრეკადი სიმტკიცით ფილის მთავარი გრძივი ღერძის მიმართ. შინაარსით ფილა OSB „გაუმჯობესებული მერქანია“, უფრო მტკიცე და მოქნილი, რადგან ბრტყელ ნაჭრებში შენარჩუნებულია მერქნის ყველა დადებითი თვისება დეფექტებისა და მანკების გარეშე. ფილა OSB წარმოადგენს ხის წარმომავლობის პირველ ფილას შექმნილს მშენებლობისათვის. ის თანდათან აძევებს ხმარებიდან ფანერსა და მერქანბურბუშელოვან ფილებს. ზედაპირის სპეციალური დამუშავება (Conti Finish) უზრუნველყოფს ფილის წყალ- და ცეცხლმედეგობას, რომლითაც მნიშვნელოვნად უსწრებს მასიურ მერქანს. ის მედეგია ატმოსფერული ცვლილებებისადმი (ტენიანობა, ტემპერატურა), ადვილად სუფთავდება მტვერისაგან და მუშავდება ყველა იმ ინსტრუმენტით, რომელსაც ვიყენებთ სადურგლო წარმოებაში. ეს ფილები იმითაც გამოირჩევა, რომ ადვილად იჭერს ტანში ლითონის მაკავშირებლებს. OSB ფილების წარმოებისათვის ძირითადად იყენებენ ფიჭვისა და ვერხვის ნარჩენებს. ფილაში მერქნის რაოდენობაა 95%, ხოლო შემკვრელის – 5%, ამიტომ ეს მასალა ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ფილაა დღემდე არსებულ სხვა ხის ფილებთან შედარებით, როგორც მზა მასალის, ისე წარმოების მხრივ. წებოს სიმცირე უზრუნველყოფს ფილის სიმსუბუქეს (სიმკვრივე 650 კგ/მ3), დაბალ თბოგამტარობას, ბგერაშთანთქმის კარგ უნარს, დამუშავების სიმარტივეს და არაჩვეულებრივ ესტეთიკურ გარეგნობას. გამოდის ოთხი სახის: OSB-1, OSB-2, OSB-3 და OSB-4. აქედან ყველაზე მოთხოვნადია OSB-3 მისი უნივერსალურობისა და დაბალი ფასის გამო. OSB-4 გამოირჩევა მაღალი ტენმედეგობითა და ზემაღალი სიმტკიცით. ფილების ძირითადი ზომებია: სისქე – 6, 8, 10, 12, 15, 18 და 22 მმ; სიგანე – 1045 (OSB-3, სისქით 6 მმ) და 1250 მმ (ყველა დანარჩენი სისქის); სიგრძე – 2500 მმ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები