ხუცურაული მარიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიამ ხუცურაული

ხუცურაული მარიამ − (1960), ლიტერატურული ფსევდონიმი − სანათა. ქართველი პოეტი და მწერალი. დაიბადა თელავში. 1977 წელს დაამთავრა თელავის №3 საჯარო სკოლა, ხოლო 1982 წელს − თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა იურისტად სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში. მისი ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ 2009 წლის მეექვსე ნომერში და მას შემდეგ ხშირად იბეჭდება საქართველოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს ხუთი პოეტური და პროზაული კრებული, მათ შორის ორი სამწიგნედი: „სანათა”: „სანათას სკივრი” (პროზა) და ლექსების ორი კრებული „სანათას წიგნი” და „სანათას სახლი” და „”სანათაი ვარ”: პროზაული კრებული „ცისპირმთიბავები”, „ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი” (პოეზია) და „ალმასთა სხივითა” (აუდიოწიგნი). მარიამ ხუცურაულმა 2011 წელს დააარსა პოეტ ქალთა ლიტერატურული კონკურსი „ხვარამზე“ და მას შემდეგ არის მისი უცვლელი ორგანიზატორი.


* * *
აქიმ-დედუფალსაო,
გვირგვინოსან ქალსაო,
ხმელისგორით დაგლანდავ
ცისკარ-თენებასაო.
შაგიდგები გზასაო,
არ დავაკლებ ცდასაო,
გამოვურევ წყალდაწყალ
არაგვ-წაწადასაო.
შამოვხდები მთასაო,
ძნელ-გრძელ ბილიკასაო,
ვიმეგზურებ ბერდედას,
ქადაგ ხატისქალსაო.
მოვიყოლებ ლაშქარში
ფშავლის ქალს და რძალსაო,
ქადა-პურებს ვისაგზლებ,
თაფლ-ერბოს და მხალსაო.
მოგადგები კარსაო,
დავიდრეკავ თავსაო,
საწირავად მოგართმევ
ფარჩის მანდილასაო.
ლოცვას გეტყვი მზასაო,
გასმენ გულის ხმასაო,
თაფლის სანთლებს აგინთებ,
ხელით დაქნილს, ცხრასაო.
გამოგვედრებ სასწაულ,
საკურნებელ წყალსაო...
ღვთისმშობელის მგვანსაო,
ქალთა ჯარის თვალსაო,
მასკვლავიან ცასაო,
დედასა და დასაო,
გვირგვინოსან ქალსაო,
აქიმ-დედუფალსაო...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები