ჯანგერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯანგჷრი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯანგჷრ-ი (აფხ.Џьангьыр) – ავსული აბჟუის აფხაზთა რწმენით; თანაბრად ვნებდა ადამიანებსა და ცხოველებს. ჯანგერის საწინააღმდეგოდ მარიამობისწინა საღამოს ან აგვისტოს შუა რიცხვებში სელისა და კანაფის (მათი არქონის შემთხვევაში თივის, ჩალის ან გვიმრის) კონებისაგან კოცონს გააჩაღებდნენ (თვლიდნენ, რომ შვიდი გზის გასაყარზე დანთებულ კოცონს განსაკუთრებული ძალა ჰქონდა); ზოგჯერ ცეცხლში მარილსაც ყრიდნენ. მარილს ცეცხლში ტკაცატკუცი გაუდიდოდა და მასთან ერთად, აფხაზის რწმენით, ავსულიც სკდებოდა. დიდიან-პატარიანა ყველა უნდა გადამხტარიყო კოცონზე, რათა განწმენდილიყვნენ და განთავისუფლებულიყვნენ ბოროტი ძალებისაგან; გადახტომისას ამბობდნენ: „ჩვენ ვწვავთ ჯანგერს!“ სწამდათ, რომ ამ ღამით მოდიოდა ჯანგერი ხალხისთვის ზიანისა და მავნებლობის მოსატანად.

როგორც ჩანს, ტერმინი აბჟუის აფხაზებში მეგრულიდან არის შესული (შდრ. გამოთქმა: ჯანგარიში ოჭკომალი „ჯანგარის შესაჭმელი“, იტყვიან საქონელზე). მეგრული „ჯანგარი“ სიტყვა „ჯანგიდან“ („ჟანგის“ ძველი ფორმა) მომდინარეობს. “ჯანგარა”, “ჯანგერი” ან „ჟანგიანს“ ნიშნავს (უშნოს გაგებით) ან ქართულში „ჯანგარას“ სახით დამოწმებული „ჭვარტლის“, „მურის“ აღმნიშვნელ სიტყვას უკავშირდება და „მურიანის“, „შავის“ მნიშვნელობით ავსულის, ბოროტი არსების გარეგნობის მახასიათებელი ცნებაა.


ლიტერატურა

  • Н. Иоакимов. Абхазцы // Кавказ. 1874;
  • Д.И. Гулия. История Абхазии. I. Сух., 1929;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • ნ. რეხვიაშვილი. ქართული ხალხური მეტალურგია. რკინა-მჭედლობა (ეთნოგრაფიული ნარკვევი). თბ., 1964.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები