ჯეირანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეირანი (ქურციკი)
ფოტო ი. შავგულიძისა

ჯეირანი - ქურციკი ანუ ჯეირანი, (Gazella subgutturosa obtusa) მსუბუქი აღნაგობის ცხოველია. სხეული დაფარული აქვს მოკლე, ღია ყავისფერი ბეწვით, მკერდი, კისრისა და ფეხების შიდა მხარე თეთრი ფერისაა, კუდი კი შავია. მშვიდ მდგომარეობაში კუდი დაშვებულია, მაგრამ შეშფოთებული ცხოველი კუდაპრეხილი გარბის. სხეულის სიგრძე 90-115 სმ, სიმაღლე ნიდაოში (მხარეში) 60-80 სმ, კუდის სიგრძე 15-20 სმ, წონა 18-33 კგ. აღწევს. სხვა ანტილოპებისაგან განსხვავებით, მხოლოდ მამრ ქურციკს აქვს რქები, რომელიც სიგრძეში 25-43 სმ-ს აღწევს. ისინი შავი ფერისაა და აქვთ ,,S“ ფორმა.

ჯეირანი სამხრეთ კავკასიის, სამხრეთ და ცენტრალური აზიის უდაბნოებში, ნახევარუდაბნოებში, გორაკ-ბორცვიან ველებსა და ზეგნებზე ბინადრობს.

მრავალი ანტილოპისაგან განსხვავებით, ჯეირანს გამრავლების პერიოდი შეზღუდული აქვს და მოიცავს ნოემბერ-იანვარს. მაკეობა 5,5-6 თვე გრძელდება. ახალდაბადებულთა რაოდენობა 1 ან 2 იშვიათად 4-ია. პირველი 2 კვირის განმავლობაში, სანამ მოღონივრდებიან და გამართულ სიარულს შეძლებენ, ნუკრები დედისაგან მოშორებით იმალებიან. დედა დღეში სამჯერ ყოველდღე აკითხავს მათ. რძით კვების პერიოდი 4-5 თვეს მოიცავს.

სქესობრივ სიმწიფეს მდედრები 9 თვის ასაკში აღწევენ, მამრები - დაახლოებით 18 თვეში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-12 წელია. ზაფხულის განმავლობაში აქტიურდებიან ნაშუადღევიდან ადრე დილამდე. ამ დროს ისინი ნელა გადაადგილდებიან და ძოვენ. შუადღისას ისინი ჩრდილიან ადგილებს აფარებენ თავს, სადაც ორმოებს თხრიან ჩასაწოლად. ზამთრის ცივ თვეებში დღისით მცირე ხნით, ან სულაც არ ისვენებენ. საფრთხის დროს ქურციკი სწრაფად გარბის. 200-300 მეტრის გავლის შემდეგ ჩერდება, რათა შეაფასოს ხიფათი. მისი მაქსიმალური სისწრაფე აღწევს 60 კმ/სთ-ს. თითოეული ინდივიდი იყენებს მწვანე მასას, რომელიც დაახლოებით შეადგენს მისი წონის 30%25-ს. ასე იღებს ორგანიზმისთვის საჭირო წყალს. გაზაფხულსა და ზაფხულში შეიძლება წყლისკენაც გაემართონ, მაგრამ იშვიათად სვამენ ყოველდღე, თუ ქორფა წვნიანი ბალახი არასაკმარისი რაოდენობითაა, მაშინ არის აუცილებელი ქურციკისათვის წყალი. თქვენ წარმოიდგინეთ, კასპიის ზღვის მლაშე წყალსაც კი იყენებს ეს ცხოველი სასმელად!

ქურციკი ჯოგებად ცხოვრობს. ზაფხულში ჯოგი 2-5 ინდივიდისაგან შდგება. ზამთარში უფრო დიდ ჯგუფებად არიან შეკრებილები, რომელშიც შეიძლება ინდივიდების რაოდენობა ერთიდან რამდენიმე ათეულამდე აღწევდეს.

ჯოგები ზამთარში ყოველდღიურად 10-30 კმ-ს ფარავენ, ხოლო ზაფხულში ეს მანძილი 10-ჯერ მაინც მცირდება. თავიანთი არეალის ფარგლებში ასრულებენ სეზონურ მიგრაციებს. გამრავლების სეზონის განმავლობაში მამრები ხდებიან ტერიტორიულები. ისინი სტრატეგიულ ადგილებს ნიშნავენ ექსკრემენტებით რითაც თავიანთ კუთვნილებას ადასტურებენ. ხარები იწყებენ თამაშებს, რომლებიც ხშირად ორთაბრძოლებში გადაიზრდება ხოლმე. თითოეული ცდილობს დაეპატრონოს ჰარემს. მასში ჩვეულებრივ 2-5 მდედრი ერთიანდება, თუმცა ყოფილი შემთხვევები, როცა მათი რაოდენობა 8-10 იყო. ხარი თავის ჰარემს ყოველთვის ცოტა მოშორებით მიყვება, რათა დროზე შეამჩნიოს შესაძლო მეტოქის მოახლოება. მყვირალობის პერიოდში მამრები ძლიერ სუსტდებიან, ისე რომ მკაცრი ზამთრის პირობებში შეიძლება დაიხოცონ კიდეც.

უახლოეს წარსულში ჯეირანი ნადირობის პოპულარული ობიექტი იყო. მართალია, შემდგომი მასზე ნადირობა აიკრძალა და ის შეტანილ იქნა საბჭოთა კავშირის წითელ წიგნში, მაგრამ ბევრ ადგილას მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე იგი გადაშენდა.

ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში შესულია, როგორც დაბალი რისკის სახეობა.



წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები