წიწმატურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წიწმატურა

წიწმატურა – (Capsella bursa-pastoris [L.] Medik.);
ოჯახი: ჯვაროსნები (Brassicaceae).

ერთწლიანი ბალახოვანი სარეველა მცენარეა, სიმაღლე – 8-60 სმ, ქვედა ნაწილში შებუსული. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები როზეტულია, ფრთისებურად დაყოფილი ან მთლიანი. ღეროსეული ფოთლები მცირერიცხოვანია, პატარა ზომის, ლანცეტა ფორმის, მთლიანი ან ამოკვეთილ-დაკბილული. ყვავილედი კენწრული მტევანია. გვირგვინი თეთრია, ჭოტაკი – სამკუთხა. ყვ. ნაყ. III-V. მცენარე გავრცელებულია ეზოებში, გზისპირება ადგილებში, ბოსტნებში, მინდვრებში, ნაგვიან და ქვიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.

ახასიათებს მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა. თესლები ოვალურია. აღმოცენების მინიმალური ტემპერატურაა +1-20C. აღმონაცენი ჩნდება მარტ-მაისში, აგვისტო-სექტემბერში, ნაყოფიანობს ივნის-აგვისტოში, ხანდახან სექტემბერშიც. ერთი მცენარე 273000 თესლს ინვითარებს. ცხოველმყოფელობას ინარჩუნებს 35 წლამდე.

ფართოდ გავრცელებული სარეველაა. იზრდება მთის ზედა სარტყლამდე, მინდვრებში, ბოსტნებში, გზის პირებზე, ნასვენ და რუდერალურ ადგილებზე.

სამკურნალოდ ბალახს (მცენარის მიწისზედა ნაწილი) იყენებენ. დაუშვებელია მცენარის შეგროვება თესლების სიმწიფის პერიოდში. შეიცავს ცილოვან და მთრიმლავ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ქოლინსა და აცეტილქოლინს, ინოზიტს, ორგანულ მჟავებს, სტეროიდებს, საპონინებს, ვიტამინებს – თიამინს, რიბოფლავინს, ფილო-ხინონს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, კუმარინებს, ფლავონოიდებს, ფოტონციდებს. ხასიათდება ჰიპოტენზიური, შარდმდენი, სიცხის-დამწევი, შემომგარსავი, საშვილოსნოსა და ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსის გამაძლიერებელი მოქმედებით. კლინიკურად დამტკიცებულია მცენარის ნაყენის დადებითი თერაპიული ეფექტი მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტის დროს. თხევადი ექსტრაქტი მიიღება საშვილოსნოს ათონიის სამკურნალოდ.

ხალხურ მედიცინაში შინაგანად ფართოდ გამოიყენება გულის დაავადებების, ქოლეცისტიტის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, კუჭიდან, თირკმელებიდან და საშვილოსნოდან სისხლდენის, შარდკენჭოვანი დაავადებების, რევმატიზმის, მწვავე და ქრონიკული ენტერიტების, კოლიტების, ენტეროკოლიტების, გასტრიტის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის, ფაღარათისა და დიზენტერიის დროს, როგორც შემკვრელი და ჭრილობების შემახორცებელი საშუალება. განსაკუთრებით ეფექტურია მცენარის ნედლი ნაწილები. აქტიურად გამოიყენება ჰომეოპათიაში.

უკუჩვენება: ფეხმძიმობა, თრომბოფლებიტი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები