ქალთა მოძრაობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 46: ხაზი 46:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
 
 
[[კატეგორია:ქალთა მოძრაობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
 
[[კატეგორია:ქალთა მოძრაობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
 
[[კატეგორია:ქალთა უფლებები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
 
[[კატეგორია:ქალთა უფლებები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]

17:02, 6 აგვისტო 2019-ის ვერსია

ქალთა მოძრაობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ქალებმა წამოიწყეს ბრძოლა ფეოდალურ-პატრიარქალური შეხედულებების წინააღმდეგ და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად.

1879 ჩამოყალიბებული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ გახდა ქალების, როგორც სოციალური ჯგუფის, ჩამოყალიბების იმპულსი. სწორედ ამ ჯგუფის მეცადინეობით შესაძლებელი გახდა გოგონებისთვის განათლების უფლების მოპოვება. თითქმის ყველა მაზრაში გაჩნდა ქალთა შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო ორგანიზაციები. ამის პარალელურად გამოიცა ქართველ მწერალ ქალთა ნაწარმოებები, მათ მიერ ნათარგმნი უცხოური ლიტერატურა და, რაც ყველაზე მთავარია, დაიწყო საზოგადოებრივი დისკუსია თანასწორობის საკითხებზე. 70-იანი წლებიდან პერიოდულ გამოცემებში მიმდინარეობდა დისკუსია და პოლემიკა „დედათა კითხვაზე“.

მეოცე საუკუნის დასაწყისს უკავშირდება ქალთა მოძრაობის მეორე ტალღა, რომლის სამიზნედ სოციალური სამართლიანობის და თანასწორობის იდეები იქცა. აქტუალური გახდა ქალის სამოქალაქო უფლებები, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ითარგმნა ავგუსტ ბებელის „ქალი და სოციალიზმი“, „ამომრჩეველი ქალი“, გაჩნდნენ ქართველი სუფრაჟისტები და მათი გაერთიანებები:

  • „ქალთა თანასწორობის საქართველოს კავშირი“,
  • „ქართველ ქალთა საზოგადოება“,
  • „კავკასიელ ქალთა საზოგადოება“.

ამ მოძრაობას შეუერთდა პირველი ტალღის მონაწილე ქალთა დიდი ნაწილი.

1918 როცა საქართველოს ეროვნული საბჭო არჩევნებისთვის ემზადებოდა, სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთ შეკრებაზე ნინო ტყეშელაშვილმა განაცხადა: „მე მჭერმეტყველი არა ვარ, საზოგადოებაში ლაპარაკს გავურბივარ. წარსულმა, ქალის ფეხშეკრულმა ცხოვრებამ ქალი დაამუნჯა, მაგრამ თქვენ ახლა ისეთი უსამართლობის წინაშე დაგვაყენეთ, რომ ქვაც ენას ამოიდგამს. ქალი ოჯახს უვლის, შვილებს უზრდის ქვეყანას, საზოგადოებას ემსახურება, რითაც და როგორც შეუძლია, ცოტა გვყვანდნენ რევოლუციონერი ქალები? თქვენ 20 კაცში ერთი ქალიც ვერ ამოგირჩევიათ..”. გამოსვლის ბოლოს, ნინომ პარტიას 5 კანდიდატი ქალი შესთავაზა, მაგრამ ამაოდ. გაწბილებულმა ორატორმა და მისმა თანამოაზრეებმა (კატო მიქელაძე, ანა ღვინიაშვილი, ანა ხახუტაშვილი, დესპინე გელოვანი, ბაბილინა ხოსიტაშვილი) პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად დატოვეს კრება.

კატო მიქელაძემ ჩამოაყალიბა „ქუთაისის ინტერპარტიულ ქალთა სწორუფლებიანობის ლიგა“, რომლის წევრებმა შეიმუშავეს პროგრამა: ქალებისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ერთობლიობა. ამ პროგრამაზე დაყრდნობით, შედგენილ იქნა ამიერკავკასიის სეიმისთვის წარსადგენი მოთხოვნები. ქალთა კონსოლიდაციის აუცილებლობაზე ესაუბრებოდა კატო მიქელაძე ეკატერინე გაბაშვილს, რომელიც თბილისში მომუშავე „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ დამფუძნებელი იყო:
„ვერავითარი ზემოდან ბოძებული უფლება ჩვენ ვერ გვიხსნის, თუ თვით ქალები არ მოვინდომებთ ჩვენი ადამიანური პიროვნების აღდგენას. გადახედეთ ჩვენს უბადრუკ ცხოვრებას, თუ რა ცოტა სჭირდებათ მამაკაცებს სახელისა და ავტორიტეტის მოსაპოვებლად და რა დიდი შრომა და ტანჯვა - ქალებს, რომ უბრალო ყურადღება მიიქციონ. ჩვენ უნდა შევქმნათ ატმოსფერო ქალთა შემოქმედურ ძალთა და აქტიურობის ასაღორძინებლად და ეს მოხდება მაშინ, როცა ქალები დაისწავლიან საკუთარი თავისა და ურთიერთ პატივისცემას... ჩვენ უნდა შევქმნათ ნამდვილი სულიერი კავშირი, რომ არავითარმა წინააღმდეგობამ არ შეგვაშინოს და არ გაგვაცალკეოს. საჭირო არ არის სიმრავლე რიცხვისა. ძალა ერთობაშია და არა - რიცხვში...”

ქალების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მოპოვებაში დიდი როლი შეასრულა ყოველკვირეულმა გაზეთმა „ხმა ქართველი ქალისა“, რომელიც ქუთაისში, კატო მიქელაძის რედაქტორობით გამოდიოდა. 1919 წლის არჩევნების შედეგად, დამფუძნებელი კრების წევრი გახდა 130 დეპუტატი, მათ შორის იყო 5 (3,8 %) ქალიც:

1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში ჩაიწერა: ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო უფლებით (მუხლი 39). ქორწინება ემყარება უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფილობას. ქორწინების ფორმას კანონი განსაზღვრავს. ქორწინების გარეშე და ქორწინებაში შობილი უფლებებითა და მოვალეობებით თანასწორნი არიან. დედას უფლება აქვს იძიოს და დაამტკიცოს, ვინ არის მამა მის მიერ ქორწინების გარეშე შობილისა; აგრეთვე ქორწინების გარეშე შობილს უფლება აქვს, იძიოს თავისი მამა (მუხლი 40)... განსაკუთრებული კანონი დაიცავს ქალთა შრომას წარმოებაში. აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში; მუშა ქალის მშობიარობის დროს არა ნაკლებ 2 თვისა თავისუფალია მუშაობისაგან, ჯამაგირის მოუსპობლად; დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები“ ( მუხლი 126).

განათლების უფლების რეალიზებაზეც სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა: დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სკოლები საერო გახდა. 1918 წლის სექტემბრის კანონით, თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარია (რომელიც საზოგადოება „განათლებას“ ეკუთვნოდა) მთავრობის გამგებლობაში გადავიდა და მისი მზრუნველობის ქვეშ მოექცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1918 წლის 3 სექტემბრის დებულებით, გარანტირებული იყო ორივე სქესის ხელმისაწვდომობა უმაღლეს განათლებაზე: „ტფილისის უნივერსიტეტის სტუდენტებად შეიძლება ორთავე სქესის პირნი იყვნენ, რომელთაც საშუალო სკოლა უნდა ჰქონდეთ გათავებული, თვითეულს ფაკულტეტს უფლება აქვს, თუ საჭიროდ სცნობს, უნივერსიტეტში შემომსვლელთ რომელიმე დამატებითი საგნის ცოდნა წინასწარ მოსთხოვონ“ (პარაგრაფი 15).

1920 წლის 16 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო სპეციალური დებულება, სადაც ჩაიწერა: „სასოფლო მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო აგრონომიული პერსონალის მოსამზადებლად არსდება ორივე სქესის პირთათვის სასოფლო-სამეურნეო სკოლები და დაწესებულებები“. მაგრამ ქალები ხედავდნენ, რომ თანასწორობის კონსტიტუციური გარანტია და რეალობა ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. „დემოკრატიის“, როგორც ღირებულების, გაუფასურებას ეძღვნება მათ მიერ ამ პერიოდში დაწერილი უამრავი პუბლიცისტური წერილი. მაგალითად, დრამატურგი ქალი, ნატალია აზიანი, თავის წერილში „ინტერვიუ ქალბატონ დემოკრატიასთან“ გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ მეფის რუსეთის ჩინოვნიკებმაც და მენშევიკებმაც იმედები ვერ გაამართლეს და ორთავემ უღალატა დემოკრატიულ იდეალებს. ავტორის აზრით, იგივე პირი უჩანდა ბოლშევიკურ წყობასაც.

ლელა გაფრინდაშვილი


ლიტერატურა

  • ლ. გაფრინდაშვილი, სტატიები ქართველი განმანათლებელი ქალების (ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, კატო მიქელაძე) შესახებ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტი „50 ქალი საქართველოდან“, იხილეთ: http://www. femInIsm-boell. org/ka/2013/12/02/50-kalIsakartVelodan.
  • ი. ხვადაგიანი, სტატიები დამფუძნებელი კრების წევრი ქალების (ელეონორა მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, მინადორა ტოროშელიძე, ანა სოლოღაშვილი, ელისაბედ ბოლქვაძე) შესახებ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტი „50 ქალი საქართველოდან“, იხილეთ: http://www. femInIsm-boell.org/ka/2013/12/02/50-kalI-sakartVelodan.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები