ხეკორძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხეკორძი''' – სოფელი საქართველოში, ქართლში, მცხეთის მუნიციპა...)

07:10, 15 აპრილი 2024-ის ვერსია

ხეკორძი – სოფელი საქართველოში, ქართლში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ძეგვის თემში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხეკორძულას ხეობაში. ზღვის დონიდან 720 მეტრი, მცხეთიდან 16 კილომეტრი.

სახელწოდება ხეკორძი ქართულ საისტორიო-ეკონომიკურ ძეგლებში XIV საუკუნიდან მოიხსენიება. ზოგ დოკუმენტში ხეკორწა ფორმითაც იკითხება. ასეა იგი წარმოდგენილი ერთ-ერთ უძველეს საბუთში (1398 წ.), რომლის მიხედვითაც ალექსანდრე მეფეს სვეტიცხოვლისათვის განუახლებია წავკისის (მახრაჯითა და ხეკორძით) შეწირულების გუჯარი. ძველი ქართული დოკუმენტები ხეკორძს ასახელებენ ქვემო ქართლშიც, ალგეთის პირზე. აქ ამჟამად მართლაც დასტურდება ნასოფლარი ხეკორდი. ამავე ფორმით (ხეკორდი) იცნობს ვახუშტი მცხეთის სოფელ ხეკორძს. იოანე ბატონიშვილი ხეკორძს რატომღაც ხერკორდის სახით მოიხსენიებს. ერთი ხეკორდი იოვანეს მინიშნებული აქვს ქვემო ქართლში, ზრბითის ხევში, ცხირეთ-გუდარეხისა და დვალთა – მოლავს შორის. როგორც ჩანს, ამგვარი სახელწოდებები აღმოსავლეთ საქართველოში ძველად გავრცელებული ყოფილა.

სპეციალისტთა ერთი ნაწილი ხეკორძს ხევ- და კორძ- სიტყვების ნაერთად მიიჩნევს,“ თუმცა აშკარაა, რომ აქ ხევი არაფერ შუაა. ტოპონიმი რომ ხევ- სიტყვის მიხედვით იყოს წარმომდგარი, მაშინ იგი ძველ საბუთებში ჴევ-კორძ-ად უნდა ყოფილიყო აღნიშნული და არა ხანიანი ფორმით (ხეკორძი). ჩვენი ფიქრით ხეკორძი (ხოლო აქედან – ჰიდრონიმი ხეკორძ-ულა) წარმომდგარია ხე და კორძ- სიტყვებისაგან. იგი ნიშნავს: „ადგილი, სადაც დგას (მდგარა) კორძიანი ხე“. კორძი ეწოდება დაავადებულ გამონაზარდს, ჯირყვალს, რომელიც ხეს ტანზე უჩნდება. ასეთი „ხე-კორძი ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჯერ ორიენტირულ მიკროტოპონიმად ქცეულა, ხოლო შემდგომ აქ ხალხის დასახლებასთან დაკავშირებით – სოფლის სახელადაც. ქართულ ტოპონიმიაში ცოტა როდია შემთხვევა, როცა ადგილთა სახელები სწორედ ამგვარი სპეციფიკური ნიშნის მქონე ცალკეული ხე- ორიენტირების მიხედვით წარმოიქმნებიან: ვაშლაჯვარა, შავჯირკის ღელე, მეკევია ნაძვი, და მისთ. აი, სწორედ ასეთი ყიყვიანი (კორძიანი, გამონაზარდიანი) ხე უნდა მდგარიყო იმ ადგილას, რომლისთვისაც შემდგომ ხალხს ხე-კორძი შეურქმევია. ხეკორძი ძველი წარმოების ე.წ. შებრუნებული რიგის ტოპონიმია. იგი იმავე წესით არის წარმოქმნილი, როგორც: კლდე-კარი, ქვაჯვარა„ დაბაძველი, ჭყონდიდი და სხვ. მრ. ეს ფაქტი ტოპონიმ ხეკორძის დიდ ხნოვანებაზე მეტყველებს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები