ბაგრატიონი იოანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იოანე ბატონიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანე ბატონიშვილი

ბაგრატიონი იოანე - (1768-1830), სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელი, მწერალი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი; გიორგი XII-ის ვაჟი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაწყებითი განათლება დავით რექტორის ხელმძღვანელობით მიიღო. მის განათლებაში გარკეეული როლი ითამაშა ერეკლე მეფის კარზე პოლიტიკურმა აგენტმა იაკობ რაინეგსმა და ავსტრიელმა მეცნიერმა იოსებ გეტიკმა.

იოანე ბაგრატიონი ახალგაზრდა ჩაება საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1789 ლეკებს ებრძოდა ზედაველაზე, 1790 იმერეთში იყო ერეკლე მეფის დავალებით და იცავდა სოლომონ II-ის ტახტს პრეტენდენტთა შემოსევებისაგან. 1795 აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში მოწინავე რაზმის სარდალი იყო: კრწანისის ბაღებში მიიღო მტრის პირველი დარტყმა, უკუაგდო იგი, შემდეგ კი ერეკლე მეფე დატყვევებისგან იხსნა. I796 წელს სოფელ შილდას იცავდა ომარ-ხანის (ხუნძახის ბატონი) შემოსევებისაგან. 1798 სოფ. დირბთან დაამარცხა ლეკები, იმავე წელს დავით ბატონიშვილთან ერთად გაილაშქრა ყარსის საფაშოს წანააღმდეგ და გაიმარჯვა. 1800 თავი გამოიჩინა ომარ-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში ნიახურასთან. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ აქტიურად ეხმარებოდა დავით ბატონიშვილს ტახტის შემომტკიცებაში. 1801 რუსეთის მთავრობამ იოანე ბაგრატიონი აიძულა სამშობლო დაეტოვებინა (ძმებთან ერთად) და რუსეთში გადასახლებულიყო. იგი ჯერ მოსკოვში შეჩერდა, 1802 თებერვლიდან კი ჰეტერბურგში დამკვიდრდა.

სამეცნიერო მოღვაწეობა

იოანე ბატონიშვილმა ადრე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა. 1794–98 წ. ხელმძღვანელობდა (დავით ბატონიშვილთან ერთად) ქართლ-კახეთის აღწერას. 1799 დაწერა მნიშვნელოვანი ნაშრომი „სჯულდება“, რომელშიც დასმულია საქართველოს მართვისა და პოლიტ-საზოგადოებრივი და კულტურულ-ეკონომიკური ცხოვრების რეორგანიზაციის საკითხები. ინტერესს იწვევს ავტორის აზრი „განათლების მოხელის“ პოსტის შემოღების შესახებ, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა სკოლებისა და სტამბის საქმიანობისათვის; საჭიროდ თვლიდა სათათბირო ორგანოს შექმნას, გაზეთის დაარსებას, უმაღლესი სასწავლებლების გახსნას თბილისში, გორსა და თელავში; დაწყებითი განათლების შემოღებას ვაჭართა და გლეხთა შვილებისთვის და სხვ.

პეტერბურგში დამკვიდრების შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოცილებული მეცნიერი ენციკლოპედიურ განათლებას დაეწაფა და გულდასმით მუშაობდა მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში (ისტორია, ლექსიკოგრაფია, ფილოსოფია, ესთეტიკა, მუსიკა, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, სამხედრო საქმე და სხვ.); გარს იკრებდა ენების მცოდნე და მუყაით მწიგნობრებს და წარმართავდა მათ კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას: ათარგმნინებდა და თვითონაც თარგმნიდა პროგრესული იდეების შემცველ სამეცნიერო შრომებს, სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს, სამკურნალო წიგნებს და გზავნიდა საქართველოში. მისი აზრით, ქართველების ხსნა ფართო განათლებითა და მრავალგვარი ცოდნის დაუფლებით იყო შესაძლებელი. თვითონაც აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა: თარგმნიდა საჭირო წიგნებს, ქმნიდა სახელმძღვანელოებსა თუ ლექსიკონებს, სამკურნალო წიგნებსა და ენციკლოპედიური ხასიათის შრომებს. აღსანიშნავია მისი ორიგინალური თხზულებები: ისტორიული ხასიათის – „ქართლ-კახეთის აღწერა“, „ბაგრატიონთა შთამომავლობა“; „ქართული ლექსიკონი“, რომლის მხოლოდ ფრაგმენტია მოღწეული (აა-ანოლა), „მოკლე რუსულ-ქართული ლექსიკონი“, „სალექსიკონო მასალები“, „ქართული გრამატიკა“, „სწავლანი“ – ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება, სამშობლოს მონატრებით დაწერილი „პატარა ედემით განძება“ და სხვ. რაც შეეხება რუსულ-ქართულ და საბუნებისმეტყველო ლექსიკონებს, რომლებიც თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში მას მიეწერებოდა, შედგენილია სხვა ავტორის მიერ იოანე ბატონიშვილის დავალებითა და ზედამხედველობით.

კალმასობა

იოანე ბატონიშვილის შემოქმედების გვირგვინია ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება „ხუმარსწავლა“, ანუ „კალმასობა“, რომელიც დაიწერა 1813-28. საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნის მოსურნე და მქადაგებელი, იგი თხზულებაში საინტერესოდ გადმოსცემს განმანათლებელთა იდეებს და მათ განხორციელებას უკავშირებს თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ძლიერებასა და კულტურულ-ეკონომიკურ აღორძინებას. სწორედ „ხუმარსწავლაშია“ ჩართული ავტორის პირველი გრამატიკული ნაშრომი. გრამატიკა სიტყვა-მიგების წესითაა დაწერილი. შინაარსობრივად იგი მოჰყვება დავით ბატონიშვილის, ანტონ I-ის და განსაკუთრებით გაიოზ რექტორის გრამატიკებს. მეორე დამოუკიდებელი გრამატიკული ნაშრომი (1829) სახელმძღვანელოდაა გათვალისწინებული, არ იმეორებს პირველს. ავტორს უსარგებლია მთლიანად დავით ბატონიშვილის გრამატიკით, თუმცა მასში ცალკეული (უმნიშვნელო) გადახვევები მაინც შეინიშნება. იოანე ბატონიშვილის გრამატიკებმა ქართული გრამატიკული აზრის განვითარებაზე გავლენა ვერ იქონია (ა. ფოცხიშვილი).

ფილოსოფიური მსოფლმხედველობა

იოანე ბაგრატიონის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა იდეალისტურია. მატერიალური სამყარო, მისი აზრით, ოთხი ელემენტისაგან (მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი) შედგება. ყოველი მატერიალური სხეული შედგენილი და წარმავალია. ასეთივეა ადამიანის სხეულიც, სული კი იდეალურია. მარტივი და უკვდავი.

იოანე ბაგრატიონი, არისტოტელეს კვალდაკვალ, ერთმანეთისაგან განასხვავებს პირველადსა და მეორად მიზეზებს. პირველადი მიზეზები მეტაფიზიკურია, ძირითადად ზეგრძნობადი და ღვთაებრივია, მეორადი მიზეზები კი მატერიალურია არისტოტელეს მოძღვრებას ოთხი მიზეზის შესახებ (მატერიალური, ფორმალური, მოქმედი და ფინალური) იოანე პროკლეს გავლენით უმატებს მეხუთე მიზეზს რომელსაც იგი „ორღანოებითს“ უწოდებს. სივრცისა და დროის ცნებებიც არისტოტელეს მიხედვით ესმის. იგი ლაპარაკობს ადგილის, როგორც კონკრეტული სივრცის შესახებ, რომელიც სხეულების საზღვარია („გარეშეწერა სხეულისა“). იოანე ბაგრატიონის კალამს ეკუთვნის აგრეთვე, ორიგინალური თხზულება „ძალნი სულისანი“, რომელიც დაწერილია მის მიერ თარგმნილი კონდილიაკის „ლოგიკის“ გავლენით. იოანე ბაგრატიონიც, კონდილიაკის მსგავსად, სენსუალისტურ იდეებს იცავს და რაციონალიზმს ეწინააღმდეგება.

იოანე ბაგრატიონის ნაწერებში სოლიდური ადგილი უჭირავს ლოგიკის პრობლემებს. ამის შესახებ ლაპარაკია არა მარტო „კალმასობაში“, არამედ კონდილიაკის „ლოგიკის“ მისეული თარგმანის წინასიტყვაობაშიც. იგი ამტკიცებს ლოგიკის შემეცნებით ღირებულებას და, მაშასადამე, იცავს ლოგიკისა და შემეცნების თეორიის აუცილებელი კავშირის იდეას. იოანე ბაგრატიონი იყენებს თავისი ძმის - დავითის ნაშრომებს „შემოკლებული ფიზიკა“ და „შემოკლებული კატიღორია“; ამ უკანასკნელს იგი ავსებს არისტოტელეს მოძღვრებით სილოგიზმისა და ოთხი ბუნებრივი მიზეზის შესახებ. ამაში გამოიხატებოდა მისი მოღვაწეობის განმანათლებლური ხასიათი. იოანე ბაგრატიონი თავისი ეპოქის ერთ-ერთი თვალსაჩინო განმანათლებელი იყო საქართველოში.

თხზულებები

ლიტერატურა

  • გოგუაძე ნ. იოანე ბატონიშვილის „გრამატიკა“. – „კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე“, 1962, ტ. 4, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
  • კოტინოვი ნ. ქართული სალიტერატურო ენის ისტორიიდან. XVIII-XIX სს. თბ., 1971;
  • ქუთათელაძე ლ. იოანე ბაგრატიონის „ქართული ლექსიკონი“, თბ., I975;
  • ქიქოძე გ. წერილები, ესეები, ნარკვევები, თბ., 1985;
  • ფოცხიშვილი ა. ქართული ენათმეცნიერების ისტორია, I, თბ., 1995;
  • კიკნაძე ლ. იოანე ბატონიშვილის კალმასობისეული ქართული გრამატიკის ტექსტისათვის. – „მრავალთავი“
  • (ფილოლ-ისტ. ძიებანი), XX, თბ., 2001.

იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები