გაიოზ რექტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთავარეპისკოპოსი გაიოზი (გაიოზ რექტორი)

გაიოზ რექტორი − (1746/48/50, სოფ. მაღარო, კახეთი, – 21.02.1821, ქ. ასტრახანი, რუსეთის იმპერია). საეკლესიო მოღვაწე, მისიონერი, მწერალი, მთავარეპისკოპოსი.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. უცნობია ერისკაცობის სახელი. მისი გვარის წარმომავლობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ის გვარად ნაცვლიშვილი იყო (ნ. მთვარელიშვილი, ა. ხახანაშვილი), ზოგიერთის აზრით კი თაყაიშვილი (ტაკაოვ) (ბაგრატ ბატონიშვილი, დ. ბაქრაძე, იოანე ბატონიშვილი). სხვანი ბარათაშვილად მოიხსენიებენ თეიმურაზ ბატონიშვილი, წმ. კირიონი (საძაგლიშვილი), ალ. ცაგარელი, ი. შავინსკი]. დ. ბაგრატიონი მის შესახებ წერდა: „წელსა ამასა 1821, თებერვალში 21, გარდაიცვალა არხიეპისკოპოსი გაიოს, ქართველი თაყაშვილი. ასტრახანს მისი ეპარხიელი იყო. ეს იყო ფრიად განსწავლულ რუსულსა, ქართულსა და სომხურსა ენასა ზედა. ამან თარგმნა რუსულიდამ უმრავლესნი წიგნნი, ვითარცა სამოქალაქო, ეგრეთვე საეკლესიონი ვიდრე 400-მდე; ამან გამართა დაბადება რუსულიდგან და ლათინთა და ბერძენთაგან, რაიცა აკლდა ქართულსა დაბადებასა, შემატა. ესე მიიცვალა წელსა 75“. გერმანელი ექიმი, მოგზაური და ავანტიურისტი, ი. რაინეგსი (1744-1793), რომელიც ერეკლე II-ის კარზე ცხოვრობდა, პირადად იცნობდა გაიოზ რექტორს და მას ვაგოშაშვილთა გვარის წარმომადგენლად სთვლიდა.

საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორის ფონდში დაცულია ერთი საბუთი, სადაც აღნიშნულია, რომ მთავარეპისკოპოსმა გაიოზმა სიკვდილის წინ თავისი ძვირფასი პანაღია და გამშვენებული ჯვარი დაუტოვა თავის ძმისშვილს, პრაპორშჩიკ აზნაურ გურგენ ნაცვლიშვილს, რომელმაც დროის უქონლობის გამო ვერ მოახერხა ასტრახანში ჩასვლა და ამ ნივთების საქართველოში გამოგზავნა ითხოვა. აკადემიკოსი კ. კეკელიძე გურგენის შესახებ წერდა: „გაიოზის და სალომე მისთხოვებია ვიღაც თადეოზ ნაცვლიშვილს, ამათ შეძენიათ შვილი გურგენი, რომელსაც მემკვიდრეობით დარჩენია, გაიოზის გარდაცვალების შემდეგ, მთელი მისი ქონება და ავლა-დიდება. ამ ქონებიდან წიგნსაცავი, რომელიც 273 ნომრისაგან შედგებოდა, გურგენს 1822 წელს შეუწირავს ასტრახანის სასულიერო სემინარიისათვის“.

კათოლიკოს ანტონ I-ის ერთ-ერთი წერილით ირკვევა, რომ პატარა გაიოზი აღსაზრდელად აუყვანია ვინმე თბილისელ „დიაჩოკ“ (მედავითნე) ზაქარიას, რომელმაც მას მხოლოდ წერა-კითხვა ასწავლა. რუსეთიდან დაბრუნებულ კათოლიკოს ანტონს თბილისში 16 წლის გაიოზი უნახავს და შეუმჩნევია, რომ ხელსაყრელ პირობებში მას შეეძლო შეეთვისებინა „აზნაურნი და თავისუფალნი ცნობანი“. ამიტომ კათოლიკოსმა ჭაბუკი თავის სახლში მიიღო და სხვა ახალგაზრდებთან ერთად თბილისის სემინარიაში დააწყებინა სწავლა. გაიოზი დაუფლებია „ღრამატიკას, რიტორიკას, ლოღიკას, მეტაფიზიკას, ფიზიკას და ფილოსოფიას“. 1765 წ. კათოლიკოსმა ანტონმა იგი დიაკვნად აკურთხა და გაიოზის სახელით ბერად აღკვეცა. მალე არქიდიაკონის პატივიც მიანიჭა.

საინტერესო ცნობებს გვაწვდის გაიოზ რექტორის შესახებ იოანე ბაგრატიონი: „გაიოზი იყო აღზრდილი კათოლიკოზის ანტონისაგან საფილოსოფოსთა და საღმრთისმეტყველოსა სწავლასა შინა, ზედმიწევნილი რუსულისა ენისა, იცოდა ლათინური და სომხური წერილი ამან თარგმნა რუსთა ენისაგან სხვადასხვა წერილნი ქართულსა ენასა ზედა, რომელ იტყვიან ვიდრე სამასამდინ წიგნსა გარდამოღებულსა საღმრთოთა წერილთა და ისტორიათა და სხვათა მეცნიერთა წერილთა... და ესრეთ აწცა შრომასა შინა არს, ვითარცა თქვენ უწყით საქმენი მისნი“.

ასტრახანის საკათედრო ტაძარი, სადაც დაკრძალულია გაიოზ რექტორი

1772 წ. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის დავალებით კათოლიკოსი ანტონი და ბატონიშვილი ლევანი დიპლომატიური მისიით რუსეთში გაემგზავრნენ. ამ მისიაში გაიოზ რექტორიც მონაწილეობდა. ქ. სანქტ-პეტერბურგში ყოფნისას ის დროს უქმად არ კარგავდა. წმ. ალექსანდრე ნეველის სასულიერო სემინარიაში მას ქ. ტვერის მთავარეპისკოპოს პლატონის ზეგავლენით დაუწყია რუსული, ლათინური და ბერძნული ენების შესწავლა. 1774 წ. მარტში სანქტ-პეტერბურგიდან მობრუნებული მისია მოსკოვში გაჩერდა. აქ გაიოზ რექტორმა კათოლიკოსს მოსკოვის აკადემიაში შესასვლელად ნებართვა სთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო. კათოლიკოსი საქართველოში დაბრუნდა, გაიოზ რექტორი კი რუსეთში დარჩა ცოდნის გასაღრმავებლად.

1774 წ. 26 მაისს გაიოზ რექტორმა მიმართა იმპერატორ ეკატერინე II-ს მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში მიღების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით რუსეთის წმ. სინოდმა გაიოზ რექტორს მოსთხოვა ცნობები, თუ ვისი ლოცვა-კურთხევით მოქმედებდა იგი და მღვდელმსახურება ხომ არ ჰქონდა აკრძალული. მანაც თავისი ხელით დაწერილი ბიოგრაფია მიართვა სინოდს: „მე ვარ ოცდარვა წლის, ბერობა შევიმოსე და არხიდიაკვნად მაკურთხა თვით ანტონ კათალიკოზმა წარსულს 1765 წელსა; ვარ აზნაურთაგანი. საქართველოში, თბილისში ყოფნის დროს, მე განუშორებლად ვიმყოფებოდი ანტონ კათალიკოზთან 1772 წლამდის, ხოლო ამ წელს მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, თავის საჭიროებისთვის, გამოემგზავრა რუსეთს და მეც თან წამომიყვანა და მიმიყვანა პეტერბურღს. პეტერბურღიდან მომიყვანა მოსკოვს, სადაც აქამომდე ვიმყოფები. მისს მაღალყოვლადუსამღვდელოესობასთან ყოფნის დროს მე ვასრულებდი შესაფერს ჩემის ხარისხისა მღვდელმოქმედებას. ხოლო აღნიშნულს წელს, მარტში, ხსენებული კათალიკოზი უკან დაბრუნდა თავისივე ეპარქიაში, ხოლო მე, გაიოზმა, მისის უკუდაბრუნების დროს, ვსთხოვე მას, ნება მოეცა ჩემთვის მოსკოვში დარჩომისა შესასწავლად აქაურს აკადემიაში ლათინურის და რუსულის ენებისა ჩემის ხარჯით. ამაზედ კათალიკოზმა ნება დამრთო სიტყვიერად, ხოლო წერილი ამის შესახებ მე არაფერი მიმიღია მისს ყოვლადუსამღვდელოესობისაგან“. საქმის გამორკვევის შემდეგ ის აკადემიაში მიიღეს და სულიწმიდის მოფენის მონასტერში საკუთარი ხარჯით ცხოვრების ნება დართეს. მოსკოვში სწავლის პერიოდში, 1776 წ. 25 ივნისს მან რუსულიდან თარგმნა „მიმოსვლა ბარონ დე პოლნიცასი“.

1778 წ. გაიოზ რექტორმა დაასრულა აკადემიის სრული კურსი და ერეკლე II-ის ბრძანებით საქართველოში დაბრუნდა. დ. გვრიტიშვილი და შ. მესხია მიიჩნევენ, რომ ჩამოსვლისთანავე მან დააფუძნა რუსული სკოლა. 1779 წ. გაიოზ რექტორს მღვდლად დაასხეს ხელი. 1780 წ. კი იღუმენის პატივი მიენიჭა. კ. კეკელიძის აზრით, იგი 1780 წ. რუსეთში გაიწვიეს და იქ მიიღო იღუმენობა. ერთ ხანს თბილისის სემინარიის რექტორი იყო. 1782 წ. 28 მაისს ერეკლე II-ისა და ანტონ კათოლიკოსის ხელშეწყობით გაიოზ რექტორმა თელავში დააარსა სასულიერო სემინარია, რომლის პირველი რექტორი თავადვე გახდა.

მისი რექტორობა მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა. 1783 წ. ის დაინიშნა კომისიის წევრად, რომელმაც ქ. გეორგიევსკში რუსეთთან ცნობილი ტრაქტატი გააფორმა. აქ მან კავკასიის მმართველ პ. ს. პოტიომკინის ყურადღება დაიმსახურა, მასთან ნაცნობობამ გაიოზ რექტორის კარიერულ წინსვლაზე საგრძნობლად იმოქმედა. 1784 წ. სანქტ-პეტერბურგში გაიოზ რექტორი იმპერატორ ეკატერინე II-ის თანდასწრებით არქიმანდრიტის პატივში აიყვანეს და მას შემდეგ აღარც დაბრუნებულა საქართველოში. ის გაჰყვა გენერალ პ. პოტიომკინს თავდაპირველად უკრაინაში, 1785-1789 წწ. ცხოვრობდა ქ. კრემენჩუგში, შემდეგ კი, რუსეთის წმ. სინოდის დავალებით მოლდავეთში ეკატერინოსლავის ეპარქიის მთავარეპისკოპოს ამბროსის (სერებრიანიკოვი) თანაშემწედ დაინიშნა. აქ ის შეხვდა მროველ მიტროპოლიტ იონას (გედევანიშვილი), რომელიც ამ დროს მოლდავეთში იმყოფებოდა.

1793 წ. ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის იმპერატორმა ეკატერინე II-მ გაიოზ რექტორი გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.

1783 წ., ყირიმის შემოერთების შემდეგ, რუსეთმა სრული კონტროლი დაამყარა ნოვოროსიისკის მხარეზე. მალე აქ შეიქმნა ახალი ეპარქია – მოზდოკისა და მაჯორსკისა, რომლის შემადგენლობაშიც მოექცა ყიზლარი, მოზდოკი, გეორგიევსკი და სტავროპოლი. ეს იყო სავიკარიო საეპისკოპოსო, რომელიც ადმინისტრაციულად ასტრახანის მთავარეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. 1793 წ. 12 მაისს რუსეთის წმ. სინოდის სხდომაზე გადაწყდა მისი მღვდელმთავრად კურთხევაც. ამ პერიოდში იგი სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა და 29 მაისს მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. ახლად ნაკურთხი მღვდელმთავარი მოზდოკისა და მაჯარსკის ეპარქიის მმართველად დაინიშნა, თუმცა გაიოზ რექტორი მაშინვე არ ჩასულა თავის ეპარქიაში, იგი მთელი წლის განმავლობაში ისევ სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა. 1793 წ. 14 ნოემბერს გარდაიცვალა ასტრახანის ეპტიხონი (მალინინი). წმ. სინოდის ლოცვა-კურთხევით, გაიოზ რექტორს დროებით დაევალა ასტრახანის ეპარქიის მართვა. ის 1794 წ. 26 თებერვალს გაემგზავრა და 16 აპრილს ჩავიდა ასტრახანში, სადაც წლის ბოლომდე იმყოფებოდა. აქედან განაგებდა იგი თავის ეპარქიასაც.

ახლად დაარსებულ ეპარქიაში გაიოზ რექტორს მეტად არასახარბიელო მდგომარეობა დახვდა. მისი სამწყსო როგორც განათლებით, ასევე ზნეობით, ძალიან ჩამორჩებოდა სხვა ეპარქიებს. გაიოზ რექტორმა მცირე დროში შეუძლებელი შეძლო და ეპარქია ფეხზე დააყენა. მან დააარსა სასწავლებლები, ააგო ეკლესიები და აკურთხა სამღვდელოება. ოსებისთვის შეადგინა ანბანი, რომელსაც საფუძვლად დაუდო სლავური ანბანი და ოსურ ენაზე თარგმნა „პირველდაწყებითი საქრისტიანო მოძღვრება“. ეს წიგნი 1798 წ. მოსკოვში დაიბეჭდა. ამ ქმედებათა შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა ქრისტიანობას დაუახლოვდა და შემდგომში იქ მოღვაწე სამღვდელოებას მათი მოქცევა გაუადვილდა.

1799 წ. 16 ოქტომბერს ასრტახანის ეპარქიას გამოეყო სარატოვის ეპარქია, თუმცა იმხანად იქ მღვდელმთავრისთვის არანაირი საცხოვრებელი პირობები არ იყო, მათ შორის, არც საჭირო შენობები სასულიერო სემინარიისა და სასწავლებლის განსათავსებლად. გაიოზ რექტორი იძულებული გახდა ქ. პენზაში დამკვიდრებულიყო, ამის გამო თავდაპირველად სარატოვისა და პენზის ეპარქიის მღვდელმთავრად მოიხსენებდნენ. 1803 წლიდან იგი პენზისა და სარატოვის ეპისკოპოსი იყო. 1804 წ. 12 თებერვალს წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1808 წ. 10 იანვარს გაიოზ რექტორი კვლავ ასტრახანის ეპარქიის მმართველად დაინიშნა და მთავარეპისკოპოსის პატივი მიენიჭა.

რუსულ საეკლესიო წყაროთა თანახმად, გაიოზ რექტორი ძალიან კეთილი, მშვიდი, შემბრალებელი, თავაზიანი, ალერსიანი, გულღია და სტუმართმოყვარე პიროვნება იყო. ტაძრის დღესასწაულზე მას ასეთი ტრადიცია ჰქონია: მთელი სამი დღის განმავლობაში მის რეზიდენციაში გაშლილი იყო სადღესასწაულო ტრაპეზი. პირველ დღეს ის უმასპინძლდებოდა სამოქალაქო პირებს, ვაჭრებსა და ქალაქის მაღალი წრის წარმომადგენლებს, მეორე დღეს ეპარქიის საპატიო სამღვდელოებას, ხოლო მესამე დღეს დანარჩენ სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურებს. მისთვის ყველაზე სასურველი სტუმრები სასულიერო სემინარიისა და სასწავლებლის ხელმძღვანელობა და მასწავლებლები იყვნენ, მათთან ერთად მეუფე ყოველ კვირას და სხვა დღესასწაულებზე გულღიად იყოფდა სადღესასწაულო ტრაპეზს. ასეთი ყურადღებით მეუფე მუდამ ინარჩუნებდა სასწავლებელსა და სემინარიაში ერთსულოვნებასა და სიმშვიდეს.

ქალაქის მაღალი საზოგადოებიდან მას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჰქონდა მაშინდელ ცნობილ ქველმოქმედებთან – ბერძენ ვარვაცისთან და კირილე ფედოროვთან. მათი ნაყოფიერი ქველმოქმედებისა და შემოწირულობების შედეგად ასტრახანი და მისი საკათედრო ტაძარი გამშვენდა და განახლდა. ვარვაციმ ააშენა ახალი ქვის სამრეკლო, მიძინების ტაძარში კედლები მარმარილოთი მოპირკეთდა, მოიხატა ტაძრის ნაწილი, რაზედაც მთლიანობაში 100 000 მან. დაიხარჯა. მოივერცხლა სამეუფო კარები და კანკელზე განლაგებული 4 ხატი.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაიოზ რექტორმა რუსეთში გაატარა, მას საქართველო არ დავიწყებია. ის ძლიერ ზრუნავდა მშობლიურ მხარეზე და უყვარდა სამშობლო. მამულისადმი გრძნობას იგი თავის ერთ-ერთ ხელნაწერზე გაკეთებულ მინაწერში ასე გამოხატავს: „არა არს-რა ესრეთ ტკბილი, ვით მამულის სიყვარული“.

გაიოზ რექტორი 400-მდე ორიგინალური და ნათარგმნი თხზულების ავტორია.

ღვაწლმოსილი საეკლესიო მოღვაწე დიდი პატივით დაკრძალეს ასტრახანის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • გაზ. „ივერია“, 1881, №8; №9; №10, (ნიკ. მთვარელიშვილი „თელავის სემინარია და პირველი მისი რექტორი გაიოზ ნაცვლიშვილი“);
  • იოანე ბატონიშვილი, წგ.: მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის XVI-XIX სს, თბ., 1982;
  • მთვარელიშვილი ნიკ. თელავის სემინარია და მისი რექტორი გაიოზ ნაცვლიშვილი; მასალები საქართველოს ისტორიისათვის, შეკრებილი დავით და ბაგრატ ბაგრატიონების მიერ, ტფ. 1905;
  • სცსა, ფ. 487, აღწე- რა 1, საქმე №1456.
  • დარჩია მ., გაიოზ რექტორი, თბ., 1987;
  • თორაძე ვ., თორაძე ნ., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, თბ., 2006;
  • იოსელიანი ა., ქართული მწიგნობრობის, წიგნებისა და სტამბის ისტორიის საკითხები, თბ., 1990; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • Библиографический указатель русских духовных писателей из монашествующих зa 18-й, 19-й вeкa и половину 20-го столетия, Составил B. Волков... Ч. 1., 3aгopск, 1961.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები