ბაგრატიონი იოანე (ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანე ბატონიშვილი

ბაგრატიონი იოანე - Ioane Bagrationi, Багратиони Иоанн, 1767-1830

ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი, მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი. ემპირიული ფსიქოლოგიის წარმომადგენელი. იგი იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილი. სწავლობდა მეფე ერეკლე II-ისა და კათალიკოს ანტონ პირველის მიერ დაფუძნებულ თელავის სემინარიაში, სადაც საფუძვლიანი საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიური განათლება მიუღია. მამის გარდაცვალების შემდეგ, პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოშორებული, სხვა ბატონიშვილებთან ერთად რუსეთში გადასახლებული ი. ბაგრატიონი აქტიურ სამწიგნობრო-მთარგმნელობით და ლიტერატურულ-მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი ავტორია რამდენიმე ლექსიკონისა და ენციკლოპედიისა. მისი შემოქმედების მწვერვალია „კალმასობა” (1824), რომელიც ლიტერატურული ნაწარმოებიც არის და ენციკლოპედიური თხზულებაც. ის შეიცავს ცნობებს თითქმის ყველა დარგიდან, მათ შორის, და არცთუ ცოტას, ფსიქოლოგიიდან. გარდა ამისა, ი. ბაგრატიონს ეკუთვნის მცირე ზომის წმინდა ფსიქოლოგიური ნარკვევი „ძალნი სულისანი”.


ი. ბაგრატიონი საუბრობს სულის რელიგიურ და მეტაფიზიკურ მნიშვნელობებზე, მაგრამ მკაფიოდ განმარტავს, რომ ასეთი ცოდნა მეცნიერების საზღვრებში არ მოიპოვება. ამდენად, იგი მიჯნავს მეტაფიზიკურ-რაციონალურ და ემპირიულ ფსიქოლოგიას. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს დადებითი მეცნიერული ცოდნის დარგი, ვინაიდან მეცნიერება მხოლოდ ბუნებრივ მოვლენებს შეისწავლის. ი. ბაგრატიონისთვის ფსიქიკური ცხოვრება თავისთავადაა მნიშვნელოვანი. ამ სინამდვილის ემპირიულად მოცემული თვისებები მისი ბუნებრივი განვითარების შედეგია. აქ ი. ბაგრატიონი ჯ. ლოკსა და ე. კონდილიაკს მიჰყვება. იგი კონდილიაკის ემპირისტულ-სენსუალისტური მოძღვრების დიდ გავლენას განიცდიდა და მისი „ლოგიკაც” თარგმნა. უფრო მეტიც, თავის ნაწარმოებებში იგი კონდილიაკის ტექსტებს ხშირად სიტყვა-სიტყვით იმეორებს.

შემეცნების მეთოდი „ემპირიული ანალიზია”. სულის მოვლენები ისევე უნდა შეისწავლებოდეს, როგორც ყველა სხვა ბუნებრივი საგანი თუ მოვლენა. ამაში იგულისხმება მათი დაშლა ელემენტებად და შემდგომში ახსნა ამ ელემენტების კავშირების საფუძველზე. ფსიქიკურის მთელი შინაარსი ასეთი ანალიზის შედეგად გამოვლინდება. ეს კი ელემენტარიზმის პრინციპია, რომელიც მატერიალისტური ემპირიული ფსიქოლოგიის დამახასიათებელი ნიშანია.

სენსუალისტური შეხედულების თანახმად, ფსიქიკის მთავარი ელემენტი შეგრძნებაა. სულის მთელი ცხოვრება შეგრძნებებიდან აღმოცენდება და მათი გარდაქმნის შედეგია. ფსიქიკური ფუნქციები, ანუ „ძალნი სულისანი” შეგრძნებებიდან წარმოიქმნება მათი სახეცვლილების საფუძველზე. თანამედროვე ენაზე ეს ფუნქციებია: ყურადღება, წარმოდგენა, წარმოსახვა, აზროვნება (შედარება, მსჯელობა, განსჯა, გონიერება ანუ დასკვნა), მეხსიერება. ი. ბაგრატიონის მიხედვით, ფსიქიკური სინამდვილის შემადგენელი პროცესები და შინაარსები (იდეები) ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად შეძენილი მოვლენებია. ეს დებულება ზუსტად შეესაბამება სენსუალისტურ-ემპირიულ ფსიქოლოგიას.

შეგრძნებათა სხვა ფსიქიკურ ფუნქციებში გარდაქმნის პროცესს მამოძრავებელი ძალა, მოქმედების საფუძველი ესაჭიროება. ასეთად მოთხოვნილებაა მიჩნეული. სულის ცხოვრების დინამიკის წყარო თვით სულში კი არ არის თანდაყოლილად ჩანერგილი, როგორც ამას ნიჭთა ფსიქოლოგია მიიჩნევდა, არამედ სულის ერთ-ერთი მოვლენის, კერძოდ მოთხოვნილების უნარიდან მომდინარეობს. ეს უნარიც შეგრძნებებიდან არის წარმოებული, ვინაიდან დანაკლისის განცდა (სურვილი) მგრძნობელობის განუყოფელი მხარეა. თუკი საჭირო საგნის დანაკლისით გამოწვეულ სურვილს მსჯელობაც ერთვის, ამ მდგომარეობას ნება ეწოდება. ნება, არსებითად, მხოლოდ მოთხოვნილების სახეობაა და არა მისგან განსხვავებული, დამოუკიდებელი საწყისი აქტივობისა. აქედან გამომდინარე, ნების თავისუფლებაზე საუბარი უსაფუძვლოა, ვინაიდან ნება ყოველთვის „საჭიროების” (დანაკლისის) გამოხატულებაა და, მაშასადამე, აუცილებლობაშია მოქცეული.

მთავარი ნაშრომები

ხუმარსწავლა (კალმასობა). თბილისი: „მერანი”. ტ.1-1990; ტ.2-1991.


იხილე აგრეთვე

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები