ცეცხლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცეცხლი

ცეცხლი

1. ჟანგვის ინტენსიური პროცესი, რომელსაც თან ახლავს გამოსხივება ხილულ დია-პაზონში, თბური ენერგიისა და კვამლის გამოყოფა;
2. მასალების სწრაფი ჟანგვა წვის ეგზოთერმულ ქიმიურ პროცესში, სითბოს, სინათლისა და რეაქციის სხვადასხვა პროდუქტების გამოყოფით;
3. გავარვარებული აირების ერთობლიობა (დაბალტემპერატურული პლაზმა), რომელიც გამოიყოფა წვადი მასალის თავისუფალი ან შეზღუდული გახურებისას გარკვეულ წერტილამდე (იგულისხმება მაგ., მერქანი და არა წვის რეაქციაში შესული კომპონენტები, მაგ., გოგირდი) დამჟანგავის არსებობისას; ან ქიმიური რეაქციის დროს (აფეთქება); ან გარემოში ელექტროდენის გავლისას (ელექტრორკალი, ელექტროშედუღება);
4. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის აღნიშვნა.

წვის რეაქცია განსაზღვრულ მომენტში (აალების წერტილი) წარმოქმნის ალს, რომელიც ცეც-ხლის ხილული ნაწილია. ალი, ძირითადად, შედგება ნახშირბადის ორჟანგის, წყლის ორთ-ქლის, ჟანგბადისა და აზოტისაგან. საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული აირი შეიძლება გახდეს იონიზირებული პლაზმის მიღების საფუძველი. იმის მიხედვით თუ რა ნივთიერება იწვის და რა მინარევებია მის ირგვლივ, ალის ფერი და ცეცხლის ინტენსივობა სხვადასხვაა. ალის ფერი წვადი ნივთიერებების მიხედვით შემდეგია: თეთრი (ალუმინი, ტიტანი), ყვითელი (ნატრიუმის მარილები), ცისფერი (ნახშირბადი, ბუნებრივი აირი), ლურჯი (სელენი), ნარინჯისფერი (მერქანი), წითელი (ლითიუმი, კალციუმი), მწვანე (სპილენძი, მოლიბდენი, ფოსფორი, ბარიუმი, სტიბიუმი), იისფერვარდისფერი (კალიუმი), ლურჯ-მწვანე (ბორი).

ცეცხლს უმეტეს შემთხვევაში თან სდევს არასასურველი მოვლენის – ხანძრის გაჩენა, რომელიც სტიქიური უბედურების მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება. ხანძრის ნეგატიური შედეგები მოიცავს ადამიანების სიცოცხლისა და ქონების მოსპობის საშიშროებას, ატმოსფეროს დანაგვიანებას, წყლის გაჭუჭყიანებასა და სხვ. თუ ხანძარი მიწის ზედაპირს აშიშვლებს დამცავი მცენარეულობისგან, მაშინ ძლიერმა ატმოსფერულმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის ეროზია. გარდა ამისა, როცა მცენარეები იწვის, მასში შემავალი აზოტი გამოიყოფა ატმოსფეროში, განსხვავებით კალიუმისა და ფოსფორისა, რომლებიც რჩება ნაცარში და ერევა ნიადაგში. აზოტის დაკარგვა კი იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების ხანგრძლივ კარგვას, რადგან აზოტის დაბრუნება ნიადაგში ხდება ატმოსფერული მოვლენის – ელვის მეშვეობით ან ხელოვნურად – ცერცვისებრი მცენარეების (მაგ., სამყურა) გაშენებით (დათესვით). აზოტის აღდგენის ამ მეთოდს კი საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ცეცხლის გაჩენისა და არსებობისათვის აუცილებელია სამი კომპონენტი: საწვავი (რომელიც იწვის), დამჟანგავი (რომელიც ინარჩუნებს წვის პროცესს, მაგ., ჟანგბადი, ფთორი, ქლორი) და ტემპერატურა.

ცეცხლი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა და გამოიყენება რიტუალური წესების შესასრულებლად, სოფლის მეურნეობაში ტერიტორიების გასასუფთავებლად, საჭმლის მოსამზადებლად, სითბოსა და სინათლის შესაქმნელად, კრემაციაში, ყოფაცხოვრებაში (მოძრაობა, სიგნალიზაცია, დნობა, ჭედვა, ნარჩენების დაწვა და ა.შ.), ლითონების მეტალურგიაში, სამხედრო საქმეში, ქიმიურ და სამშენებლო მრეწველობაში და სხვ. წყალთან, მიწასთან და ჰაერთან ერთად ცეცხლი ითვლება სამყაროს პირველსაწყისად.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები