ალუმინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალუმინი

ალუმინი – (ლათ. alūmen მწარე მარილი) ქიმიური ელემენტი. მოვერცხლისფრო-თეთრი, მსუბუქი, ქიმიურად აქტიური ლითონი.

სიმბოლო – Al;
ატომური ნომერი – 13;
სიმკვრივე – 2700 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 660,32°C;
დუღილის ტემპერატურა – 2470°C.

გამოირჩევა პლასტიკურობით, ჭედადობით, მაღალი ელექტრო და თბოგამტარობით, ადვილად იჟანგება და იფარება Al2O3-ის მკვრივი აფსკით, რაც განაპირობებს მის კოროზიამედეგობას. ალუმინის მტვერი (ფხვნილი) ფეთქებადსაშიშია, მტვრის ფეთქებადობის ქვედა ზღვარია 40-50 მგ/ლ.

ალუმინის სამზარეულო ჭურჭელი

ალუმინის მიღების თანამედროვე მეთოდი შემუშავებულ იქნა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად 1886 წელს ამერიკელი ჩარლზ მარტინ ჰოლისა და ფრანგი პოლ ლუი ტუსენ ერუს მიერ. ალუმინი ქმნის შენადნობს ლითონებთან, რომელთაგან ყველაზე ცნობილი შენადნობებია: მაგნიუმთან და სპილენძთან (დურალუმინი) და სილიციუმთან (სილუმინი). ბუნებაში გავრცელების მიხედვით პირველი ადგილი უჭირავს ლითონებს შორის და მე-3 ადგილი ელემენტებს შორის. ალუმინის შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს მისი მასის 7,45-8,14%-ს. ძირითადად გვხვდება სხვა ელემენტებთან ნაერთების სახით, როგორებიცაა: ბოქსიტი, ალუმინიტი, ნეფელინი, თიხამიწა, კორუნდი, მინდვრის შპატი, კაოლინიტი, ბერილი, ქრიზობერილი და სხვ. ალუმინი ადვილად რეაგირებს მარტივ ნივთიერებებთან – ჟანგბადთან, აზოტთან, ჰალოგენებთან, გოგირდთან, ნახშირბადთან; აგრეთვე რთულ ნივთიერებებთან – წყალთან, ტუტეებთან, მჟავებთან და სხვ.

1825 წელს დანიელმა ფიზიკოსმა ჰანს ქრისტიან ერსტედმა თიხამიწიდან მიიღო რამდენიმე მილიგრამი ალუმინი, ხოლო 1827 წ. ფრიდრიხ ვიოლერმა შეძლო ალუმინის ნაწილაკების გამოყოფა, რომლების ჰაერზე სწრაფად იფარებოდა ალუმინის ჟანგის თხელი აპკით; 1854 წ. ფრანგმა ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა ენრი ეტიენ სენტკლერ დევილიმ გამოიგონა ალუმინის სამრეწველო წარმოების პირველი ხერხი. ალუმინი გამოიყენება სხვადასხვა მალეგირებელ დანამატად ფოლადის წარმოებაში, მშენებლობაში, ქიმიური აპარატურისა და ტარის, ელექტროგამტარების, კონდენსატორების დასამზადებლად, ლითონების მისაღებად ელექტრო-თერმული მეთოდით და ალუმინოთერმიაში ლითონების შესადუღებლად, სარაკეტო საწვავად სარაკეტო ტექნიკაში, საყოფაცხოვრებო (სამზარეულო ჭურჭელი), მხატვრული და დეკორატიული ნაკეთობის დასამზადებლად, გემების, საავიაციო და საავტომობილო მრეწველობაში, ელექტროტექნიკაში, რადიო-ტექნიკაში, მეტალურგიასა და სხვ.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები