სინაგოგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სინაგოგა თბილისში

სინაგოგა - ებრაელ მორწმუნეთა სალოცავი სახლი პალესტინაში და პალესტინის ფარგლებს გარეთ. იგი არსებობდა და არსებობს ყველგან, სადაც კი ებრაელები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ. სინაგოგაში ასრულებენ ღვთის მსახურებას, კითხულობენ ბიბლიას, მართავენ რიტუალებს.

იერუსალიმის პირველი ტაძრის დანგრევის (ძვ. წ. 686) შემდეგ ღვთისმსახურება კარდინალურად იცვლება. რელიგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრად სინაგოგა იქცა. სინაგოგაში აუცილებლად უნდა იყოს სპეციალური სათავსო, რომელშიც თორის გრაგნილები ინახება, იგი ემიჯნება კედელს, რომელიც იერუსალიმისაკენ იყურება. დარბაზის ცენტრში არის ბიმი, ამაღლებული ადგილი მაგიდით თორის საკითხავად.

სინაგოგის ატრიბუტებია: მენორა – შვიდსანთლიანი შანდალი, რომელიც იერუსალიმის ტაძრის შანდლის სიმბოლოა, ლომისა და არწივის გამოსახულებიანი კიდობანი თორის გრაგნილით, ქვის დაფები ათი მცნების საწყისი სიტყვებით და დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი – მოგენდავიდი, რომელიც გადმოცემის თანახმად, მეფე დავითის ფარზე იყო აღბეჭდილი. რამდენადაც იუდაიზმში ღმერთს ხატება არ გააჩნია, საკრებულოში ღმერთისა და ასევე ადამიანის გამოსახვა აკრძალულია.

სინაგოგაში მსახურებისას ცენტრალურ ფიგურას რაბი (რაბინი) წარმოადგენს. სეფარადულ თემში კი ამ ფუნქციას ხახამი – რელიგიური ტრადიციის დიპლომირებული მცოდნე ასრულებს, რომელიც უფლებამოსილია დამოძღვროს კეჰილა, რელიგიურ სასამართლოში მიიღოს მონაწილეობა, ასწავლოს რელიგიურ სასწავლებელში. ორთოდოქსულ იუდაიზმში რაბინი მხოლოდ მამაკაცი შეიძლება იყოს, მაგრამ არაორთოდოქსულ ნაკადში ეს შესაძლებლობა ქალებსაც ეძლევათ.

სინაგოგაში ღვთისმსახურების დროს ლოცულობენ ერთად და ინდივიდუალურადაც, კითხულობენ თორას, გუნდი კანტორის ხელმძღვანელობით გალობს. შაბათობით და დღესასწაულებზე იკითხება წინასწარმეტყველებები. ორთოდოქსულ სინაგოგაში ქალების ადგილი გამოყოფილია ან ისინი იარუსზე სხედან. რეფორმირებულ სინაგოგაში ქალები და მამაკაცები ერთად სხდებიან. სინაგოგაში, როგორც წესი, სარიტუალო განბანისათვის (მიკვა) ცალკე ადგილია მიჩენილი.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • რელიგიები საქართველოში: [კრებული/რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები