აკენსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკენსები (accensi)- ადამიანთა დამატებითი კლასი. რომის სახელმწიფო მოწყობაში ეს ცნება პირველად ჩნდება სერვიუს ტულიუსის ეპოქაში და, სავარაუდოდ, აღნიშნავს დამატებით ჯარისკაცებს, რომლებიც მატერიალურად შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ვერ მიეღწიათ ბოლო, V კლასის ცენზისთვის.

აკენსებს, რადგანაც არ ჰქონდათ ცენზი, არ ჰქონდათ ხმის უფლება და არ ჰქონდათ სამხედრო ვალდებულება. მაგრამ მათ შორის იმათ, ვისი ქონებაც 11000 ასს აღწევდა, მისცეს ცენზი და ამ ცენზთან დაკავშირებული ვალდებულებებიც უნდა შეესრულებინათ. ისინი თავიანთი მდგომარეობით პროლეტარებზე მაღლა იდგნენ, მაგრამ ჩამოუვარდებოდნენ რორარიებს (მსუბუქად შეიარაღებული ჯარისკაცები), რომლებიც V კლასს მიეკუთვნებოდნენ. 1) მათი სამხედრო ვალდებულება ძალიან დაბალი იყო. მსუბუქად იყვნენ შეიარაღებული შურდულით და რკინის ქვებით.2) სამოქალაქო ცხოვრებაში აკენსუსი ჰყავდა ყველა კონსულს, როგორც დამატებითი პერსონა ან ლიქტორთა თანაშემწე. მას კონსული თვითონ ირჩევდა, როგორც წესი, თავისი ლიბერტუსებისაგან, თუკი მათ ჰქონდათ უფლება ესარგებლათ რომის მოქალაქის უფლებებით. აკენსები ჯამაგირს იღებდნენ ხაზინიდან, მაგრამ კონსულის სხვა მსახურთაგან განსხვავებით (აპარიტორები), არ ირიცხებოდნენ სახელმწიფო სამსახურში და მათგან განსხვავებით არ აყალიბებდნენ ამხანაგობებს. კონსულს, რომელიც არ ფლობდა ფასკებს, ძველი ტრადიციის მიხედვით წინ მიუძღოდა აკენსუსი, ხოლო ლიქტორები მის შემდეგ მოდიოდნენ. ამდენად, ყველა ის პირი, რომლებსაც უფლება ჰქონდათ ლიქტორებთან ერთად გადაადგილებულიყვნენ (კონსულები, პროკონსულები, დიქტატორი, დეცემვირი, პრეტორები, პროპრეტორები) ხალხში აკენსუსთან ერთად ჩნდებოდნენ. აკენსები კერძო პირებთანაც ხშირად გვხვდება, რამდენადაც მოგვიანებით მათაც მიეცათ უფლება ლიქტორების ყოლისა, მაგ., თამაშების მომწყობებს. იმისდა მიხედვით, თუ ვისთან მსახურობდა აკენსუსი, მისი ფუნქციებიც განსხვავებული იყო. კონსულთან იგი ხშირად ცვლიდა მაცნეს (praeco) ცენტურიის კრების მოსაწვევად. პრეტორი მისი საშუალებით აუწყებდა საზოგადოებას სასამართლო პროცესის გამართვის დროს და ა.შ.



წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები