არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:46, 25 თებერვალი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია - მდებარეობს ქსნის ხეობაში. აგებულია 864 წ. (საამშენებლო თარიღს ტაძრის ფასადზე არსებული ლაპიდარული წარწერა გვამცნობს). არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში გარდამავალი ხანის საინტერესო ნიმუშია. ოთხ ბოძზე დაყრდნობილი გუმბათი ექსტერიერში არ იკითხება, ის ორქანობა გადახურვაშია მოქცეული. ამგვარი მიმართება სივრცის შიდა დანაწევრებასა და გარე ფორმებს შორის სწორედ ამ პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებში ჩნდება. ტაძრის ინტერიერში მოხატულია მხოლოდ კანკელი, რომელიც მარტივი ფორმისაა, სივრცეში თაღოვანი ღიობითაა გახსნილი, ზედა კი სწორი ანტაბლემენტით სრულდება. აღმოსავლეთის კარის თავზე სამი ჭაბუკის თავის გამოსახულებაა. ფიგურებს არც შარავანდი და არც განმარტებითი წარწერები არ ახლავს, მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურაში წმინდა მეომართა გამოსახულებადაა მიჩნეული. ცენტრალური ფიგურა ტაძრის პატრონის - წმინდა გიორგის გამოსახულებას უნდა გულისხმობდეს.

ფრონტალურად წარმოდგენილი, გრაფიკულ-სიბრტყობრივად შესრულებული ეს გამოსახულებანი ქართული კედლის მხატვრობის საწყის ეტაპს მოწმობენ. გამომსახველობითი ხერხები ძალზე პრიმიტიულია - ლოკალური ტონი, სახის ნაკვთთა შემომსაზღვრელი მსხვილი კონტური, თუმცა ჭაბუკთა სახეები საკმაოდ ემოციურია. განსაკუთრებით ცოცხალ შთაბეჭდილებას ახდენს დიდი ზომის, ფართოდ გახელილი თვალები.

ე. გედევანიშვილი

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები