არქონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არქონი/არქონტი (άρχων)''' - სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის ...)
 
(წყარო)
ხაზი 25: ხაზი 25:
  
 
== წყარო ==  
 
== წყარო ==  
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე,  თბილისი,  
+
'''დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო''' (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე,  თბილისი,  
 
2012.
 
2012.
  

20:00, 26 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

არქონი/არქონტი (άρχων) - სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი. არქონებს ვხვდებით ცენტრალური საბერძნეთის უმეტეს სახელმწიფოებში, ათენში და იმ ბერძნულ პოლისებში, რომლებიც ათენის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.

თავდაპირველად ათენში სამი არქონი იყო - არქონ ბასილევსი, არქონ პოლემარქოსი და არქონ ეპონიმოსი. მედონტიდთა სამეფო გვარი პოლემარქოსისა და არქონ ეპონიმოსის თანამდებობათა შემოღების შემდეგაც (ესენი უმთავრესად არჩევითი თანამდებობები იყო) მემკვიდრეობის წესით ბასილევსის თანამდებობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებდა. მოგვიანებით, დაახლ. ძვ. წ. 750 წლისთვის დასახელებული სამი არქონის თანამდებობა ათწლიანი გახდა, ძვ. წ. 683 წ-დან კი მხოლოდ ერთწლიანი. ამასთან, მედონტიდთა უფლებებიც მთლიანად იქნა გაუქმებული. ამის შემდეგ ცოტა ხანში ექვსი თესმოთეტესის დამატებით არქონთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. არქონის თანამდებობა, რომელსაც ხალხი ირჩევდა, სახელმწიფოს მთავარი მოხელის თანამდებობას წარმოადგენდა. ცხრა არქონთაგან ყველაზე მთავარი არქონ ეპონიმოსი იყო, რადგან მისი მოვალეობათა სფერო ყველაზე ფართო სპექტრს მოიცავდა. ძვ. წ. VII და VI სს-ში, პისისტრატოსის ტირანიის დამყარებამდე, პოლიტიკური ბრძოლები უმთავრესად ამ თანამდებობების ირგვლივ წარიმართებოდა. პისისტრატოსმა დაადგინა, რომ არქონის პოსტი ერთ-ერთ მისიანს ან მის მემკვიდრეს უნდა სჭეროდა. სავარაუდოდ, არქონების წილის ყრით დანიშვნის მეთოდი ძვ. წ. 487 წ-ს შემოიღეს. თავდაპირველად მათ 500-თა ბულედან ირჩევდნენ, შემდეგ კი გადარჩეული ასი მაგისტრატისაგან. ამ პერიოდიდან მოყოლებული მათი პოლიტიკური მნიშვნელობა დასასრულს მიუახლოვდა. თუ ძვ. წ. 487 წ-მდე არქონები სოლონი, ჰიპიასი, თემისტოკლესი და არისტიდესი იყვნენ, ძვ. წ. 487 წ-ს შემდეგ არც ერთ გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს ეს თანამდებობა არ სჭერია.

ცხრა არქონი თესმოთეტესთა მდივანი - თითოეული თითო ფილედან აირჩეოდა. არქონის თანამდებობის დაკავება ორი უმაღლესი ქონებრივი ცენზის მქონე მოქალაქეთა კლასიდან იყო შესაძლებელი. ძვ. წ. 457 წ-ს არქონობა ძევგიტთა ფენისთვისაც დაუშვეს.

მსახურების ვადის ამოწურვისა და ევთინეს გავლის შემდეგ არქონები არეოპაგის წევრები ხდებოდნენ, რაც არქონის თანამდებობის მნიშვნელობას საგრძნობლად ზრდიდა.

სხვა საჯარო სამსახურების მსგავსად, არქონის თანამდებობა ფართო სპექტრის სასამართლო და აღმასრულებელ მოვალეობებს მოიცავდა. ადრეულ პერიოდში ცხრა არქონი სასამართლო საქმეებს თავიდან ბოლომდე თავად განიხილავდა (გამონაკლისი სიცოცხლის ხელყოფასა და სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებული საქმეები იყო). გაურკვეველია, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობდა არქონებსა და ჰელიაიას შორის ძვ. წ. VI ს-ში. განვითარებული დემოკრატიის პირობებში არქონებს ევალებოდათ, გადაეწყვიტათ, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ესა თუ ის საქმე სასამართლოსთვის წარედგინათ და თუ შეიძლებოდა, გაერკვიათ კონკრეტულად რომელ სასამართლოს უნდა განეხილა იგი. მათ ასევე ევალებოდათ მტკიცებულებათა შეკრება და პროცესზე თავმჯდომარის ფუნქციის აღსრულება (დიკასტერიონი).

არქონ/არქონტ ბასილევსი (άρχων βασιλύς) - არქონ ბასილევსს გარკვეულ რელიგიურ მოვალეობათა აღსრულება ეკისრებოდა. ამავდროულად იგი არეოპაგის სასამართლოს თავმჯდომარეც გახლდათ. კერძოდ, მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ლენეების და მისტერიების ჩატარებაზე, და, საზოგადოდ, ევალებოდა ადრინდელ მეფეთა რელიგიურ მოვალეობათა აღსრულება. მის კომპეტენციაში ასევე შედიოდა ამ დღესასწაულების მიმდინარეობის დროს წარმოქმნილ დავათა სასამართლო განხილვების ზედამხედველობა. არქონ ბასილევსი განიხილავდა ასევე იმ ბრალდებებს, რომლებიც არაღვთისმოშიშობასა და მკვლელობასთან დაკავშირებით იყვნენ წამოყენებულნი (მკვლელობასთან დაკავშირებული საქმეები მას ეხებოდა იმდენად, რამდენადაც ნათესაური სისხლის დამღვრელს განწმენდამდე წმინდა ადგილებში ყოფნა ეკრძალებოდა) (არქონი).

არქონ/არქონტ ეპონიმოსი (άρχων έπώνυμος) - ცხრა არქონთაგან მთავარი. ათენში წელიწადი სახელს არქონ ეპონიმოსის სახელის მიხედვით იღებდა. ძვ. წ. 683 წ-დან მოყოლებული ეპონიმოს არქონთა სია მუდმივად დგებოდა, თუმცა ტერმინი „ეპონიმოსი“ რომის იმპერიის ეპოქამდე ოფიციალურად არ გვხვდება. იგი სახელმწიფოს მთავარი მაგისტრატი იყო ძვ. წ. 487 წ-მდე და შემდგომშიც რჩებოდა სახელმწიფოს ნომინალურ მეთაურად. არქონ ეპონიმოსობა სამოქალაქო თანამდებობა გახლდათ და უმთავრესად საკუთრების დაცვასთან იყო დაკავშირებული. თანამდებობის დაკავების წინ არქონ ეპონიმოსი დებდა ფიცს, რომ წლის ბოლოს თითოეულს ის საკუთრება ექნებოდა, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა რაც იმას ნიშნავდა, რომ მას უნდა უზრუნველეყო მოქალაქეთა დაცვა როგორც უწესრიგობის, ისე მათ მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებებისგან. არქონის მოვალეობაში შედიოდა მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები და ოჯახის დაცვა (განსაკუთრებით ობლებისა და ეპიკლეროსების). არქონ ეპონიმოსი ზედამხედველობას უწევდა ცალკეულ რელიგიურ დღესასწაულებსაც, უმთავრესად ქალაქის დიონისიებს (არქონი).

არქონ/არქონტ პოლემარქოსი (άρχων πολέμαρχος) - ერთ-ერთი ცხრა არქონთაგან. არქონ პოლემარქოსი თავის მოვალეობას ერთი წლის მანძილზე ასრულებდა. მისი სახელწოდება ცხადყოფს, რომ პოლემარქოსის თავდაპირველი მოვალეობა ჯარის მთავარსარდლობა იყო. პოლემარქოსის თანამდებობა უმთავრესად იმიტომ შეიქმნა, რომ მეფისათვის ჯარის მთავარსარდლობა ჩამოერთმიათ. პოლემარქოსი კალიმაქოსი მარათონის ბრძოლისას ათენელთა წინამძღოლი უნდა ყოფილიყო (თუმცა ჰეროდოტეს გადმოცემა (ჰეროდოტე, VI) არის ბუნდოვანი და სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებული). მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 487/6 წ-დან მოყოლებული ამა თუ იმ პირის არქონ პოლემარქოსად დანიშვნა წილის ყრით დაიწყეს, ჯარის მთავარსარდლობა სტრატეგოსებს გადასცეს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პოლემარქოსად დანიშნული ადამიანი კომპეტენტური სამხედრო ხელმძღვანელი ვერ იქნებოდა (არჩევნები კენჭისყრით).

პოლემარქოსის სხვა ფუნქციები უმთავრესად რელიგიურ და სამართლებრივ სფეროებს მოიცავდა. იგი წარმართავდა მსხვერპლშეწირვის ცალკეულ რიტუალებს და ხელმძღვანელობდა ომში მოკლულთა სამგლოვიარო პროცესიას. მას არამოქალაქეთა სასამართლო საქმეები ეხებოდა: ერთი ჯგუფის საქმეთა განხილვის დროს იგი სასამართლო პროცესზე პასუხისმგებელი მაგისტრატი იყო, სხვა საქმეთა შემთხვევაში მას არბიტრაჟსა და თავდებასთან დაკავშირებული ფუნქციები ეკისრებოდა.





წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები