ბერთა რესპუბლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათონის მთის ივერთა მონასტერი

ბერთა რესპუბლიკა - 680 წლიდან იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის ბრძანებით, ათონის მთა ბერთა რესპუბლიკადაა გამოცხადებული.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ათონი საბერძნეთის შემადგენლობაში შევიდა. ამიტომ ათონის ავტონომიურ სამონასტრო რესპუბლიკაში შეღწევა შეიძლება მხოლოდ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო ნებართვით, სადაც ცხოვრების წესი დღესაც განისაზღვრება ბიზანტიელ იმპერატორთა დეკრეტებით. ათონის რესპუბლიკის ყველა დოკუმენტზე, მათ შორის მთის სტუმართათვის განკუთვნილ მეგზურებზე გამოსახულია ბიზანტიის იმპერიის სიმბოლო - ორთავიანი არწივი, მეგზურში ჩამოთვლილია ყოველივე ის, რაც იკრძალება ათონური რეგლამენტით. აქ აკრძალულია სიმღერა, მუსიკალური ინსტრუმენტები, ტრანზისტორები, მაგნიტოფონები და კინოკამერები.

ათონზე და მის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება მხოლოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე ოცი წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს ოთხ წევრსა და კრების თავმჯდომარეს - პროტოსს, რომლის ადგილსამყოფელიც ქალაქი კარიესია. ეს ერთადერთი ქალაქია დედამიწის ზურგზე, რომლის ქუჩებში რამდენიც არ უნდა იაროთ, ვერ შეხვდებით ქალს, ვერ გაიგებთ ბავშვების ჟრიამულს, ხმამაღალ ლაპარაკსა და სიცილს. როგორც ამბობენ, ესაა დედაქალაქი ქვეყნისა, სადაც სიცოცხლე გრძელდება ადამიანთა დაბადების გარეშე, რომლის მოსახლეობის უმთავრესი საქმიანობა არის ლოცვა.

კარიესის ადმინისტრაციულ ცხრაკლიტულებში ინახება მთის ცხოვრების უფლებისა და შეუვალობის დამადასტურებელი ისტორიული დოკუმენტები. ათონზე სასტიკად აკრძალულია რომელიმე სხვა აღმსარებლობის პირთა დამკვიდრება, გარდა მართლმადიდებელი ქრისტიანებისა. მთაზე დამკვიდრების ნება ენიჭება ყველა ერის მართლმადიდებელ წარმომადგენელს, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი იმავდროულად მიიღებს საბერძნეთის მოქალაქეობას.

ათონის მთის ქართულ ხელნაწერთა მოკლე აღწერილობა პირველად შეადგინა პროფესორმა ალ. ცაგარელმა გასული საუკუნის 80-იან წლებში. 1978 წელს ქართველმა მაყურებელმა იხილა ტელეფილმი - „ათონის მატიანე.“ 1981 წელს ჩამოიტანეს ათონის ქართული კოლექციის ყველა ხელნაწერთა მიკროფილმი.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები