კოჭობი სახუცო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოჭობი სახუცო

კოჭობი სახუცო - ლუდის სასმისი, ვერცხლის სარიტუალო თასი, რომელსაც შებმული აქვს ხალხისგან შეწირული სხვადასხვა სამკაული: მონეტები, ყაწიმები, შიბები-ძეწკვები და სხვა. სახუცო კოჭობი წმინდა ჭურჭელია და სასმელი ჭურჭლებიდან მხოლოდ იმითაა ნებადართული კოდიდან ლუდის ამოღება. თუ ადამიანი ცოდვილია, თავის თავს ვერ მისცემს ნებას სახუცო კოჭობიდან ლუდი დალიოს.

არის წესი, როცა განსაკუთრებული კრძალვის ნიშნად კოჭობს მიწაზე დადებენ და მუხლებზე დამდგარნი ლუდს დახტუნებით დალევენ. ამ ჭურჭლის საკრალურ დანიშნულებას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მას წელიწადში ერთხელ გამოაბრძანებენ, რასაც ხალხი მუხლმოდრეკით შეხვდება. ეს თასი თავისი სიმბოლური არსით ზეციური წარმოშობისაა და ციდანაა ჩამოსული, ღვთისშვილთა ნიშანს წარმოადგენს და მისგან აღმოცენდება ჯვარხატი. „ეს ცით მოსული ხატი“ (ანუ ჯვრის ნიშანი), რომელიც ეკვრის სახუცო კოჭობის კიდეს, მტრედის სახით ეცხადება საყმოს. თასს განსაკუთრებული ძალა ენიჭება ხევისბერის ხელში, ხოლო მასზე მიკრული სამკაულები დიდიპატივისცემის ნიშანია. სახუცო კოჭობიდან თემის წევრები მოსვამენ ლუდს, რითაც სიმბოლურადაა გამოხატული თემის ერთიანობის იდეა.

ლიტერატურა

ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ III, 2007. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები