ჩიხურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩიხურა – პატარა მთის მდინარეა საქართველოში ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩამოუდის დაბა საჩხერეს, სოფელ სხვიტორს და მიერთვის ყვირილას მარჯვენა მხრიდან.

საჩხერის რაიონშივე არის სოფელი ჩიხა, რომლის სახელწოდებისაგანაც წარმომდგარა ჰიდრონიმი ჩიხურა (მდრ. ლაშე – ლაშურა, ჯრუჭი – ჯრუჭულა, ნუნისი – ნუნისურა, საირხე – საირხულა, ნავანები – ნავანებურა, კვერეთი – კვერეთულა და სხვ.) ჩიხურის ნაპირებთან გაატარა აკაკი წერეთელმა თავისი სიყმაწვილის დაუვიწყარი წლები. ამიტომაც იგონებდა პოეტი ასეთი სიყვარულით მდინარე ჩიხურას: „წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს – ჩიხურას ვაძლევ: ეს იყო საკუთარი ჩემი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე“.

სახელწოდება ჩიხურას ძირია ჩიხი, ჩიხ-ა დაკავშირებული უნდა იყოს მცენარე ლელის დიალექტურ ფორმასთან. ლელის ეს სახელწოდება, მართალია, დღეს მხოლოდ კახურ კილოში არის შემონახული, მაგრამ საფიქრებელია, თავის დროზე იგი იმერულშიც გვქონოდა. ამას ისიც გვაფიქრებინებს, რომ ზემო იმერეთის ტოპონიმიაში (სოფ. ლეღვანი) დადასტურებულია ადგილის სახელად ჩიხ-ნარ-ი, აგრეთვე ჩიხნარის ღელე და ჩიხნარის წყარო,” -ნარ- სუფიქსი კი, ჩვეულებრივ, მცენარეთა სახელებისაგან წარმოქმნილ ტოპონიმებში იჩენს თავს (ვაშლ-ნარ-ი, თხილ-ნარ-ი, მუხ-ნარ-ი, წაბლ-ნარ-ი, ტყემლ-ნარ-ი, ანწლ-ნარ-ი…). მაშასადამე, ჩი-ხურა უნდა გავიგოთ, როგორც „ლელიანი ადგილი“, „გუბე-ტბორებიანი ადგილები, სადაც ლელი (ტბის ჩალა) ხარობს“ ან ხარობდა უწინ.

გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ზემოიმერულ დიალექტში არსებული სიტყვა ჩიხი, რაც ნიშნავს: „ფარეხი“, იგივე „ქართა“. შესაძლებელია ამ შემთხვევაში ჩინი/ა გავიგოთ როგორც „მთებით შემოზღუდული, დაცული ადგილი“, „ბუნებრივი საჩეხი, ქართასავით შემოკავებული ადგილი“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები