ძევერას წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:43, 12 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძევერას წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირას მდებარე სოფელ ძევერას ცენტრში. თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია მოგვიანებით შეუკეთებიათ: აუმაღლებიათ იატაკი, ლავგარდანისათვის დაუმატებიათ აგურის რამდენიმე რიგი.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9,7 X 6,2 მ) ნაგებია მომცრო რიყის ქვით, (წყობა ირეგულარულია), კუთხეები, სარკმლები, შესასვლელები, პილასტრები, საბჯენი თაღები და ლავგარდანი - ღვინისფერი ტუფის მოზრდილი კვადრებით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით. ორივე გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით განიერი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი ამაღლებულია ერთი საფეხურით. ორი თაღოვანი სარკმელი სამხრეთ კედელშია. დარბაზის გრძივი კედლები წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. დასავლეთის კედელთან გამოყოფილია კუთხის პილასტრები. პილასტრები და აფსიდის მხრები დამთავრებულია თარო-იმპოსტით, რომელსაც ეყრდნობა ნატეხი ქვით გამოყვანილი კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის თავსართი შედგენილია ქვაში ჩაკვეთილი გადანაკეცის მქონე ორი წვრილი ხაზისაგან. თავსართის თაღის წვეროში ჩასმულ მედალიონში ამოკვეთილია ტოლმკლავებიანი ჯვარი. მის ორივე მხარეს როზეტებიანი მედალიონებია. სამხრეთ ფასადის ორივე სარკმლის თავსართზე გამოსახულია წრეში ჩასმული ჯვრები. ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდანით (შემორჩენილია გრძივ კედლებზე). სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები